Accessibility links

logo-print

პოლიტიკური სისტემა და სტაბილურობის პრობლემა


2 ივნისის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაც და პოლიტიკური სპექტრიც დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბრობს. განსხვავება ისაა,

რომ პოლიტიკოსები სტაბილურობის დარღვევის შესაძლო მიზეზად პრეზიდენტსა და სახელმწიფო კანცელარიას ასახელებენ; პრეზიდენტი და მისი გარემოცვა კი მოსალოდნელი შფოთის წყაროდ პოლიტიკურ პარტიებს მიიჩნევს.

უკვე რამდენიმე წელიწადია, პოლიტიკის ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოში სტაბილურობის გარანტად კორუფცია იქცა. უფრო მკაფიოდ თუ განვმარტავთ, კორუფცია აღმოჩნდა ის ხარკი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სტაბილურობისთვის გაიღო. რისთვის სჭირდებოდა კორუმპირებული სტაბილურობა ქვეყანას? ამ შეკითხვაზე ტრადიციული სახელისუფლო პასუხი არსებობს: საერთაშორისო პროექტები - გაზსადენი, ნავთობსადენი, აბრეშუმის გზა - განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. კორუფციასთან ბრძოლა კი საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას. როდესაც დიდი პროექტები ამოქმედდება, შიდა პრობლემებიც უმტკივნეულოდ მოგვარდება. ამგვარი სახელისუფლო განმარტებით გაიარა ქვეყანამ ათწლიანი მძიმე გზა. მაგრამ გზის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ამასობაში ქვეყნის სადავეებს მთლიანად დაეუფლა "კორუფციის პარტია".

ასე რომ, ერთ მხარეს დარჩა საერთაშორისო პროექტები და ამერიკის სამხედრო დახმარება, მეორე მხარეს კი - დაუძლურებული ქვეყანა. გზადაგზა, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც "კორუფციის პარტიას" ვერ შეეწყვნენ, ხელისუფლებას ნელ-ნელა და ნებაყოფლობით ჩამოშორდნენ, რაც ბუნებრივი პროცესი იყო. ასევე ბუნებრივად, ეს ლიდერები და მათი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ ჯერ მთავრობას, შემდეგ კი - პრეზიდენტს. ამ პროცესმა თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობის გაუქმება, მმართველი პარტიის დაშლა და პროტესტული ელექტორატის გამარჯვება პირველსავე არჩევნებში.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი მყარად აკონტროლებს ძალოვან უწყებებს, როდესაც მინელდა ტერაქტების საფრთხე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები საგანგებო ურთიერთობას ამყარებს საქართველოსთან, - ქვეყანაში აქტუალური ხდება დესტაბილიზაციის თემა. ამ თემაზე საუბრობს ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს გამიჯნული პოლიტიკური პარტიებისგან ელის. ამ თემაზე საუბრობენ პარტიებიც, რომლებიც დესტაბილიზაციის ავტორად "კორუფციის პარტიის" ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს აცხადებენ. ფაქტია, რომ დღეს მთავრობის სხდომა და პარლამენტის სხდომა ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან თემებითაც, პრობლემებითაც, ვერბალური ქსოვილითაც და მსოფლხედვითაც. ქვეყანაში ორი სახელისუფლო სივრცეა და მათ შორის სრული უფსკრულია. ერთიანი პოლიტიკური და სახელისუფლო სისტემა ორად არის გაყოფილი. რაც ყველაზე მეტად საშიშია, თითოეული ნაწილის არსებობის პირობა მეორის განადგურებაა. ამ ვითარებაში დესტაბილიზაციის საფრთხე, მართლაც, რეალურია და მისი წყარო მოთმინებადაკარგული ხალხი კი არ არის - როგორც ხშირად წარმოაჩენენ - არამედ, ისევ და ისევ, ხელისუფლებაა.
XS
SM
MD
LG