Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები სტუმრების უფრო გულდასმით შემოწმებას აპირებს უსაფრთხოების მოსაზრებებით


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, 5 ივნისს, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 100 ათასზე მეტ ვიზის მფლობელს ამერიკაში შესვლისას თითების ანაბეჭდებს აუღებენ და ფოტოსურათებს გადაუღებენ.

“ეს ზომა არის ეროვნული უშიშროების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი” ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური პირების თქმით, თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება იმ ხუთ ქვეყანაზე, რომლებიც ტერორისტების მფარველებად არის ცნობილი. ესენია: ირანი, ერაყი, ლიბია, სუდანი და სირია.

მაგრამ იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა თქვა, რომ შესვლისა და გასვლის რეგისტრაციის სამსახური, საბოლოო ჯამში, შეამოწმებს დაახლოებით 35 მილიონ ადამიანს (ამდენი შედის ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში) თუ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრებიან. ამ მუქარის კრიტერიუმი საიდუმლოდ იქნება შენახული. “11 სექტმებრის შემდეგ ეროვნული უშიშროების დეფინიცია შეიცვალა და შეიცვალა სამუდამოდო”, თქვა ეშკროფტმა.

ცოტა ხნის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ შეამოკლებს ზოგიერთი ვიზის ვადას და დააწესებს უფრო მკაცრ ზომებს სტუდენტურ ვიზებზე. კონგრესმა გასცა განკარგულება იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურს 2005 წლიდან შეამოწმოს ყველა სტუმრის შესვლა და გასვლა შეერთებული შტატებიდან. ეშკროფტის თქმით, ახლადშემოღებული ზომები ამ სისტემის მხოლოდ საწყისი ფაზაა.

აღსანიშნავია, რომ 11 სექტემბრის თავდასხმების 19 მონაწილის ვიზა სავსებით კანონიერი, თუმცა ზოგიერთი ვადაგადაცილებული იყო.

ახალმა ინიციატივამ აღაშფოთა იმიგრანტთა ჯგუფები და კონგრესის ზოგიერთი წევრი. ედუარდ კენედი, მასაჩუსეტსის შტატის დემოკრატი სენატორი, შეაშფოთა იმან, რომ ახალი წესები მუსლიმანებისა და არაბების წინააღმდეგ არის მიმართული. მისი აზრით, ასეთი წესები ქვეყანას ტერორიზმისგან არ დაიცავს.

მაგრამ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა ფლორიდის შტატიდან, მარკ ფოლიმ ზომას “სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა”. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც შეერთებული შტატების კლასიფიკაციით ტერორიზმის მფარველი ქვეყნებიდან მოდიან, თვითმფრინავში ან გემში ჩაჯდომამდე უნდა აღირიცხონ.

ინიციატივა ძალაში შემოდგომაზე შევა. იქამდე საზოგადოებას შენიშვნების გაკეთების საშუალება ეძლევა. ახალი წესების თანახმად, 14 წლის ასაკზე უფროს სტუმარს, რომელსაც არა-იმიგრაციის ვიზა აქვს, და რომელიც ეჭვებს იწვევს, ამერიკაში შესვლამდე მოეთხოვება თითების ანაბეჭდი და ფროტოსურათი.

ისინი კი, ვინც უკვე იმყოფება შეერთებულ შტატებში 30 დღეზე მეტს, უნდა აღირიცხონ იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურში და მიიტანონ ცნობა, რომ მუშაობენ ან სწავლობენ, ან ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. მათ წელიწადში ერთხელ მოეთხოვებათ აღრიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ელით ჯარიმა, დაპარტმირება ან დეპორტაცია.

ოფიციალური პირების თქმით, ახალი წესები მათი მოქმედების პირველი წლის განმავლობაში 100 ათას ახალ სტუმრს შეეხება.
XS
SM
MD
LG