Accessibility links

logo-print

დიპლომატიური მცდელობები პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობის ჩასაწყნარებლად


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა მაშინ როცა პაკისტანისა და ინდოეთის საზღვარზე თავმოყრილია ერთი მილიონი ჯარისკაცი,

ხოლო ორივე ქვეყნის არსენალში ბირთვული იარაღი მომპოვება, ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერები გაემგზავრნენ ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმა-ათაში, სადაც პირველად იხილავენ ერთმანეთს იანვრის შემდეგ. იანვარში ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ხელის ჩამორთმევის შემდეგ მათ ერთმანეთს ზურგი შეაქციეს.

ახლა მსოფლიო ალმათის კონფერენციაზე ამყარებეს დიდ იმედებს.

პაკისტანის პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაი ქაშმირის კრიზისის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გეგმავდნენ ალამა-ათაში აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 16 ქვეყნის თავშეყრაზე დასწრებას.

კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვაჯპაისა და მუშარაფთან ცალ-ცალკე შეხვედრას გეგმავს და მათი პირისპირ შეხვედრის მოწყობას შეეცდება. მაგრამ მაშინ, როცა მუშარაფი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ვაჯპაის “ნებისიმერ დროს და ნებისმიერ ადგილას”, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ასეთ მზადყოფნას არ იჩენს. ის მოითხოვს, რომ შეხვედრამდე პაკისტანმა აღკვეთოს ისლამისტი ექსტრემიტების საქმიანობა ქაშმირში.

“ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას დავსხდეთ და ვისაუბროთ, როცა იქ ლამისაა ომი მიმდინარეობს და ჩვენი მოქალაქეები იღუპებიანო,“ თქვა მან.

მუშარაფმა კი განაცხადა პაკისტანი ომის დაწყებას და, მით უმეტეს ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებსო. უიკენდზე CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: “არ მგონია რომელიმე მხარე იმდენად უპასუხისმგებლო იყოს, რომ მიმართოს მას. მეტიც, ამ თემაზე დისკუსიაც კი დაუშვებელია, ჭკუათმყოფელი ადამიანი არც კი იფიქრებს ასეთი არაკონვენციული ომის დაწყებასო”.

მაშინ, როცა პაკისტანის ლიდერი ცდილობს დიპლომატიური გზით დაიყოლიოს ინდოეთი მოაპარაკებებზე, ვაჯპაიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მოიპოვა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მხარდაჭერა ქაშმირის საკითხში. “ჩვენ ერთნაირი აზრისა ვართ იმის თაობაზე, როგორი გზით უნდა გადაიჭოას ტერორიზმის კრიზისი”, თქვა მან, თუმცა არ დაუზუსტებია რა ზომებზეა ლაპარაკი. აღნიშნა მხოლოდ, რომ “არ შეიძლება ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის წაქეზება.”

ნაზარბაევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კრიზისის მოგვარებაში ქულების დაგროვებას სწორედ ახლა, როცა მას ოპოზიციის წინააღმდეგ გალაშქრებაში აკრიტიკებენ.

რაც შეეხება პუტინს, თუ ის მოახერხებს ვაჯპაისა და მუშარაფს შორის მოლაპარაკებების მოწყობას, ამით ის მსოფლიო ასპარეზზე რუსეთის პრესტიჟს აამაღლებს.

მაგრამ ყაზახეთში პაკისტანისა და ინდოეთის ლიდერების შეხვედრა საეჭვოა და ისლამაბადში უკვე გაისმა რამდენიმე კომენტატორის აზრი, რომ იმედებს უფრო შეერთებული შტატების შუამავლობა იძლევა.
როგორც ერთ-ერთმა პაკისტანელმა ექსპერტმა აღნიშნა, “ორივე მხარე უფრო ამერიკელებს მიუგდებს ყურს, ვიდრე ვინმე სხვას. ამ კრიზისს ერთი საერთო მნიშვნელი აქვს – ორივე ქვეყანას შეერთებულ შტატებთან დაახლოება უნდაო”, დასძინა მან.
XS
SM
MD
LG