Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების კონგრესი სადაზვერვო სამსახურების ნაკლოვანებებს იხილავს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათს, 4 ივნისს, შეერთებული შტატების კონგრესმა დაიწყო ორი დამოუკიდებელი გამოძიება სადაზვერვო სამსახურების მიერ მიღებული ინფორმაციის არასათანადო დამუშავების თაობაზე.



გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და გამოძიების ფედერალური ბიურო უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას არ უზიარებდნენ ერთმანეთს, რასაც, შეიძლება, 11 სექტემბრის ტრაგედია მოჰყვა.

როცა ეს ცნობები მედიაში გამოქვეყნდა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას თავის გამართლება მოუხდა, ხოლო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ – შეერთებული შტატების მთავარმა სადაზვერვო ორგანიზაციამ – და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ – ქვეყნის წამყვანმა კანონაღმსრულებელმა ორგანომ – ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს.

სამშაბათს პრეზიდენმა ბუშმა პირველად აღიარა, რომ ამ ორი სააგენტოს მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისთვის არგაზიარება, ფატალური შეცდომა იყო. ბუშის თქმით, ბოლოდროინდელი რეფორმირების შემდეგ, როცა ორივე დაწესებულების საქმიანობის ფოკუსში კონტრტერორიზმი მოექცა, ასეთი სახის შეცდომები აღარ გამეორდება.

[ბუშის ხმა] “იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ნორმალური კომუნიკაცია გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შორის, მე მგონია, ცხადია, რომ არ ყოფილა, და ახლა ჩვენ სწორედ ამ საკითხით ვართ დაკავებული. სამმართველო და ბიურო უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ. ახლა ინფორმაციის გაზიარება უფრო კარგად წარმოებს”.

ყოველკვირეულ “ნიუზუიკში” ამ კვირაში გამოქვეყნებულ მასალში, რომელიც ეყრდნობა ცენტრალური სადაზვეროვო სამმართველოს ანონიმურ წყაროს, ნათქვამია, რომ 11 სექტემბრამდე ჯერ კიდევ წლინახევრით ადრე სააგენტომ მიაკვლია ორ ადამიანს იმ 19-დან, რომლებმაც შემდგომში გაიტაცეს 4 ამერიკული თვითმფრინავი და გამოიყენეს ისინი ტერორისტულ აქტებში.

“ნიუზუიკი” წერს, რომ ეს ორნი, საუდის არაბეთის მოქალაქეები, 2000 წლის იანვარში დაესწრნენ “ალ ყაიდის”, ასე ვთქვათ, “კონფერენციას” მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, რის შემდეგ დაბრუნდნენ შეერთებულ შტატებში და დაიწყეს საპილოტო სკოლაში სწავლა. შემდეგ კი გაიტაცეს ის თვითმფრინავი, რომელიც პენტაგონზე ჩამოვარდა.

როგორც “ნიუზუიკი” წერს, გამოძიების ფედერალური ბიუროს აზრით, ის შეძლებდა 11 სექტემბრის შეთქმულების დროზე გახსნას, სამმართველოს რომ ეს ინფორმაცია მისთვის, ან სხვა სამთავრობო ორგანიზაციისთვის, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ან იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურისთვის მიეწოდებიანა (ეს ორგანიზაცია აკონტროლებს შეერთებული შტატების საზღვრებს).

გასულ კვირაში ჟურნალ “ტაიმში” დაიწერა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საკუთარი აგენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციაც კი ვერ შეაფასა სათანადოთ. საქმე ეხება ბიუროს მინესოტის შტატის განყოფილებას, რომელიც იძიებდა მაროკოს წარმოშობის ფრანგი მოქალაქის ზაკარიას მუსაუის საქმეს და ითხოვდა მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენისა და მისი კომპიუტორის ჰარდ დისკში შესვლის ნებართვას. ნებართვა არ ყოფილა გაცემული. მუსაუიც სწავლობდა საპილოტო სკოლაში და ალბათ აპირებდა 11 სექტებრის თავდასხმაში მონაწილეობას, მაგრამ ის რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს.

ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს სახელზე გაგზავნილ წერილში წერდა ბიუროს თანამშრომლი ქ-ნი კოლინ რაილი. მისი თქმით, შეიძლება მუსაუის საქმეში ჩაღრმავების შემთხვევაში, 11 სექტემბრის ტრაგედია ასეთი მასშტაბური არ ყოფილიყო.

ბუშმა კონგრესის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს საქმიანობა, რომელსაც, სხვათა შორის, ექსპერტებთან საუბრები მოყვება და, რომელიც 2003 წლისთვის ანაგრიშით დაგვირგვინდება, საფრთხეში ჩააგდებს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს.
XS
SM
MD
LG