Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკი სახელმწიფო შეკვეთების სფეროს მოწისრიგებაში გვეხმარება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "შერატონ მეტეხი პალასში" ამ დღეებში მიმდინარეობდა სამდღიანი სემინარი "საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფილება",

რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების დარგში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა, სახელმწიფო შესყიდვის ეფექტური სისტემის ფორმირებაში პრობლემების დაძლევა.

სახელმწიფო შესყიდვები დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მსუყე ლუკმა გახლდათ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყებების, უფრო სწორად კი, ამ უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც შესყიდვების განხორციელებისას კარგა გვარიანად ითბობდნენ ხელს.
სახელმწიფო შეკვეთების ტექნოლოგია დიდი ხანია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, კარგად არის აპრობირებული და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის მატარებელია.

ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, დაახლოებით, მესამედი, ანუ 300 მილიონი ლარი, სწორედ ამგვარი შესყიდვებისთვის გამოიყენება და ამ მსუყე ლუკმის ათვისება შესაბამისი წესებისა და საერთო სტანდარტების გარეშე, ფაქტობრივად, ჩინოვნიკების მარცხენა შემოსავლების სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მდგომარეობის მოწესრიგებისა და საერთო წესების დადგენის თემას მიეძღვნა "შერატონ მეტეხი პალასში" გამართული სემინარი, რომლის ორგანიზატორიც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გახლავთ.

სემინარის მსვლელობისას განიხილეს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მნიშვნელობა, პრობლემები ამ სფეროში, ახალი სისტემის დანერგვისა და სახელმწიფო შესყიდვათა მეთოდების პერსპექტივები, სამთავრობო და საზოგადოებრივი მონიტორინგის პრინციპები.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში რეფორმების გატარება მსოფლიო ბანკმა ითავა. მათი ინიციატივითვე შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების სპეციალური სააგენტო, რომელმაც თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შემცირება უნდა მოახდინოს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 8 ათასამდე შემსყიდველი ორგანიზაციაა, რომლებიც ბოლო წლებში საქონლისა და მომსახურების მომწოდებელ კომპანიებს ტენდერის საშუალებით ავლენენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ტენდერებმა ამ სფეროში არსებული კორუფციული ფონი შეამცირა და მომსახურების ხარისხი აამაღლა, ამასთან, კონკურსის წესების დამკვიდრებით, ტენდერებში მონაწილე კომპანიებმა ფასების დაწევა დაიწყეს, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შემცირება გამოიწვია.
სააგენტოს ინფორმაციით, შარშან სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რაციონალურად წარმართვით ბიუჯეტმა 7 მილიონი ლარის ეკონომია გააკეთა. სულ გასულ წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 31 მილიონი ლარის მოცულობის 75 ტენდერი ჩაატარეს. წელს, 5 თვის მონაცემებით კი, უკვე 192 ტენდერია გამოცხადებული.
ტენდერებმა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განკარგვის პროცესი მეტ-ნაკლებად გამჭვირვალე გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში კორუფციული გარიგებები მაინც არსებობს და არც დადგენილი წესების ავლა წარმოადგენს დიდ პრობლემას გამომგონებლობით ცნობილი ჩინოვნიკებისათვის, გარკვეული ეფექტი ამ ღონისძიებებმა უკვე გამოიღო. თანხების ეკონომიისა და არამიზნობრივი ხარჯების შემცირების გარდა, ჩამოყალიბდა ცივილიზებული თამაშის წესები, რამაც ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიები აიძულა კონკურენტულ გარემოში ეფექტური თანამშრომლობის ფორმები დაეხვეწათ.
ამ სფეროში მიმდინარე რეფორმა საერთაშორისო ორგანიზაციების პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობს და მსოფლიო ბანკი გვპირდება, რომ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მოწესრიგებაში ისინი მომავალშიც ითანამშრომლებენ ქართულ მხარესთან.
XS
SM
MD
LG