Accessibility links

logo-print

როდის ცრუობენ პარლამენტის წევრები


დავით პაიჭაძე, თბილისი 6 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, სახალხო დამცველის მოხსენებამდე და მის შემდეგაც, ხშირად ისმოდა იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის სახელი.

პარლამენტში ისინი კვლავ მოიხსენიეს სახელმწიფოს, მართლმადიდებლობისა და ეროვნული უსაფრთხოების მტრებად, რომლებიც, ამავე დროს, ხელყოფენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. ერთმა დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეები თბილისში ყრილობისა თუ კონგრესის გამართვას გეგმავენ, როცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მათ თავშეყრის არავითარი უფლება არა აქვთ.

იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ მხურვალე პატრიოტული გამოსვლებით ჩვენს პარლამენტში არაერთი დეპუტატია ცნობილი. მათგან ერთი, ამ განხრით ყველაზე სტაჟიანი, აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეები ყრილობის ჩატარებას სპორტის სასახლეში გეგმავენ და ამ თავიანთი განზრახვით თავი მოაბეზრეს სპორტის სასახლის დირექტორს. მე დავუკავშირდი სპორტის სასახლის დირექტორს ვალერი ლომაძეს. იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლები, მართლაც, მისულან მასთან და 23 ივნისს დარბაზის დათმობა უთხოვიათ ყრილობის ჩასატარებლად. ვალერი ლომაძეს პასუხად უთქვამს, რომ 29 ივნისს სპორტის სასახლეში თბილისის “დინამოს” საკალათბურთო გუნდის მიერ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის აღების იუბილეს – 40 წლისთავს - აღნიშნავენ, ხოლო მანამდე კალათბურთის კვირეული იმართება. ამდენად, იეჰოვას მოწმეთათვის სასურველი დღე დაკავებულია. როცა მე ვკითხე ვალერი ლომაძეს, მართალია თუ არა, რომ ამ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ იეჰოველებმა ვერაფერი შეისმინეს და თქვენგან დაჟინებით მოითხოვდნენ 23 ივნისს დარბაზის დათმობას-მეთქი, სპორტის სასახლის დირექტორმა მიპასუხა [ლომაძის ხმა]: “არა, ეგეთი რაღაც არ იყო. თუ “დინამოს” კვირეულია, გვითხარით, როდის ხართ თავისუფალიო... მაშინ 1 ივლისს გავმართოთო. მე ვუთხარი, ჯერ ჩამოყალიბებული არა ვარ, რომ ჩამოვყალიბდები, მაშინ ვილაპარაკოთ-მეთქი”.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს იეჰოვას მოწმეებს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ არ ჰქონდეთ ყრილობის ჩატარების უფლება, სასამართლოს განჩინებაში ამაზე არაფერია ნათქვამი, პირიქით, აღნიშნულია, რომ, რეგისტრაციის გაუქმების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეებს არც ერთი უფლება არ ეზღუდებათ. შესაბამისად, კანონის ძალით, მათ შეუძლიათ შეიკრიბონ, კონგრესიც ჩაატარონ და ლიტერატურაც შემოიტანონ. სასამართლოს გადაწყვეტილება იქით იყოს: სახელმწიფოს უზენაეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლში, წერია: “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ”.

ასე რომ, იეჰოვას მოწმეებისათვის არავის აუკრძალავს კონგრესისა თუ ყრილობის ჩატარება. 6 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან ანტიკონსტიტუციური მოწოდებები და შეგნებული სიცრუე ისმოდა.
XS
SM
MD
LG