Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულ - დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს არ ჰქონდათ იმის ილუზია, რომ 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწევდნენ,

მაგრამ არც იმას ფიქრობდნენ, რომ 4 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავდნენ. ამ ბარიერის ქვემოთ აღმოჩენამ პარტიის ლიდერები გააოგნა. ირინა სარიშვილი-ჭანტურია ე.დ.პ- ს კრახს არჩევნების გაყალბებით ხსნის. დარწმუნებულია, რომ ეროვნულ-დემოკრატების ხმები არჩევნებში წარმატებულ პარტიებს ჩაუთვალეს და ამიტომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

პარტია, რომელიც ერთ დროს ხელისუფლების მზარდ ალტერნატიულ ძალად მიიჩნეოდა, არჩევნებს თანმიმდევრულად აგებს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თბილისის საკრებულოშიც კი ვერ ხვდება.
ეროვნულ-დემოკრატების ასეთ წარუმატებლობას სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს, დაწყებული შიდაპარტიული დაპირისპირებების გამო პარტიის ორად გახლეჩითა და დასუსტებით, აგრეთვე, იმით, რომ მემარჯვენეთა ფლანგზე მსხვილი პარტიული დაჯგუფება ვერ შეიქმნა და დამთავრებული მძიმე სოციალური ფონით, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის სიმპათიას მემარცხენეებისკენ მიმართვას. მთელი ამ ფაქტორების გათვალისწინებით,
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 2 ივნისის არჩევნებში სერიოზულ წარმატებას არც ელოდა. ამ შემთხვევაში მისი მიზანი 4 პროცენტიანი ბარიერის გადალახვითა და, ვთქვათ, თბილისის საკრებულოში ერთი-ორი საკუთარი წარმომადგენლის შეყვანით შემოიფარგლებოდა. ამაზე უარესს ისინი არ ელოდნენ და, თუ რატომ, ამას თავად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია განმარტავს:

[ირინა სარიშვილი - ჭანტურიას ხმა] “იცით, რას ნიშნავს 4 პროცენტი? იმას, რომ თოთოეულ უბანზე 20 მხარდამჭერის მიყვანა მაინც მოახერხო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ უბანზე 20 ხმის მიღება არ შეგვეძლო, მაშინ ჩვენი პარტია აღარ უნდა არსებობეს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ე.დ.პ ასეთ პარტიათა რიცხვს მიეკუთვნება. მხედველობაში მაქვს მხოლოდ 4 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა.”

ეროვნულ-დემოკრატების ლიდერი მარცხის მიზეზს არჩევნების გაყალბებაში ხედავს და აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა გარიგებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და რამდენიმე პარტიას შორის, რომ არჩევნების შედეგები, მეტწილად, სწორედ ამ გარიგების შედეგია, ე. დ. პ - ს 4 პროცენტიანი ბარიერის ქვემოთ დარჩენა კი - მისთვის მიცემული ხმების გაყალბებისა. სარიშვილი-ჭანტურიას ვერსიით, წინასაარჩევნო გარიგებაში აქტიური მონაწილეობა სააკაშვილის მოძრაობასა და ჟვანიას გუნდს უნდა მიეღო. რაც შეეხება ლეიბორისტებს, “ვინაიდან ლეიბორისტების წარმატების ამოუხსნელი საიდუმლო ჩვენი საზოგადეობის სერიოზულ პრობლემებშია და არსენას სიტყვებით ალაპარაკებულ ნათელაშვილს წარმატების შანსი, უდაოდ, ჰქონდა, ის, შესაძლოა, გარიგებაზე არ წასულიყო,” – ფიქრობს ირინა სარიშვილი- ჭანტურია და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ის სასამართლოს მიმართავს.

ანალოგიური მოთხოვნით არჩევნებში წარმატებული “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტიც” გამოდის. ამდენად, ჩნდება კითხვა: “თუ ამ მოძრაობამ არჩევნები გააყალბა, რაში უნდა სჭირდებოდეს შედეგების რევიზია? “მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამ ინიციატივით თითოეული ამომრჩევლის უფლებების დასაცავად იბრძვის. სარიშვილი - ჭანტურიას აზრით კი, სააკაშვილს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის შანსი არა აქვს და არჩევნების შედეგების გაუქმებას საკრებულოში შეუსვლელობის გასამართლებლად ცდილობს.
XS
SM
MD
LG