Accessibility links

logo-print

ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მშენებლობა სულ უფრო რეალური ხდება


ანდრო ეული, პრაღა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის საერთო ღირებულების ათი პროცენტის დაფინანსება აქვს განზრახული.

ამასობაში, სპონსორებმა ამ თვის ბოლოს უნდა გააფორმონ საბოლოო შეთანხმება ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მშენებლობის შესახებ. ”ჩვენ გვსურს ბაქო-ჯეიჰანის პროექტის დაფინანსება და მზად ვართ 300 მილიონი დოლარი გამოვყოთ ამ წლის ბოლომდე”-განაცხადა ბაქოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მისიის ხელმძღვანელმა ტომას მოსერმა.

ბაქო-ჯეიჰანის პროექტის მშენებლობა ორი მილიარდ 900 მილიონი დოლარი დაჯდება, და ამ თანხის 70 პროცენტს, მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოჰყოფენ საექსპორტო სააგენტოებთანა და კომერციულ ბანკებთან ერთად. დანარჩენი თანხა პროექტის სპონსორების მიერ დაიფარება ბრიტანული ნავთობკომპანიის, ”ბრიტიშ პეტროლიუმის” თაოსნობით. ტომას მოსერმა თქვა, რომ ალბად 2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება ბანკების მიერ გამოყოფილი კრედიტები 1730კილომეტრის სიგრძის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის, აგრეთვე აზერბაიჯანის შაჰ დენისის საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის საჭირო მილსადენის მშენებლობის დასაფინანსებლად.

კითხვის ნიშნის ქვეშაა გაზსადენის მშენებლობა, რომლითაც აზერბაიჯანის შაჰ დენისის საბადოდან ბუნებრივი აირი თურქეთის ნავსადგურ ჯეიჰანში იქნება გადაქაჩული. ამ ბოლო დროს თურქეთმა შეამცირა ნავარაუდევი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს ეს ქვეყანა. ამასთან დაკავშირებით, ”ბრიტიშ პეტროლიუმის” ერთ-ერთ აღმასრულებელ დირექტორს დიკ ოლვერს ეჭვი აღეძრა იმის თაობაზე, რომ თურქეთი შესძლებს შაჰ დენისის საბადოდან მიღებული გაზის ყიდვას.

მაგრამ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”სოკარის” ვიცე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევსი ვაჟია, განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თავად მოიხმარს შაჰ დენისის საბადოდან მიღებულ გაზს. ”დღეს ჩვენ ოთხ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ვყიდულობთ რუსეთისგან. ბრიტიშ პეტროლიუმი მხოლოდ 2005-2006 წელს თუ შესძლებს ამგვარი მოცულობით გაზის მოპოვებას”-დასძინა ილჰამ ალიევმა. ”ვეებერთელა პროგრესი გაკეთდა განვლილ ერთ წელიწალში ჩვენი საერთო მიზნის მისაღწევად – აღმოსავლეთიდან დასავლეთს მიმავალი დერეფანი შევქმნათ კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის მსოფლიო ბაზრებზე”-ნათქვამია მიმართვაში, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაუგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰეიდარ ალიევს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქოში – ენერგეტიკის პრობლემებისადმი მიძღვანილი საერთაშორისო კონფერენცია შეუდგა მუშაობას.
XS
SM
MD
LG