Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის საანგარიშო მოხსენება გლობალური დათბობის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლის ადმინისტრაციის გარემოს დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ გლობალური დათბობა სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნის შეერთებულ შტატებს.

პრეზიდენტმა ბუშმა გააკრიტიკა ეს საანგარიშო მოხსენება და მას ”ბიუროკრატთა ნახელავი” უწოდა.


როგორც საანგარიშო მოხსენებაშია აღნიშნული, ნავთობის, ბენზინისა და ქვანახშირის წვის შედეგად, ატმოსფეროში, ეგრედ წოდებული ”სათბურის ეფექტის” გამომწვევი გაზები გამოიყოფა, და თუ ასე გაგრძელდა, შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო ხშირი გვალვები, სიცხე და ჰაერის მკვეთრი დაბინძურებაა მოსალოდნელი. მოხსენებაში არაა წამოყენებული რეკომენდაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად შეამციროს ატმოსფეროში ”სათბურის ეფექტის” გამომწვევი გაზების გამოყოფა, რაზედაც შესაბამისი შეთანხმების პროექტი 1997 წელს მომზადდა იაპონიის ქალაქ კიოტოში გაეროს ეგიდით ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს შეთანხმება – კიოტოს ოქმის სახელით გახდა ცნობილი.

”მე გავეცანი ამ საანგარიშო მოხსენებას, რომელიც ბიუროკრატიამ წარმოადგინა”-განაცხადა პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში პრეზიდენტმა ბუშმა. იმისათვის, რათა კიოტოს ოქმის პირობათა შესრულება გახდეს სავალდებულო, შეთანხმება – მსოფლიოს 55-ი ქვეყნის პარლამენტების მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული. ეს ის ქვეყნებია, რომლებზეც ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის გაზების საერთო მოცულობის ნახევარზე მეტი მოდის. კიოტოს ოქმი, უკანასკნელად, იაპონიის პარლამენტის მიერ იქნა რატიფიცირებული. მოელიან, რომ რუსეთი ამ წლის დამლევს მოაწერს ხელს კიოტოს ოქმს. ამ ოქმის თანახმად, მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა, 2008-2012 წლების პერიოდში, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5 პროცენტით უნდა შეამცირონ ატმოსფეროში მავნე გაზების გამოყოფა. ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ კიოტოს ოქმის ხელმოწერა, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაუმართლებელი იქნება შეერთებული შტატებისთვის: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”კიოტოს ხელშეკრულება სერიოზულად დააზარალებდა შეერთებული შტატების ეკონომიკას, და მე არ დავუშვებ ამას. ჩემთვის მისაღებია ალტერნატივა, რომელიც წამოვაყენეთ, და რომლითაც გავაგრძელებთ ეკონომიკის ზრდას, და იმავდროულად, ტექნოლოგიების მეშვეობით გარემოსაც გავაუმჯობესებთ”.

პრეზიდენტ ბუშის პოზიციას ეთანხმება ვაშინგტონში მოქმედი კვლევითი ცენტრის, კატოს ინსტიტუტის თანამშრომელი პეტრიკ მაიკლსი, რომელმაც ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიოტოს ოქმი ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს, არსებითად, გლობალური დათბობის პრობლემაზე, აი, ჩვენს ეკონომიკას კი, არნახულად დააზარალებსო.

სულ სხვა აზრისაა ვაშინგტონში მოქმედი მეორე კვლევითი ცენტრის, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის თანამშრომელი, ცნობილი კლიმატოლოგი კევინ ბაუმერტი: [კევინ ბაუმერტის ხმა] ”კიოტოს ოქმს არა აქვს გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარების პრეტენზია. ეს, ხანგრძლივ პროცესში გადადგმული პირველი ნაბიჯია. და ხსენებული ოქმის თანახმად, მისი ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლთა შეხვედრა ყოველ წელს მოეწყობა და მხარეები ემისიის შემდგომი შემცირების თაობაზე შეთანხმდებიან”.

კევინ ბაუმერტმა განაცხადა აგრეთვე, რომ სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა შეერთებული შტატების მხრიდან კიოტოს ოქმის რატიფიკაციასა და მის პირობათა შესრულებას. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რატომაა თეთრი სახლის ადმინისტრაცია ესოდენ კატეგორიული წინააღმდეგი კიოტოს ოქმისა, ბაუმერტმა თქვა, რომ როგორც ბუში, ასევე მისი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ნავთობის მრეწველობასთან არიან მჭიდრო კავშირში.
XS
SM
MD
LG