Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუქმდება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, საქართველოში პარადოქსული ვითარება შეიქმნა.

გამარჯვებული პარტიების ერთი ნაწილი, არჩევნებისას მომხდარი დარღვევების გათვალისწინებით, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგი არ გამოუქვეყნებია, 4 პროცენტგადალახული პარტიების ერთი ჯგუფი კი არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ორი კვირის ვადაში ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. 4 ივნისს განახლებულ სესიაზე არჩევნების მიმდინარეობა, მთლიანობაში, პარლამენტარებმა ასე შეაფასეს:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.”

უფრო რბილია შეფასება საქართველოს პრეზიდენტისა, რომელმაც ორშაბათის ტრადიციული რადიოინტერვიუც კი გადადო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე. უკვე 4 ივნისს პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ, მთლიანობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა, რომ მისი გადაწყვეტილება, არ გაეზიარებინა რიგი პარტიების მოთხოვნა არჩევნების გადადების თობაზე, სწორი გახლდათ, რომ არჩევნებისას მომხდარ დარღვევებზე პასუხისმგებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკისრება. რაც შეეხება არჩევნებისას დაფიქსირებულ დარღვევებს:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გაყალბების მცდელობაში ზოგიერთი იმ პარტიის წარმომადგენელი იყო შემჩნეული, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობს ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით.”

იმ ჯერაც დაუდგენელი პირის საქმის გამოძიებაზე საზედამხედველოდ, ვინც ბიულეტენების გატაცებით რუსთავში არჩევნები ჩაშალა, პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის და, საქმის ობიექტურად გამოსაძიებლად, მოითხოვს, ის გენერალურ პროკურატურას გადაეცეს. გარდა ამისა, პარლამენტარი გიორგი ბარამიძე მოითხოვს, რომ, არჩევნებზე მომხდარი გაუგონარი დარღვევების გამო, გაუქმდეს არჩევნების შედეგები იმ პირობით, რომ ახალი არჩევნები ორი კვირის ვადაში დაინიშნება.
არჩევნების შედეგების რეალურობა აეჭვებს სოციალისტურ პარტიასაც, რომლის წევრის - პარლამენტარ ზაქრო ქუცნაშვილის - განმარტებით, საარჩევნო უბნებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. არჩევნების შედეგს აპროტესტებს მოქალაქეთა კავშირიც, რომლის ლიდერს, გელა კვარაცხელიას, არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა აეჭვებს.
ერთადერთი პარტია, რომელიც საკმაოდ მშვიდად შეხვდა მარცხს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ტრადიციონალისტთა კავშირი გახლავთ, რომლის ლიდერის, აკაკი ასათიანის, განცხადებით:
[აკაკი ასათიანის ხმა] “ თუ გვინდოდა წესიერი არჩევნები, ჩვენ თვითონ უნდა შეგვექმნა ამის წინაპირობები, მაგრამ ჩვენ თვითონ არ გვინდოდა ეს. ამ პარლამენტის დიდ ნაწილს არ უნდოდა, არჩევნები წესიერად ჩატარებულიყო.”
XS
SM
MD
LG