Accessibility links

logo-print

რა ბედი ელის საგადასახადო კოდექსის ახალ პროექტს


საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი, რომელზეც ამჟამად ექსპერტთა 6-კაციანი ჯგუფი მუშაობს, მთავრობას განსახილველად, წესით, 10 ივნისს უნდა გადაეცეს.

3 წიგნად შეკრული პროექტი მეწარმეს ამჟამად მოქმედი ოცდაერთი სახის გადასახადის ოთხამდე დაყვანას ჰპირდება. ამასთან, ახალი კოდექსის მიერ აღიარებული გადასახადების მიხედვით, მეწარმეს გადასახდელი თანხის ოდენობა თითქმის გაუნახევრდება.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ საგადასახადო კოდექსის ახალი ვარიანტი (რომელსაც ამჟამად მოქმედთან, სახელის გარდა, თურმე სხვა არაფერი აქვს საერთო) თანაბრად მისაღები იქნება როგორც თითოეული მეწარმისთვის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი გადასახადების რაოდენობისა და მასშტაბების შემცირებას ითვალისწინებს, წინასწარი პროგნოზით, ეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს არათუ შეამცირებს, არამედ ორჯერ გაზრდის. ამასთან, გადამხდელს კოდექსი მარტივად და გარკვევით აუხსნის, თუ რა, რამდენი და რატომ უნდა გადაიხადოს.

“ის კითხვის ნიშნებსა და გაუგებარ ნიშებს არ დატოვებს. რაც შეეხება გადასახადების დამალვის ტენდენციას, შემცირებული პარამეტრებისა და გამკაცრებული საჯარიმო სანქციების ფონზე, ამას, უბრალოდ, აზრი დაეკარგება,” – აცხადებს პროექტზე მომუშავე 6-კაციანი ჯგუფის წევრი, აუდიტორი ირაკლი შავიშვილი. აქვე მოგახსენებთ, რომ ხსენებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, კარგად ცნობილი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.

საგულისხმოა, რომ პროექტის დამუშავების იდეას (რომელიც “მრეწველთა” წიაღში დაიბადა) თავდაპირველად 60-მდე სპეციალისტი გამოეხმაურა და დიდი ენთუზიაზმიც გამოხატა, მაგრამ, საბოლოოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ზღვა სამუშაოს მხოლოდ 6 ადამიანი შემორჩა. თუმცა ორველაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბევრმა მათგანმა (ვინც პროცესს საპატიო მიზეზის გამო გამოეთიშა) სამომავლო საქმის გარშემო, თავის დროზე, ასევე ბევრი საინტერესო და გამოსადეგი წინადადება წამოაყენა.

თუკი საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი საქართველოს მთავრობამაც ბოლომდე მოიწონა და პარლამენტმაც, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეიძლება სწორედ მასზე დაყრდნობით დაიგეგმოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ახალი კოდექსის ასამოქმედებლად საჭირო იქნება წინასწარ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რაც, სულ მცირე, 40 სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. წინასწარი გამოთვლით, საკანონმდებლო ბაზის მომზადება-სრულყოფას 167 ათასი დოლარი ესაჭიროება, რასაც ქართული მხარე, თეორიულად, უცხოური ორგანიზაციიდან მოელის. თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება. აქვე მოგახსენებთ, რომ, პრეზიდენტის ბრძანებულების მიუხედავად, სერიოზული შეფერხებებია საგადასახადო კოდექსზე მუშაობის პროცესის დაფინანსებაშიც. შეიძლება ითქვას, რომ ექსპერტები მასზე, პრაქტიკულად, გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ, ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით“ნისია”-ს მექანიზმს იყენებენ.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლად დამუშავებული კოდექსის ზოგიერთი მუხლი მწვავე კამათის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რადგანაც, მათივე თქმით, ბევრ სახელმწიფო უწყებას ფუნქციების შესუსტება და მით უფრო – ჩამორთმევა, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნება. საინტერესოა, რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG