Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი სტუმრები არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში


სოზარ სუბელიანი, თბილისი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა დაწესებულებას ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუხდა ადგილის გამოცვლა.

30 მაისს, როდესაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ხონიდან ისევ ავჭალაში გადმოიყვანეს, დაწესებულებას პრეზიდენტი შევარდნაძე ესტუმრა, 7 ივნისს კი იგი საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.

“არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში”, როგორც ოფიციალურად ეწოდება ბავშვთა კოლონიას, ამჟამად 26 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, თუმცა, დაწესებულების სკოლის დირექტორის არჩილ ბერიძის თქმით, მათი რიცხვი, ალბათ, ძალიან მალე მკვეთრად გაიზრდება: [არჩილ ბერიძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“ახლა, ამ წუთში, 26 ბავშვია, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ 60 ბავშვი საგამომძიებლო იზოლატორშია. ამ 60 ბავშვიდან, მაქსიმუმ, 20 ბავშვი შეიძლება სასამართლომ გაათავისუფლოს, 40 ბავშვი კი ჩვენთან მოვა. ამავე დროს, ბათუმის საგამომძიებლო იზოლატორშიც არის 17-18 ბავშვი, ისინიც წამოვლენ ჩვენთან. ასევე, არიან ქუთაისის საგამომძიებლო იზოლატორში, ისინიც წამოვლენ ჩვენთან. პირველ სექტემბერს, ჩვენი გამოთვლით, დაახლოებით, 70-80 ბავშვი გვეყოლება სკოლაში.”
-
ისე, საშუალოდ, რამდენი ბავშვია ხოლმე სხვა დროს?
-
საშუალოდ, 100-110…”

ბატონი არჩილი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ამ დაწესებულების საშუალო სკოლას ხელმძღვანელობს და ისეთი პერიოდიც გამოუვლია, როდესაც გაცილებით მრავალრიცხოვან კონტინგენტთან უხდებოდა ურთიერთობა: [არჩილ ბერიძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
“იყო დრო, ეს იყო 1953 წელი, როცა მე დავიწყე მოღვაწეობა, ამ დაწესებულებაში 1600 აღსაზრდელი იყო, მაგრამ იქ იყო სასომხეთის კონტინგენტი, აზერბაიჯანის, ამიერკავკასიის კონტინგენტი იყო მთლიანად ჩვენთან. აქვე იყვნენ საქართველოს, ინგუშეთის, ჩეჩნეთის და ჩრდილოკავკასიის ხალხთა წარმომადგენლები – 1600 კაცი. სკოლა მუშაობდა ორ ცვლად და სწავლება იყო 4 ენაზე: ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და სომხური…”
-
“რამდენი მასწავლებელია ამჟამად?”
-
“ჩვენთან ახლა 9 მასწავლებელია, ადრე იყო 57 მასწავლებელი”.

რაც შეეხება თავად დაწესებულებას, სხვა ჩამოქცეულ-გაუბედურებული ნაგებობების ფონზე, იგი, მართლაც, ნორმალურად გამოიყურება. გარემონტებული შენობა, სუფთა ეზო, პატარა სკვერი, ცხელი წყალი და საშხაპეები, ფეხბურთის მოედანი, ერთი ცალი კალათბურთის ფარი და ახალი დირექტორი ზვიად ბაქრაძე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში სულ სხვა სფეროდან – ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტიდან მოვიდა: [ზვიად ბაქრაძის ხმა] “გაჭირვების რა მოგახსენოთ, გაჭირვებით ნამდვილად არ გაგვჭირვებია, იმიტომ რომ კარგი კონტინგენტია, თანამშრომლების მხრივ, პირველ რიგში. რაც შეეხება თვითონ მსჯავრდებულებს, ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ მქონია”.

დაწესებულების სტუმრებმა მცირე ხნით ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟის ყურებითაც კი შეიქციეს თავის, რის შემდეგაც, რეპორტაჟისა და გალიაში გამომწყვდეული კაჭკაჭის ჩხავილის ფონზე, სტუმრებს თავიანთი სათხოვარი ყველაზე მცირეწლოვანმა მსჯავრდებულმა, 15 წლის გიორგიმ, და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, კახა კობერიძემ, გადასცეს: [მსჯავრდებულ გიორგისა და კახა კობერიძის ხმა]
-
“ტრენაჟორები გვინდა, სავარჯიშო მოწყობილობა… ბავშვებს გვინდა, რომ ან ვივარჯიშოთ, ან თავი შევიქციოთ… ყველას გვინდა… კი ვთამაშობთ, ჩოგბურთის მაგიდაც გვაქვს, მაგრამ მაინც…”
-
“ბევრი რამე კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენი სახსრები ამას, ალბათ, არ ეყოფა და გვაქვს იმ ხალხის იმედი, ვისაც გულთან მიაქვს ამ ბავშვების პრობლემები და გასაჭირი”.

შენობა სამინისტროს სპეცსახსრებით გარემონტდა და 130 ათასი ლარი დაჯდა. ამგვარი საქმიანობისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული 200 ათასი ლარიდან სამინისტროს წელს არც ერთი თეთრი არ მიუღია, შარშანდელი 700 ათასი ლარი კი სეკვესტრმა შეიწირა. ისე, არასრულწლოვანთა დაწესებულების დახმარება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სხვა რომ არაფერი, დაწესებულებას აქვს ბიბლიოთეკა, რომლის საკმაოდ მწირი წიგნადი ფონდი, ძირითადად, რუსულენოვანი ლიტერატურისგან შედგება, რუსულად თარგმნილი ბალზაკის, სერვანტესისა თუ ნეკრასოვის ლირიკული პოემების ორიგინალში წამკითხველი კი დაწესებულებაში არც ისე ბევრია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ახალგაზრდებს ძალიან აწუხებთ, უტელეფონობაა, თუმცა, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჰპირდება, რომ მათ ამ პრობლემას ერთ კვირაში მოუხსნიან.
XS
SM
MD
LG