Accessibility links

logo-print

ადგილობრივი თვითმმართველობის ორი არჩევნები: შედეგების შედარება


საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველად 1998 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. იმ არჩევნების შემდეგ სამ წელიწადზე მეტი დრო გავიდა. ამასობაში,

კანონმდებლობაც შეიცვალა, პოლიტიკური ვითარებაც და საზოგადოების განწყობაც.

იმის გამო, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, ჩვენც მხოლოდ დედაქალაქის შესახებ ვისაუბრებთ. ძველი და ახალი არჩევნების შედეგების შედარება კარგად ასახავს იმ ცვლილებებს, რაც პოლიტიკურ ინტერიერში თუ საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა; და, სხვათა შორის, შედეგების შედარება იმასაც ადასტურებს, რაც, დროის ცვლასთან ერთად, ჩვენში უცვლელი რჩება.

დავიწყოთ საზოგადოების მონაწილეობით. წინა არჩევნებზე მივიდა ამომრჩეველთა 40%, ამჯერად კი - 46%. საკრებულოს მიმართ ინტერესი, შესაძლოა, სულაც არ გაზრდილა, მაგრამ, ფაქტია, რომ პოლიტიკის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა. 2 ივნისს რიგითი ამომრჩეველი არა მხოლოდ მივიდა ხმის მისაცემად, არამედ, აქტიურად იბრძოლა თავისი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის. ზოგ შემთხვევაში, ადამიანებს საათობით მოუხდათ ლოდინი, როდის მიიღებდნენ საუბნო კომისიებისგან ხმის მიცემის ნებართვას; მოქალაქეები უბან-უბან ეძებდნენ საკუთარ თავს საარჩევნო სიებში; შინ გაგზავნილები კვლავ უკან ბრუნდებოდნენ და, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც მონაწილეობდნენ არჩევნებში.

რაც შეეხება პარტიებს. 1998 წელს კანონით დაწესებული 5%-იანი ბარიერი შვიდმა მათგანმა დაძლია. ამჯერად კი ბარიერმა 4%-მდე დაიწია და მისი გადალახვა ისევ ზუსტად შვიდმა პარტიამ შეძლო. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთსა იმავე ციფრს შორის ტოლობის ნიშნის დასმა გაძნელდება.

ცვლილებების ღერძი საქართველოს მოქალაქეთა კავშირია. წინა არჩევნებში სახელისუფლო პარტიამ, ყველა ბერკეტის გამოყენებით, თბილისში 30%-მდე მხარდამჭერი მოაგროვა. ახალმა არჩევნებმა საბოლოოდ გაფანტა ის ილუზია, რასაც მოქალაქეთა კავშირის წარმატებები ქმნიდა: თითქოს, არჩევნებში ხალხი ხმას აძლევდა ხელისუფლებას და, პირველ რიგში, ედუარდ შევარდნაძეს. როგორც კი მოქალაქეთა კავშირს მისი პროტესტული ნაწილი - რეფორმატორთა გუნდი გამოეყო - ამომრჩეველთა ხმებიც სწორედ ამ ნაწილმა გაიყოლა, საკუთრივ მოქალაქეთა კავშირი კი დარჩა სრული უნდობლობის და უნაყოფობის გარემოცვაში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერებმა ერთად ხმების 32% მოაგროვეს, მოქალაქეთა კავშირმა კი 2,5%. ეს ვითარება ხელისუფლებას და პირადად ედუარდ შევარდნაძეს, ალბათ, ღრმად ჩააფიქრებს.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დეგრადაცია განიცადეს და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს ეროვნულ-დემოკრატებმა, სახალხოელებმა და ტრადიციონალისტებმა. სტიქიური წარუმატებლობა დაატყდა თავს სოციალისტურ პარტიას, რომელმაც წინა არჩევნების 12%-იანი მხარდაჭერა, განვლილ სამ წელიწადში, 3%-მდე დაიყვანა. არ "იმუშავა" სოციალისტების მთავარმა ლოზუნგმა: "რუსეთი ჩვენი მეზობელია". რატომღაც არჩევნების შედეგებში არსად გამოჩნდა ის მილიონი ხელმომწერი, რომელიც, თითქოსდა, მხარს უჭერდა არა მხოლოდ რუსეთის მეზობლობის ფაქტს, არამედ სოციალისტურ პარტიასაც. ზოგადად, ახალი არჩევნების ერთი მთავარი ტენდენცია სწორედ პრორუსული ძალების წარუმატებლობა და დასავლურ ვექტორზე მოძრავი პოლიტიკური ძალების წარმატებაა. ამ შეფასებას, თითქოს, აფერმკრთალებს "ერთობის" მიერ ბარიერის გადალახვის ფაქტი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტიის ლიდერს, ჯუმბერ პატიაშვილს, 10%-იანი მხარდაჭერა ყველა წინა არჩევნებში გარანტირებული ჰქონდა, "ერთობის" 4%-ს დიდ წარმატებად, ალბათ, თავად ეს პარტიაც არ მიიჩნევს.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავისი ხმები თითქმის მთლიანად შეინარჩუნა "აღორძინებამ", ოღონდ, ერთი პირობით: 2 ივნისის არჩევნებში "აღორძინებას" გაცილებით უკეთესი ბერკეტები ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციაში, ვიდრე 1998 წელს. თუკი დავუშვებთ, რომ "აღორძინებამ" ეს ბერკეტები გამოიყენა და მხარდამჭერთა ხმები ხელოვნურად შეიმატა (რის შესახებაც კონფიდენციალური ინფორმაცია არსებობს), გამოდის, გულშემატკივრები "აღორძინებამაც" დაკარგა.

განსაკუთრებული განსჯის თემაა ლეიბორისტული პარტია. წინა არჩევნებზე ლეიბორისტებმა თბილისის მოსახლეობისგან 17%-იანი მხარდაჭერა მიიღეს. ამჯერად კი მათი მომხეების რაოდენობამ 26%-ს მიაღწია. ლეიბორისტების წარმატების ერთადერთი პირობა იყო შალვა ნათელაშვილის - როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიდერის - მაღალი რეიტინგი. მაგრამ ლეიბორისტების 26%-ს მაინც ხელოვნურობის დაღი აზის. თუ 2 ივნისის არჩევნებში ლეიბორისტების შედეგს ნაციონალური მოძრაობის შედეგთან ერთად განვიხილავთ, გაცილებით სრულ სურათს მივიღებთ. არჩევნების შედეგებზე საუბარს კვირას გავაგრძელებთ.
XS
SM
MD
LG