Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძემ თავისი მხარდამჭერი ''ნაციონალური მოძრაობის'' ხმაურიანი პრეზენტაცია მოაწყო


"თურქი მესხების" ჩამოსახლებისა და რელიგიური სექტების წინააღმდეგ მებრძოლი პარლამენტარი გურამ შარაძე 5 ივნისს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

ოთხშაბათს ოპერის თეატრში, რომელიც ბოლო ხანებში სხვადასხვა პოლიტიკური ღონისძიებების არენად იქცა, დეპუტატის მხარდასაჭერად ერთი თვის წინ შექმნილი ორგანიზაციის - "ნაციონალური მოძრაობა - ჩვენი საქართველოს" წევრებმა შარაძესთან პირველი შეხვედრა გამართეს. აღსანიშნავია, რომ შეკრების წინა დღეს პარლამენტარმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა მასზე მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ და საჯაროდ გაილაშქრა დერინერის კაშხალის მშენებლობის წინააღმდეგ, რაც, შარაძის თქმით, ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ტერიტორიას დატბორვით ემუქრება.

საქართველოს კიდევ ერთი პოლიტიკური მხსნელი მოევლინა, --ასე იფიქრებდა ნებისმიერი ადამიანი, ვინც 5 ივნისს ოპერის თეატრში, ოფიციალური სახელწოდებით - "ნაციონალური მოძრაობა - ჩვენი საქართველოს", ფაქტობრივად კი - გურამ შარაძის საზოგადოების პირველ საჯარო შეკრებას დაესწრებოდა. პარლამენტარ გურამ შარაძის ახალ ამპლუაში წარმოჩენას, თავის მხრივ, ცდილობდნენ ცნობილი პოლიტიკოსები, სამღვდელოების წარმომადგენლები და, ასე განსაჯეთ, სკოლის მოსწავლეებიც კი, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ:
[38-ე სკოლის მოწაფის ხმა] "ეს კაცი უშველის საქართველოს, უშველის ჩვენს სარწმუნოებას და სარწმუნოება გადაგვარჩენს. ქრისტიანობას განავრცობს."

დარბაზში გამოსული ორატორები მორიგეობით იხსენებდნენ გურამ შარაძის დამსახურებას პასპორტში ეროვნული რეკვიზიტების შენარჩუნების, საგანძურის გადარჩენისა და, განსაკუთრებით, იეღოველთა სექტის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. იგივე მოსაზრება გაიმეორა საქართველოს საპატრიარქოს მიერ ეკლესიიდან განკვეთილმა ბასილ მკალავიშვილმა, რომელმაც მოუწოდა პარლამენტარს, არ შეწყვიტოს ბრძოლა მართლმადიდებლური რელიგიის მტრების წინააღმდეგ, რომელთა სიაში განკვეთილმა მღვდელმა, "თავისუფლების ინსტიტუტისა" და სახალხო დამცველის გარდა, ამჯერად იუსტიციის სამინისტროსაც მიუჩინა ადგილი.

[ბასილ მკალავიშვილის ხმა] "როდესაც ქართველ ერს გაჭირვების ჟამი დაუდგებოდა, აუცილებლად ღმერთი მოუვლენდა მას ან საზღვარგარეთიდან, ან თვით საქართველოდან რომელიმე პიროვნებას. დღეს ასეთი პიროვნება არის ბატონი გურამ შარაძე."

აღსანიშნავია, რომ თავად გურამ შარაძე შეუდარებლად უფრო მოკრძალებით აფასებს როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ისე პერსპექტივას მისი მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობისა, რომელში გაწევრიანებასაც, არსებითად, სხდომაზევე, დარბაზში დარიგებული ანკეტებით, ჩაეყარა საფუძველი.
[გურამ შარაძის ხმა] "ეს არის არაპოლიტიკური გაერთიანება, ეს გახლავთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური მოძრაობისათვის."

არაპოლიტიკურ ორგანიზაციად აღიქვა ახალი გაერთიანება გერმანიასა და საფრანგეთში მოღვაწე ჩვენმა თანამემამულემ, რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლო ინასარიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ისურვა, რომ ახალმა გაერთიანებამ თავისი საქმიანობა პოლიტიკურ კულტურაზე, სხვისი აზრის პატივისცემასა და რეალურ ღირებულებებზე დააფუძნოს.

[კარლო ინასარიძის ხმა] "რიტორიკა კარგი არის, მხოლოდ აზრი ვერ მაკმაყოფილებს ჯერჯერობით, მაგრამ ვნახოთ. ვნახოთ, ეგება, რამე გამოვიდეს."

ახლად შექმნილი ნაციონალური მოძრაობა თავისი რიგების საბრძოლო დათვალიერებას მალე აპირებს. და ამისთვის მათ დამაჯერებელი მიზეზი აქვთ: პარლამენტარ გურამ შარაძის თქმით, საქართველოს უახლოეს მომავალში “თურქი მესხების” 4 ათასკაციანი რაზმის შემოტევა ემუქრება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG