Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო კონფერენცია ალმა-ატაში


ანდრო ეული, პრაღა რეგიონულ კონფერენციაზე სამშაბათს ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში, ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებმა ერთი მეორე დაადანაშაულეს იმაში, რომ ქაშმირის გამო,

ბირთვული იარაღის მქონე ეს ორი ქვეყანა დღეს ომის ზღვარზეა მისული.

მიმართა რა ფორუმის მონაწილეებს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა: [ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] ”აზიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ამჯერად, იმ მოვლენების ფონზე, უკანასკნელ დროს რომ მოხდა ავღანეთსა და ამ მრავალტანჯული ქვეყნის მეზობლად. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აზიის ყველა სახელმწიფომ გლობალურ ბოროტებად აღიარა ერთხმად საერთაშორისო ტერორიზმი”. ნს 060424

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სურს ომი, მაგრამ თუ კონფლიქტი მაინც დაიწყება, ჩვენ შევძლებთ თავის დაცვასო. ”სამხრეთ აზიელ ხალხს კვლავაც ვეებერთელა საზღაურის გადახდა უხდება იმის გამო, რომ ინდოეთი უარს ამბობს ქაშმირის თაობაზე არსებული უთანხმოების მოგვარებაზე გაეროს რეზოლუციებისა და ქაშმირელი ხალხის ნება-სურვილის შესაბამისად”-დასძინა ფერვეზ მუშარაფმა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ, რომელიც ხუთიოდ მეტრის მოშორებით იჯდა მუშარაფის პირისპირ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ალმა-ატაში, ბირთვულ შანტაჟში დადანაშაულა პაკისტანი და უარყო მუშარაფის დაპირება, რომ ტერორისტები ვეღარ შესძლებენ მომავალი თავდასხმებისათვის პაკისტანის ტერიტორიის გამოყენებას. მუშარაფსა და ვაჯპაის ცალცალკე შეხვედრები ჰქონდათ ალმა-ატაში რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთანა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ძიან ცზემინთან.

მიმართა რა ფორუმის მონაწილეებს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: [ვლადიმირ პუტინის ხმა] ”აზიის რეგიონში დღეს მრავალი საფრთხე არსებობს, ტერორიზმი, ექსტრემიზმის აღზევება, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, საზღვრების უკანონო დარღვევა და ნარკობიზნესი. რუსეთმა იმთავითვე გამოთქვა შეშფოთება ყოველივე ამის, და უწინარესად საერთაშორისო ტერორიზმის გამო, რომელსაც, და ეს საგანგებოდ უნდა იქნეს აღნიშნული, არაფერი აქვს საერთო კონკრეტულ რელიგიას, ეროვნებასა თუ ტერიტორიასთან”. ნს 060426

ვლადიმირ პუტინი კმაყოფილი დარჩა ვაჯპაისთან და მუშარაფთან გამართული მოლაპარაკებით და აღნიშნა, რომ ორივე ამ ლიდერის გამოსვლებში დიალოგისათვის მზადყოფნა შეიმჩნევაო. ძიან ცზემინმა თავის მხრივ მოუწოდა რეგიონულ კონფლიქტებში დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დაუყოვნებლივ ” მათ შორის არსებული ყველა უთანხმოება”.

სამხრეთ აზიაში ბირთვული ომის მოსალოდნელ საფრთხეს შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა. ამ კვირის ბოლოს, რეგიონს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ეწვევა. ხოლო მანამდე ინდოეთისა და პაკისტანის ლიდერებთან სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჟი გამართავს მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG