Accessibility links

logo-print

ახალი ფაქტები 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა სამ ივნისს, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა,







რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 2000 წლის იანვარში აცნობა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომ 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა შეხვედრას ესწრებოდა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, და თან ამერიკაში შესასვლელი ერთობ საეჭვო ვიზა ჰქონდა მიღებული.


ეს ცნობა ეწინააღმდეგება გამოძიების ფედერალური ბიუროს მესვეურთა მიერ არაერთგზის გაკეთებულ განაცხადებას იმის შესახებ, რომ ხალიდ ალმიჰდარის შესახებ ამ უწყებას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული 2001 წლის 23 აგვისტომდე, როცა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გასცა განკარგულება, რომ ალმიჰდარი და 11 სექტემბრის თავდასხმაში მონაწილე მეორე ტერორისტი ნავაფ ალჰაზმი – დაუყოვნებლივ დაეკავებინათ შეერთებული შტატების საზღვარზე.

სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა აგრეთვე, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს 2000 წლის მარტში აცნობეს უცხოელმა კოლეგებმა, რომ ალჰაზმი, რომელიც ასევე ესწრებოდა ტერორიზმში ეჭვიტანილთა შეხვედრას კუალა ლუმპურში, შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ადრე, ხელისუფალნი აცხადებდნენ, რომ 2001 წლის აგვისტომდე, ვიდრე საიმიგრაციო სამსახურისაგან მიიღებდა შეტყობინებას, ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ არ იცოდა, რომ ალჰაზმი ამერიკაში იმყოფებოდა.

ამდენად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და გამოძიების ფედერალური ბიურო ერთი მეორეს ადანაშაულებენ იმაში, რომ დროული ზომები არ იქნა მიღებული 11 სექტემბრის ტერაქტების თავიდან ასაცილებლად. ”გასარკვევი ის კი არაა, ვინ რა შეიტყო და როდის,მთავარი ისაა, რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები როგორც ერთი, ასევე მეორე სადაზვერვო უწყების თანამშრომლებმა. შეცდომა იქნა დაშვებული რაღა თქმა უნდა, როცა მათ ვერ გაიცნობიერეს თავდაპირველად მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობა. ხოლო ბოლოს, როცა გაიცნობიერეს ეს, მათ არაფერი მოუმოქმედებიათ”-განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კონტრტერორისტული განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა ვინსენტ კანისტრარომ.

ამერიკის კონგრესში სულ მალე დაიწყება მოსმენები იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ შესძლეს ქვეყნის სადაზვერვო უწყებებმა 11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება, მით უმეტეს, როცა ინფორმაცია ტერორისტთა მზადების შესახებ როგორც ცენტრალურ სადაზვერ სამმართველოს, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროს, თავის დროზე ჰქონდა მიღებული.
XS
SM
MD
LG