Accessibility links

logo-print

ცენტრალური და სამხრეთი აზიის სამიტი ალმა-ატაში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში დამთავრდა აზიის უშიშროებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი კონფერენცია, რომლის მონაწილე 16 ქვეყნის ლიდერებმა, ერთობლივ დეკლარაციაში,

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას დაუჭირეს მხარი.


აზიის უშიშროებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის იდეა 1992 წელს წამოაყენა პირველად ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა. და ფორუმი 16 ქვეყნის მონაწილეობით 4 ივნისს გაიმართა ალმა-ატაში. ნაზარბაევმა ასე მიმართა შეხვედრის მონაწილეებს: [ნურსულთან ნაზარბაევის ხმა] ”ეს ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანია და არა მარტო დღევანდელი პოლიტიკურ პრობლემათა განხილვის თვალსაზრისით. შეხვედრამ უნდა მოგვცეს აუცილებელი გარანტიებიც ჩვენს ქვეყნებში ეკონომიკის სტაბილური ზრდის უზრუნველსაყოფად. თქმა არ უნდა, რომ ჩვენ, მეტად რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ – პოლიტიკურად და ეკონომიკურად, აზია, მეტად არაერთგვაროვანია”.

თუმცა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო მაინც ფორუმის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში. 16 ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ”ალმა-ატის აქტს”, რითაც ერთობლივი ძალისხმევით ივალდებულეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ აქტში ”სეპარატიზმია” საგანგებოდ მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი მუქარა. შეთანხმება უკრძალავს ხელმომწერ ქვეყნებს სეპარატისტულ მოძრაობათა მხარდაჭერას ერთი მეორის ტერიტორიაზე. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ძიან ცზემინმა სთხოვა ფორუმის მონაწილეებს - დაეხმარონ მის ქვეყანას ბრძოლაში ”სეპარატისტების” წინააღმდეგ, რომლებსაც ”აღმოსავლეთი თურქესტანის” დაარსება სურთო. ლაპარაკია ჩინეთში მცხოვრებ უიგურ მუსულმანთა უმცირესობაზე, რომელსაც ძიან ცზემინმა ტერორისტული დაჯგუფება უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის გამოსვლაში, ”ექსტრემიზმის” გამომწვევ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება: [ვლადიმირ პუტინის ხმა] ”დღეს, როცა ახალ გლობალურ მუქარებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი გამომწვევი მიზეზებიც, სახელდობრ სიღატაკე, ჩამორჩენილობა და სულ უფრო მზარდი ნაპრალი განვითარებულსა და განვითარებად ქვეყნებს შორის”.

თუმცა სეპარატიზმის საკითხში, ფორუმზე არ ყოფილა სრული თანხმობა. ეგვიპტის წარმომადგენელმა, რელიგიის საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ჰამდი ზაქზუგმა განაცხადა, რომ ზღვარის გავლებაა საჭირო ტერორიზმსა და ხალხის უფლებას შორის – წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპაციას. კონფერენციის მონაწილეებმა ილაპარაკეს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ და ქებით მოიხსენიეს შეერთებული შტატებისა და მის მოკავშირეთა ძალისხმევა – ბოლო მოუღონ ავღანეთში შემორჩენილ თალიბებსა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს.

ალმა-ატაში გამართულ სამიტზე ვერ იქნა მიღწეული არსებითი პროგრესი ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. პაკისტანი დადებითად გამოეხმაურა ინდოეთის წინადადებას, რომ ერთობლივად მოხდეს საზღვრის პატრულირება ქაშმირის შტატში, რომლის გამოც ბირთვული იარაღის მქონე ეს ორი ქვეყანა დღეს ომის ზღვარზეა მისული.
XS
SM
MD
LG