Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დედოფლის ტახტზე ასვლის 50-წლიანი იუბილე


დღევანდელი გადაცემისათვის ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” თემის არჩევა ძნელი ამოცანა არ ყოფილა:

მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომლისადმი ინტერესი გასული რამდენიმე დღის მანძილზე ლამის საფეხბურთო ციებცხელებას გაუტოლდა, ბრიტანეთის დედოფლის სახელთან დაკავშირებული ზეიმი იყო. და ისევე როგორც სპორტული გადაცემის ავტორს საფეხბურთო ჩემპიონატი არჩევანს არ უტოვებს, ქალთა შესახებ პროგრამის ავტორს ისღა დარჩენია, ყურადღება მიაპყროს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ქალს: ელისაბედ II-ს, რომელმაც ოჯახის წევრებთან და ქვეშერმდომებთან ერთად იზეიმა ტახტზე ასვლის 50-წლიანი, ”ოქროს იუბილე”.

რახან საუბარი ტრადიციების ერთგულებით გამორჩეულ ქვეყანაზე გვექნება, ალბათ უპრიანია საუბარი ტრადიციულად დავიწყოთ, რაც ბრიტანეთის შემთხვევაში, ცხდია, ამინდის კომენტარს ითვალისწინებს.

შაბათს, 1 ივნისს, ანუ ”ოქროს იუბილის” მთავარი ცერემონიის პირველ დღეს, ლონდონელები, რომ იტყვიან ”სამეფო ამინდმა” გაანებივრა. ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე, როცა ბუკინგემის სასახლის ბაღში მიწვეული 12 000 სტუმრისათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი დაიწყო, რეზიდენციის დასავლეთი ფასადი ჯერ კიდევ მზით იყო გაჩახჩახებული და 2 საათის შემდეგ, როცა კონცერტით ნასიამოვნებმა პუბლიკამ ბრიტანეთის ჰიმნი ააგუგუნა, ჯერ კიდევ უჩვეულოდ თბილოდა. მანამდე ლონდონში გაერთიანებული სამეფოს ყველა საგრაფოდან ჩასულმა სტუმრებმა (ეს 12 000 ადამიანი თითქმის 2 მილიონი კანდიდატიდან ლატარიის პრინციპით შეარჩიეს) პატრიოტული პროგრამა მოისმინეს, მაგალითად ელგარის სიმფონიური ნაწარმოები სახელწოდებით ”იმედისა და დიდების ქვეყანა”. იმავე საღამოს ბუკინგემის სასახლის სამეჯლისო დარბაზში სამეფო ბალეტის სოლისტები ცეკვავდნენ, ხოლო მუსიკალურ დარბაზში ჩელოზე უკრავდა მსტისლავ როსტროპოვიჩი.

აი, მომდევნო დღეს კი სტიქია დედოფალს არ წყალობდა... კვირა საღამოს ბუკინგემის სასახლეში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც საჭირო გახდა რეზიდენციის ევაკუაცია – ეს 1940 წელს, II მსოფლიო ომში ლონდონის დაბომბვის შემდეგ არასოდეს მომხდარა. ”უნაკლო საიუბილეო უიკენდი ბოლში გაეხვიაო” ასე იყო დასათაურებული გაზეთ ”ინდეპენდენტის” ორშაბათის ნომერში გამოქვეყნებული სტატია; ”დედისა და დის გარდაცვალების შემდეგ, ხანძარმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა დედოფალს, რომელმაც პირადი ტრაგედიებით სავსე წელიწადი გამოიარაო”, წერდა ყოველდღიური ”დეილი ტელეგრაფი”. მაგრამ განგაში გადაჭარბებული აღმოჩნდა: ხანძრის ჩაქრობა მალე მოხერხდა და მას ხალიჩების მეტი არაფერი დაუზიანებია. ასე რომ, ყურადღების ცენტრში ისევ ელისაბედ II-ს ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა მოექცა.

[ელისაბედ II-ის ხმა]: ”ეს ყველა თვალსაზრისით საყურადღებო 50 წელი იყო. იყო წარმატებები და ჩავარდნები, მაგრამ ყველამ, ვისაც II მსოფლიო ომის შემდეგომი სიძნელეები ახსოვს, იცის, რომ მას შემდეგ დიდი ცვლილებების მიღწევა მოხერხდა” – დედოფალი ელისაბედ II, რომელმაც ეს სიტყვები სამშაბათს წარმოთქვა, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე, მამის, ედუარდ VIII-ის გარდაცვალების შემდეგ. მაშინ ელისაბედ უინდზორი 25 წლის იყო, პრინც ფილიპის მეუღლე და უკვე ორი შვილის, ჩარლზისა და ანას დედა. მოგვიანებით წყვილს კიდევ ორი შვილი, ენდრიუ და ედუარდი შეეძინა.

ელისაბედ II-ს ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრის ამპლუაში ჰქონდა დამკვიდრებული ბეჯითი და თავშეკავებული ადამიანის რეპუტაცია, რომელიც წლების მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი მთავარი მოვალეობაა ქვეყნის რეპრეზანტაცია და მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინება. ის არა მარტო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მეთაურია, არამედ ბრიტანეთის თანამეგობრობის ლიდერი და ანგლიკანური ეკლესიის საერო თავკაცი. აქამდე დედოფალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ათი სხვადასხვა პიროვნების მოღვაწეობის მოწმე იყო და ყოველ მათგანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც პოლიტიკური საკითხების დეტალური ცოდნით, ისე ანალიტიკური აზროვნებით. ამბობენ აგრეთვე, რომ ელისაბედ II პრეტენზიული ადამიანი არ არის: შინ ის ზოგჯერ თვითონ რეცხავს ჭურჭელს - ხელით, რამაც თავის დროზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერზე, რომ მან დედოფალს საშობაო საჩუქრად რეზინის ხელთათმანები უსახსოვრა...

მარგარეტ ტეტჩერი, ცხადია, ”ოქროს იუბილესაც” ესწრებოდა და თუ, საერთოდ, იუბილის აღნიშნვას და ამინდს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ორშაბათს და სამშაბათს, მეტეოროლოგიური თვალსაზრისით, ტრადიციული ლონდონი ვიხილეთ: ცა მოღრუბლული იყო და შიგადაშიგ ცრიდა. სამაგიეროდ საიუბილეო ცერემონია წინა ორ დღესთან შედარებით უფრო მასშტაბური და ფერადოვანი გახდა: ორშაბათს ბუკინგემის სასახლის ბაღში კიდევ 12 000 ადამიანი მიიწვიეს, ოღონდ პოპმუსიკის კონცერტზე. ხოლო სამშაბათს, ”ოქროს იუბილის”, გარკვეულწილ, მთავარ დღეს, თავად დედოფალი ეწვია ლონდონელებს: ვიდრე აღლუმი გაიმართებოდა, ელისაბედ II-მ ოქროს ეტლით ჩაიარა ქალაქის ცენტრში და ოჯახის წევრებთან, აგრეთვე ასობით საპატიო სტუმართან ერთად დაესწრო საზეიმო ღვთისმსახურებას წმინდა პავლეს ტაძარში.

[მუსიკა და შეძახილები – წმინდა პავლეს ტაძარში მყოფნი დედოფალს ესალმებიან ]

[ჯონ მოსესის ხმა]”ჩვენ აქ, საკათედრო ტაძარში შევიკრიბეთ, რათა ღმერთს მადლობა შევწიროთ მისი უდიდებულესობის- დედოფლის ხანგრძლივი მმართველობისათვის და ერთად აღვნიშნოთ მისი ოქროს იუბილე”, ამ სიტყვებით მიესალმა წმნიდა პავლეს ტაძარში შეკრებილებს ეკლესიის მოძღვარი, ჯონ მოსესი.

რაც შეეხება ბრიტანელებს, ვინც არც საზეიმო ღვთისმსახურებაზე და არც კლასიკური თუ პოპმუსიკის კონცერტებზე მიუწვევიათ, ვინც არც აღლუმზე გამოსულა და არც ქუჩებში გამწკრივებულა სამეფო ოჯახის წევრებისათვის ხელის დასაქნევად და ვინც მონარქიას, საერთოდ მოძველებულ, ზედმეტ, უაზრო ტრადიციად მიიჩნევს – ”ოქროს იუბილით” უკმაყოფილო არც ეს ადამიანები დარჩენილან. სხვა თუ არაფერი, ორშაბათი და სამშაბათი უქმე დღეები იყო და თუ ქვეყნის სუპერმარკეტებიდან გავრცელებულ ცნობებს ვენდობით, ბოლო დღეებში სარეკორდო რაოდენობის ალკოჰოლი გაიყიდა. ელისაბედ II-ის ქვეშერმდომებს იუბილე ფეხბურთის საყურებლად მაინც გამოადგათ, რასაც დედოფალი, როგორც მის მიერ სამშაბათს, ლონდონის მერთან სადილის დროს წარმოთქმული სიტყვები ადასტურებს, მოელოდა კიდეც: [ელისაბედ II-ის ხმა] ”კარგად მაქვს გაცნობიერებული ამ მომენტში ფეხბურთის მნიშვნელობა. მაგრამ მე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უიკენდი ჩემი საიუბილეო წლის შუა პერიოდზე მოდის, ტაიმებს შორის შესვენებას არ ვაპირებ ”.

დედოფალი არც გადადგომას და გვირგვინის თავისი უფროსი შვილისა და მემკვიდრის, ჩარლზისათვის დათმობას აპირებს: მას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ მონარქის მოვალეობა სიცოცხლის ბოლომდე აქვს ნაკისრი. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ელისაბედ II-ის დედა განსაცვიფრებელი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა (ის წლეულს მარტში, 100 წელს გადაბიჯებული გარდაიცვალა), არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ელისაბედ II ბრიტანეთში მეფობის ხანგრძლივობის რეკორდს მოხსნის. ეს რეკორდი კი ასევე ქალს ეკუთვნის: დედოფალმა ვიქტორიამ 64 წელი იმეფა.

XS
SM
MD
LG