Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პრობლემები არცთუ იშვიათად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თითქმის ყოველთვის ლაპარაკი იყო გემების გაყიდვაზე,

დიდძალი თანხების “აორთქლებასა” და, საერთოდ, სანაოსნოს გაპარტახება-არარსებობაზე. პარასკევს, 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სწორედ საზღვაო სანაოსნოს შესახებ ისმენდნენ ინფორმაციას, ამჯერად – სანაოსნოს პირველი პირებისგან. სანაოსნოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ალეკო შარაძემ ილაპარაკა იმ საშუალებებზეც, რომელთა გამოყენებამ სანაოსნოს კუთვნილი თანხები უნდა დაუბრუნოს.

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს წინაშე ქართულ სახელმწიფოს რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვს. სანაოსნომ გადაიხადა თურქმენეთიდან მოწოდებული გაზის საფასურის ნაწილი – 2,8 მილიონი დოლარი, საიდანაც სახელმწიფომ მას უნდა უზღოს 2 მილიონ 100 ათასი ლარი. სანაოსნოს ასევე უნდა დაუბრუნდეს რამდენიმე წლის წინ პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციისათვის გადახდილი 390 ათასი დოლარი. ამ ვალების გასასტუმრებლად ტრანსპორტისა და ფინანსთა სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო-ეკონომიკურ ბანკში ბლოკირებულია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხა, რომლის დასაბრუნებლადაც ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა; ეს, მთავარი საფინანსო უწყების გარდა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კომპეტენციაც გახლავთ.

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ალეკო შარაძემ გააკრიტიკა მოქმედი კანონმდებლობა, რომლის ძალითაც, საქართველოს გემთმფლობელი კომპანიები, ანალოგიურ უცხოურ კომპანიებთან შედარებით, დისკრიმინირებულნი არიან [ალეკო შარაძის ხმა]: “თუ გადავხედავთ საქართველოს კანონმდებლობას, ფაქტობრივად, უცხოელი გემთმფლობელისა და არარეზიდენტი საწარმოსათვის საქართველო ოფშორული ზონაა: შეღავათი აქვთ მოგების გადასახადში, დღგ-ში, რეგულირების გადასახადის დაწესებისას (პირდაპირ მიზერულ თანხას იხდიან), ხოლო საქართველოს რეზიდენტი გემთმფლობელი კომპანია გაუსაძლის მდგომარეობაშია”.

ალეკო შარაძე აცხადებს, რომ საზღვაო სანაოსნოსი, დაახლოებით, ერთი მილიონი დოლარი მართებთ კერძო დებიტორებს, სანაოსნოს კი არ შეუძლია სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს სასამართლოში თანხის მოთხოვნით, რადგან ზოგიერთ მოვალეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. საქმეთა ძიებას პროკურატურა აჭიანურებს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი მოითხოვს, მკაფიოდ გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან დანაშაულის შემცველი და წმინდა სამოქალაქო საქმეები. ერთი მილიონი დოლარი, ირწმუნება ალეკო შარაძე, დღეს საკმარისი იქნებოდა სანაოსნოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის დასაძლევად [ალეკო შარაძის ხმა]: “დღეს ერთი მილიონი დოლარით სანაოსნო, ფაქტობრივად, გამოვა კრიზისული მდგომარეობიდან: ჩარტერით მაინც აიყვანს ერთ გამართულ ტანკერს, რომელიც ხსნისა და კრიზისიდან გამოსვლის დასაწყისი იქნება”.

ჩამოთვლილი პრობლემები ნაწილობრივ თუ ასახავს იმ სიძნელეებს, რაც დღეს სანაოსნოს მუშაობას ახლავს. აქვე შეიძლებოდა გვეხსენებინა სანაოსნოს კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონება, რომლის ეფექტურ გამოყენებას ცუდი მართვისა და მოუქნელი კანონმდებლობის გამო ვერ ახერხებენ. სასწრაფოდ გადასაჭრელ ამოცანად კი ალეკო შარაძეს სახელფასო დავალიანების გასტუმრება მიაჩნია. [ალეკო შარაძის ხმა]: “”ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; შესრულდეს კანონმდებლობის მოთხოვნები! თუ ეს მოხდება, მერე რაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენმა პარტნიორმა – იქნება ეს ქონების აუქციონზე გაყიდვა თუ კრედიტის აღება. – უწინარესად, საერთაშორისო ნორმატივების თანახმად, უნდა დაიფაროს მეზღვაურების დავალიანება – 300 ათასი ლარი. ამას ვერავინ გაექცევა, ვერც სახელმწიფო, მათ შორის. ამიტომაც სახელმწიფოს მხოლოდ თანადგომას ვთხოვთ”.

პარლამენტში საზღვაო სანაოსნოს პარასკევს მოლაპარაკე ხელმძღვანელობას ერთი მთავარი სათხოვარი ჰქონდა: ეგებ ხელისუფლება სერიოზულად დაინტერესდეს და რაიმე იღონოს მათი პრობლემების შესამსუბუქებლად. თორემ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დემურ გიორხელიძე გულუბრყვილოდ კითხულობს: მაინც, რა ფუნქცია აქვსო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს?
XS
SM
MD
LG