Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატისტიკური ანალიზი


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთი კავკასია მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონად იქცა, თუმცა ამან პირველ ეტაპზე ლოკალური კონფლიქტების წარმოქმნას უფრო შეუწყო ხელი,

ვიდრე რეგიონის ეკონომიკურ აღმავლობას. თუ რისი მიღწევა შეძლო დამოუკიდებლობის 10 წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიის სამმა სახელმწიფომ - აზერბაიჯანმა, საქართველომ და სომხეთმა, კარგად ჩანს „ევროსტატის“ სტატისტიკური ანალიზიდან.

სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოში ეთნო და პოლიტიკურმა კონფლიქტებმა, სამოქალაქო ომებმა მოსახლეობის დიდი ნაწილი ლტოლვილად ან უმუშევრად აქცია. ამას მრეწველობის ნგრევა მოჰყვა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მტკივნეულმა პროცესმა დაღი დაასვა ამ სამი სახელმწიფოს სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

რეგიონში შედარებითი სტაბილურობის დამყარების შემდეგ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკის მიმართ დასავლეთის ეკონომიკური ინტერესიც გაიზარდა. ამაზე მეტყველებს ევროკავშირის დახმარებით რეგიონში ჩატარებული კვლევაც, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 ივნისს გამოაქვეყნა. დეპარტამენტის თავმჯდომარის თებურ ბერიძის განცხადებით:

[თემურ ბერიძის ხმა] „სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური მდგომარეობა ძალზედ მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასია თავისი სიდიდით, თავისი პარამეტრებით არცთუ ისე დიდი რეგიონია, ის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიო პოლიტიკაში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში -ეკონომიკაშიც.“

სანამ ეს მოხდება, მანამდე რეგიონის სახელმწიფოებს საკუთარი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ბევრი აქვთ გასაკეთებელი. აი, რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნათელ სურათს ქმნის:

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს. მასზე მოდის რეგიონის ტერიტორიის 47 და მოსახლეობის 48 პროცენტი, საქართველოზე, შესაბამისად, - 37 და 30 პროცენტი, სომხეთზე კი -16 და 22 პროცენტი. აზერბაიჯანი ლიდერობს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით: მისი ხვედრითი წილი 52 პროცენტს შეადგენს. ამ სახელმწიფოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ბოლო 7 წლის მანძილზე 55 პროცენტით გაიზარდა, საქართველოში - 39-ით, სომხეთში კი - 41 პროცენტით. აზერბაიჯანში საქართველოსა და სომხეთზე მაღალია საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც და ის 50 ამერიკულ დოლარს შეადგენს, საქართველოში კი - 37, ხოლო სომხეთში 42 დოლარია. რეგიონის სამივე ქვეყანაში მოსახლეობის მიერ გაწეულ ხარჯებში დიდია სურსათზე დახარჯული თანხების ხვედრითი წილი, რაც, ექსპერტების აზრით, ცხოვრების დაბალი დონის დამადასტურებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე სახელმწიფოს საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობა დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. ბოლო წლებში კი, შედარებით, მოიმატა ევროკავშირის წილმა. საგარეო ვაჭრობაშიც აზერბაიჯანი ლიდერობს და მას დადებითი საგარეო სალდო აქვს, საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ბალანსი კი უარყოფითია. კონფლიქტებისა და სხვა მიზეზთა გამო მოშლილია შიდა რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობებიც. თემურ ბერიძის აზრით, ამ ურთიერთობათა დამყარების გარეშე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მსოფლიო ეკონომიკაში დამკვიდრება გაძნელდება.
XS
SM
MD
LG