Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ქვეყნები საიმიგრაციო პოლტიკას ამკაცრებენ


დიდმა ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. გასულ კვირაში ლონდონმა გამოაცხადა,

რომ ახალი წესები მიმართული იქნება იმ იმიგრანტთა მიმართ, რომლებიც ე.წ. ”უხიფათო ქვეყნების” გავლით მოხვდებიან ბრიტანეთში. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ხელისუფლებას რამდენიმე დღეში შეეძლება არალეგალური იმიგრანტების უკან გაბრუნება.

ამ ცნობამ განსაკუთრებით შეაწუხა ბიტანეთის მეზობელი საფრანგეთი, საიდანაც ხვდება ბრიტანეთში იმიგრანტთა უდიდესი ნაწილი. ბრიტანელები დიდი ხანია მოითხოვდნენ სარფანგეთის ჩრდილოეთში, კალეს მახლობლად, სანგატში მდებარე ლტოლვილთა ცენტრის დახურვას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელ ხანებში, ვინაიდან მიმდინარე წელს არალეგალურ იმიგრანტთა რიცხვმა მკეთრად იმატა.

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას აპირებენ ევროპის კავშირის სხვა ქვეყნებიც. მაგალითად, დანია, რომელიც აქამდე ამ საკითხში ლიბერალური მიდგომით გამოირჩეოდა. მკაცრ კურსს ადგას იტალიაც.

ევროპის კავშირის უმეტესი ქვეყნების საზღვრები რომ ჩაკეტილია, გასაგებია. ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ავიაკომპანიები ხშირად ატარებენ ხოლმე ყალბი ან არასრულყოფილი საბუთების მქონე პირებს. გასულ კვირაში რომში გამართულ კონფერენციაზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიანო რახოიმ წინადადება წამოაყენა, ევროპის კავშირის მასშტაბით შეიქმნას ერთობლივი სასაზღვრო ჯარები. რომის შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს შეისწავლიან. მაგრამ როგორც ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა ანტონიო ვიტორინომ განაცხადა, ერთობლივი ჯარების შექმნა დაახლოებით ხუთი წლის საქმეა.

არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ევროპელთა გააქტიურებას მრავლად ჰყავს კრიტიკოსებიც. მაგალითად, ბრიუსელის ”ევროპის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის” თანამშრომელმა ჯოანა აპაპმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ამგვარი პოლიტიკის შედეგად თავშესაფრის მაძიებლები კიდევ უფრო მეტად ჩაუვარდებიან ხელში ტრეფიკინგით დაკავებულ ბანდებს.

ევროპას, რომლის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო ასაკოვანი ხდება, აუცილებლად სჭირდება იმიგრანტები. მაგრამ, მისივე თქმით, დღეს, როცა დასავლეთი ევროპის რიგ ქვეყნებში მემარჯვენე რადიკალური ტენდენციები მატულობს, არ არის იმიგრაციის შესახებ დისკუსიის წამოწყებისთვის შესაფერი დრო.

[აპაპის ხმა] ”დღესდღეობით უფრო ლმობიერი პოლიტიკის ნაცვლად საზოგადოებრივი აზრი, სამწუხაროდ, უფრო რეპრესიული ზომებისკენ იხრება. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ლეგალურ იმიგრაციაზე დისკუსიის წამოწყებას”, – განაცხადა აპაპმა.
XS
SM
MD
LG