Accessibility links

logo-print

სახელმწიფო კანცელარიაში შემუშავებული კანონპროექტი გრანტებისა და ქველმოქმედების შეზღუდვას გამოიწვევს


სოზარ სუბელიანი, თბილისი პრეზიდენტი შევარდნაძე და მისი ადმინისტრაცია, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ისე პრაქტიკული საქმიანობით, სულ უფრო მეტად ცდილობენ თავისუფალი და კრიტიკული აზრის შეზღუდვას და გაკონტროლებას.

ამის დამადასტურებელია იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა მიზანს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ცილისწამებისთვის დრაკონული სასჯელის დაწესება წარმოადგენს; ამის დამადასტურებელია პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევიან, თავად პრეზიდენტმა კი მათ ბრალი ლამის ტერორიზმთან კავშირსა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დასდო; ამის დამადასტურებელია არასასურველი პოლიტიკური ძალების დევნა-შევიწროების ის კამპანია, რასაც ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი ძალები ახორციელებდნენ ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში; დაბოლოს, ამასვე ადასტურებს სახელმწიფო კანცელარიაში შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიზანს სამოქალაქო სექტორზე ფინანსური და პოლიტიკური კონტროლის დაწესება წარმოადგენს.

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტში შეიტანა ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი “გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ”, რომელიც სერიოზულად ართულებდა და ზღუდავდა როგორც გრანტების, ისე ჰუმანიტარული დახმარებების გაცემისა თუ მიღების პროცედურას და ამ სფეროზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას ისახავდა მიზნად. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა, რომელსაც მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრი ვანო მერაბიშვილი თავმჯდომარეობდა, კანონპროექტი დაიწუნა, რამაც პრეზიდენტი შევარდნაძე იმდენად აღაშფოთა, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების ტერორიზმთან კავშირზეც კი დაიწყო ლაპარაკი.

პრეზიდენტის პოლიტიკურ დაკვეთას კონტროლის პალატის განცხადება მოჰყვა, თითქოს საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა “გაურკვეველი” მიზნით მოიხმარეს თუ გაფლანგეს 485 მილიონი დოლარი, მაგრამ კონტროლის პალატამ სიჩქარეში იმის დაზუსტება ვეღარ შეძლო, ამ თანხის თითქმის 99 პროცენტი შევარდნაძის ფონდს უნდა მიეღო თუ მიიღო კიდეც რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციისგან.

მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატის მითიური ბრალდება გაქარწყლდა, პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორის შეზღუდვა შემოვლითი გზით – “ქველმოქმედების შესახებ” კანონპროექტით - სცადა. თანაც, ეს კანოპროექტი არა მხოლოდ საქველმოქმედო ან არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ კერძო ბიზნესისა და ქვეყანაში საშუალო ფენის გაჩენის წინააღმდეგაც არის მიმართული, - მაგალითად, ის პუნქტი, რომლის თანახმად, გრანტად არ ჩაითვლება სამეწარმეო და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები. რადიომსმენელს შევახსენებთ, რომ საქართველოში უამრავი გრანტია გაცემული წვრილი და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა თუ სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით.

კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორზე ორმაგი - ფინანსური და პოლიტიკური – კონტროლის დაწესებას, რომელთაგან პირველს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს, მეორეს – იუსტიციის სამინისტრო. თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, ლევან რამიშვილის, აზრით, ამგვარი მცდელობა, გარდა იმისა, რომ ნათლად ავლენს პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებას, სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან: [ლევან რამიშვილის ხმა] “ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან უტიფარ მცდელობასთან, რომ დამყარდეს მკაცრი ორმაგი სამთავრობო კონტროლი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე”.

აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო კანცელარიის პერიოდული ბრალდებები, თითქოს სამოქალაქო სექტორი კონტროლის გარეშეა დარჩენილი, აბსოლუტური დემაგოგიაა, რადგან საგადასახადო სამსახურები მკაცრად აკონტროლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა უმრავლესობა არა მხოლოდ პატიოსნად იხდის გადასახადებს, მეტიც, სახელმწიფო მათ ზედმეტს ახდევინებს დამატებული ღირებულების სახით, რომლის უკან დაბრუნებას არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG