Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი ბიულეტენების ხელახალ დათვლას მხოლოდ გარკვეული პირობებით დათანხმდება


გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელი პროტესტით შეხვდა უპრეცედენტო გადაწყვეტილებას,

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადასინჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგები. თუმცა პროტესტი ამ შემთხვევაში მაინც პირობითი სიტყვაა,რადგან ლეიბორისტთა ლიდერი იძულებულია განაცხადოს, რომ იგი ფორმალურად საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობით.

გარეგნულად მუდამ ომახიანი, მაგრამ აშკარად ნირწამხდარი იმის გამო, რომ არჩევნების შედეგები, შესაძლებელია, ანულირებულ იქნეს, შალვა ნათელაშვილი პარტიაში საგანგებო სიტუაციას აცხადებს, რაც, სხვა სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას იმ 80 000 კაცის ქუჩაში გამოყვანით ემუქრება, ვინც მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაუჭირა მხარი. საარჩევნო ბიულეტენების და, საერთოდ, საარჩევნო დოკუმენტაციის გადასინჯვის გადაწყვეტილებას შალვა ნათელაშვილი შევარდნაძე- სააკაშვილის დუეტის ანტილეიბორისტული შეთქმულების ნაწილად მიიჩნევს; იგი ფიქრობს, რომ შევარდნაძე- სააკაშვილის ურთიერთგამიჯვნა ფარსია და, შესაბამისად, საარჩევნო ოქმები უკვე გადაკეთებულია.
[შალვა ნათელაშვილის ხმა]“ გადაკეთებულია, შეცვლილია უკვე რეკვიზიტები. ეს დღეები სავსებით საკმარისი იყო, რათა ახალი გადათვლის შემდეგ თქვან, რომ არჩევნები არ ჩატარებულა. სინამდვილეში, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ჩვენ ამგვარ პროვოკაციას ველოდით, მაგრამ არა ასეთი უზნეო და სწრაფი ტემპებით.”[სტილი დაცულია]
რა თქმა უნდა, რეალობისგან შორს არც საწინააღმდეგო მოსაზრებაა, რომლის მიხედვით, ხელისუფლებამ ლეიბორისტებს საგრძნობლად წააშველა ხელი, რათა ნაციონალური მოძრაობისთვის ელექტორატი წაერთმია. ასეთ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილის პროტესტი გასაგები ხდება, თუმცა უკან არც ნათელაშვილი იხევს და, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ არჩევნების შედეგების გაყალბებით, ლეიბორისტებმა, დაახლოებით, იმდენი ხმა დაკარგეს, რამდენიც მიიღეს.
ასე რომ, შალვა ნათელაშვილი იძულებულია ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და ბიულეტენების გადათვლის გადაწყვეტილებას, აშკარად, არაგულწრფელად დაეთანხმოს, ოღონდ, დაეთანხმოს გარკვეული პირობით. ამასთან, უკანდასახევი გზა მას წინასწარვე გარანტირებული აქვს.-ჯერ ხმის ხელახალი დათვლის პირობების შესახებ:
[შალვა ნათელაშვილის ხმა]“პირველი, ეს მოხდეს პირდაპირი ტელეეთერის საშუალებით. მეორე არხი, მოგეხსენებათ, ამისთვის თავისუფალია. მეორე, გადათვლის პროცესში მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში რეგისტრირებულმა 20-ვე პოლიტიკური პარტიის თითო წარმომადგენელმა და არა მხოლოდ მათ, რომელთაც სურთ, ამ გადათვლის შემდეგ მოილაპარაკონ ერთმანეთში ხმების გაყოფაზე, გადანაწილებაზე, დადონ გარიგებები, რათა კვლავ ოლიგარქიას დარჩეს დედაქალაქი და საქართველო.”
ამთავითვე ცხადია, რომ ხმების გადათვლის პროცესში შალვა ნათელაშვილის მიერ მოთხოვნილი სრული საჯაროობა რომც იქნეს დაცული, ლეიბორისტთა ლიდერს მისთვის მიუღებელი შედეგების გაქარწყლება იოლად შეუძლია. როგორც ზემოთ უკვე მოისმინეთ, ნათელაშვილი სახალხოდ აცხადებს, რომ ოქმები და მისი რეკვიზიტები უკვე შეცვლილია.
XS
SM
MD
LG