Accessibility links

logo-print

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პირველი შედეგები


წინასაარჩევნო პერიოდში განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განსაკუთრებული შეტევის ობიექტად იქცა.

მას კორუფციასა და განათლების სისტემაში რეფორმის დამუხრუჭებას აბრალებდნენ. კარტოზიას არც წინასაარჩევნო კამპანიისას დაუხევია უკან და პოლიტიკური დებატებითაც კი სცადა საკუთარი პოზიციის დაცვა. 4 ივნისს კი რეფორმის პირველი შედეგები გამოაქვეყნა.

4 ივნისს საქართველოს სკოლების მეთერთმეტე კლსებში სახელმწიფო გამოცდები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო. 5 ივნისიდან გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მეცხრე კლასებსაც. აქ თითქოს უჩვეულო არც არაფერია, თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ თავად გამოცდის მეთოდია საქართველოსათვის უჩვეულო. წელს გამოცდები ტესტირების მეთოდით გაიმართება. ეს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. გამოცდების ამგვარად ჩატარების სისტემამ აპრობაცია შარშან გაიარა. მსგავსი სისტემა მოწონებულია უცხოელი ექსპერტების მიერ და, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

თუ რით განსხვავდება ტესტებით გამოცდების ჩატარების მექანიზმი ადრე არსებულისაგან, ამაზე პასუხი განათლების მინისტრმა ალექსანდრე კარტოზიამ 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გასცა.

[კარტოზიას ხმა] „სკოლებს უფასოდ დაეგზავნათ ტესტის ნიმუში და შეფასების სქემა. შეფასების სქემა არის უნიფიცირებული, ერთნაირია და მასწავლებლის სუბიექტურ ფაქტორზე აღარ არის დამოკიდებული ის, თუ როგორ გასწორდება ნამუშევარი და როგორ შეფასებას დაიმსახურებს მოსწავლე.“

მიუხედავად ამისა, წელს საჭირო მინიმალური ქულების ოდენობა ძალზედ დაბალია: მოსწავლეებმა გამოცდების დასაძლევად 100-დან 30 ქულა უნდა მოაგროვონ. მომავალ წლებში კი ეს მინიმალური ზღვარი თანდათან გაიზრდება.

ტესტირების სხვა უპირატესობად ექსპერტებს ისიც მიაჩნიათ, რომ მოსწავლეს თავისი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ეძლევა. შარშანდელი აპრობაციის შემდეგ ტესტი ფსიქომეტრიის გამოყენებით და მოსწავლე-მასწავლებელთა შენიშვნების გათვალისწინებით შემუშავდა. ძველი სისტემის დროს აბიტურიენტს შეიძლება მხოლოდ ერთი საპროგრამო თემა არ სცოდნოდა და გამოცდაზე სწორედ ის თემა შეხვედროდა. ახალი სისტემა ასეთ შემთხვევებს გამორიცხავს.

ტესტი ამოწმებს მოსწავლის ინფორმატიულობას, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარს და ასე შემდეგ. ერთი და იმავე კრიტერიუმებით შეფასება კი ყველა აბიტურიენტს თანაბარ პირობებში აყენებს.

[კარტოზიას ხმა] „აი, ეს ახალი საგამოცდო სისტემა არის ნაწილი იმ პროგრამისა, რომლის მიზანი არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს სკოლებში. ეს არის მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი გზის ერთი ნაწილი გახლავთ ახალი საგამოცდო სისტემის დანერგვა.“

ალექსანდრე კარტოზია განათლების სისტემის რეფორმირების ამ ერთ დეტალს საზოგადოებას, ეტყობა, იმ იმედით აცნობს, რომ ამით წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისთვის მიწებებულ კორუმპირებული და ანტირეფორმატორი მინისტრის იარლიყს ჩამოიშორებს.
XS
SM
MD
LG