Accessibility links

logo-print

438-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 438-ე გამოშვება.

ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი, ტრადიციისამებრ, ”მეათე სტუდიას” ეთმობა. ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში, როგორც დაგპირდით, ჯერ 2 ივნისის არჩევნების თემას დავუბრუნდებით და ჩავეძიებით ბურუსით მოცულ შეკითხვას: ვინ და ვის სასარგებლოდ გააყალბა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები? გარდა ამისა, არჩევნებს უცხოელის თვალით შევხედავთ: ამერიკელი ექსპერტი მარკ მალენი არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე მოგვითხრობს. შემდეგ შევეცდებით, პასუხი გამოვუძებნოთ კიდევ ერთ შეკითხვას: დარჩება თუ არა საქართველო რუსული გავლენის სფეროში? ბოლოს კი სპორტის თემაზე ვისაუბრებთ და საინტერესო ამბების კალეიდოსკოპსაც შემოგთავაზებთ.

[მუსიკა]
ვინ და ვის სასარგებლოდ გააყალბა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები?

წამყვანი:
”მეათე სტუდიის” დღევანდელ, 438-ე გამოშვებაში ვაგრძელებთ სიუჟეტების ციკლს, რომელიც ”შეთქმულების თეორიებს” ეხება. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ციკლის პირველ გამოშვებაში შეთქმულების თეორიის ჩასახვის ზოგიერთ მიზეზს შევეხეთ, მათ შორის ადამიანების შიშს მათ წინააღმდეგ მტრული, ფარული ძალების შესაძლო მოქმედების გამო.

და თუ შეთქმულების თეორიებისადმი მიძღვნილი ბოლო გადაცემა თბილისში 25 აპრილის მიწისძვრას დაეთმო ( მაშინ გამოვეხმაურეთ მითქმა-მოთქმას ამ მიწისძვრის მტრული ძალების მიერ მოწყობის შესაძლებლობის შესახებ), დღეს 2 ივნისის არჩევნებზე, ანუ მომცრო ”პოლიტიკურ მიწისძვრაზე” ვისაუბრებთ. შემდეგი მიზეზით: ტრადიციულად, შეთქმულების თემა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩნდება ხოლმე. და არც თუ უსაფუძვლოდ! შეთქმულების იდეა მჭიდროდ უკავშირდება ხელისუფლების საკითხს იმ თავისებურებით, რომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე ქვეყნებში, სადაც საკანონმდებლო ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, შეთქმულების საფარში არჩევნების გაყალბება ეხვევა. თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ ზოგიერთ დეტალს საქართველოში არჩევნების მანიპულაციის არც თუ თავმოსაწონი ისტორიიდან.

თამარ ჩიქოვანი:
ალბათ, თუნდაც ორი წლის წინათ იმის წარმოდგენაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ საქართველოში არჩევნების შედეგების გადასინჯვის თემა განხილვის საგნად იქცეოდა. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები საქართველოში თითქმის ყოველთვის მეტ-ნაკლები მასშტაბით ყალბდებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყანაში დაკანონებული ეს მანკიერი წესი საერთაშორისო დონეზე გააპროტესტა, 1999 წელს ლეიბორისტების მიერ საპარლამენტო არჩევნების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება გახლდათ.

და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, ალბათ, ყველაზე უცნაურ და ბურუსით მოცულ არჩევნებად შეიძლება ჩაითვალოს. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რომელიც ამ კვირაში პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია ოცდამეერთე საუკუნის წევრმა ჯემალ გამახარიამ დააყენა:
[ჯემალ გამახარიას ხმა] “ ბოლოს და ბოლოს, ვინ ისარგებლა გაყალბებით ამ არჩევნებზე? ჩემთვის გაუგებარია, ვინ ისარგებლა, რომელმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ყველაზე მეტი ვინც მიიღო, ყველაზე მეტს გაიძახის, რომ გაყალბდა არჩევნები. ჩვენ რა უნდა ვქნათ, ამიხსენით...

პარლამენტარის გაკვირვებას უსაფუძვლოს ნამდვილად ვერ უწოდებ. აქამდე ჩატარებული არჩევნებისას ყველაფერი გასაგები იყო: არჩევნები ყალბდებოდა სახელისუფლებო პარტიისა და, აგრეთვე, აჭარაში - ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიების სასარგებლოდ. გამყალბებელიც გარკვეული იყო – ძალისმიერი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომელთა ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს მოგვიანებით გულწრფელად აღიარა კიდეც. შეგახსენებთ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის ზუსტად ერთი წლის წინანდელ განცხადებას: [კახა თარგამაძის ხმა] “ და თუ მე რაიმე ფორმით და მხარდაჭერით ხელი შევუწყე ასეთი ხალხის აღზევებას, არც იმის შემეშინდება, ბოდიში მოვიხადო ქართველი ერისა და საქართველოს წინაშე.”

ის ხალხი, ვის აღზევებასაც კახა თარგამაძემ ხელი შეუწყო, დღესაც არ უარყოფს, რომ ხელისუფლების სათავეში გაყალბების გზით მოხვდა. ამჯერად შემოგთავაზებთ ახლად ჩამოყალიბებული ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ბარამიძის მოსაზრებას გაყალბების თაობაზე: [ გიორგი ბარამიძის ხმა ] “ ესენი ამტკიცებენ, რომ იყო გაყალბებული. ჩვენ ვამბობთ, რომ იყო ცალკეული გაყალბებები, მაგრამ თქვენ ლაპარაკობთ, რომ იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალურ გაყალბებასა და ცალკეულ გაყალბებას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება.” [სტილი დაცულია]

და მაინც, ვინ და ვის სასარგებლოდ გააყალბა 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, სრულიად გაუგებარია. ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატიული ფრონტი და ქრისტიანულ-კონსერვატორული პარტია გაყალბების ავტორად ასახელებენ პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელმაც არჩევნები ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების სასარგებლოდ გააყალბა. ახალი მემარჯვენეების კითხვას, რატომ აქვთ ასეთ შემთხვევაში მათ მხოლოდ მესამე ადგილი, ნაციონალური მოძრაობის წევრი კოტე კემულარია უპასუხებს:
[კოტე კემულარიას ხმა] “თქვენ გებრძოდათ შევარდნაძის სხვა ჯგუფი და სხვა კლანი.”

ფრაქცია აღორძინებაც გამყალბებლად პრეზიდენტ შევარდნაძეს მიიჩნევს, ერთი განსხვავებით. აღორძინების ლიდერის ჯემალ გოგიტიძის განცხადებით: [ჯემალ გოგიტიძის ხმა] “ უკვე საუბრობენ, რომ 32 ათასი ბიულეტენი შევარდნაძის მითითებით იქნა გაცემული ნაციონალურ მოძრაობაზე და მოქალაქეთა კავშირის სხვა ნარჩენ პარტიაზე.”

დაბოლოს, გაყალბებებზე საუბრის მიუხედავად, პარტიების წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უარი თქვეს თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების ხელახალ დათვლაზე. ანუ, როგორც ჩანს, მართლი იყო ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი, როცა აცხადებდა: [აკაკი ასათიანის ხმა] “ამ პარლამენტის მნიშვნელოვან ნაწილს არ უნდოდა წესიერი არჩევნების ჩატარება. ამ ქვეყანაში ყველას ყოველთვის იმედი აქვს, რომ რაღაც საშუალებით მიაღწევს ხელისუფლებას. არავის არ უნდა წესიერი თამაში. არავის არ უნდა.”

თამარ ჩიქოვანი რადიო ”თავისუფლებისათვის”. თბილისი.

წამყვანი:
მაშ ასე, როგორც თამარ ჩიქოვანის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ითქვა, დარღვევებს 2 ივნისის კენჭისყრაში ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა აღიარებს. ოღონდ, მაინც სრულიანდ გაუგებარი რჩება, ვინ და ვის სასარგებლოდ გააყალბა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ჩვენც გადავწყვიტეთ, ის მაინც გაგვერკვია, როგორ აყალბებენ არჩევნების შედეგებს – ანუ ზოგადად, გაყალბების რა მეთოდები, რა მექანიზმი არსებობს. ამ და ზოგიერთი სხვა შეკითხვით დღევანდელი პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივმართეთ უცხოელ ექსპერტს. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების დირექტორი, მარკ მალენი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, კენჭისყრის გაყალბების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს აღწერს:

[მალენის ხმა] ”არჩევნების გაყალბების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს საქართველოში მიეკუთვნებოდა საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა, როცა ბიულეტენების 10-20 პროცენტს (დავუშვათ, 200-300 ბიულეტენს) კენჭისყრის წინა ღამეს გვერდზე დებდნენ, მათ გარკვეული პარტიის სასარგებლოდ შეავსებდნენ და შემდეგ ნაწილ-ნაწილ, ვთქვათ, 10-10 ბიულეტენს ყრიდნენ საარჩევნო ყუთში. ამის მერე საჭირო ხდებოდა დღის განმავლობაში ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიაში 200-300 ხელმოწერის რაღაცნაირად დამატება. საამისოდ სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად, ოჯახის მამა მიდის საარჩევნო უბანში და ითხოვს 5 თუ 10 ბიულეტენს თავისი ოჯახის წევრებისათვის. ასე რომ, ერთი ადამიანის მოქმედებაზე იმდენად ბევრია დამოკიდებული, რომ მას ფულს უხდიან და ისიც ასრულებს გარკვეული პარტიის მოთხოვნას.”

მარკ მალენის ინფორმაციით, ” საოჯახო კენჭისყრის” შემთხვევები, ანუ როცა ერთი ადამიანი 5 თუ 10 კაცის ბიულეტენებს ყრიდა, 2 ივნისს ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება გაყალბების კიდევ ერთ ”პოპულარულ” მეთოდს...

[მალენის ხმა]: ”კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, არის ”კარუსელი” – ასე უწოდებენ სხვადასხვა საარჩევნო მექანიზმს. მაგრამ ამ არჩევნების შემთხვევაში კარუსელი ნიშნავს ადამიანების მიყვანას სხვადასხვა საარჩევნო უბანში, ანუ ისინი არჩევნებში რამდენიმეჯერ, სხვადასხვა ადგილას მონაწილეობენ. არ ვიცი, 2 ივნისის არჩევნებში ასეთი რამ მოხდა თუ არა. მაგრამ, სავარაუდოდ, ”კარსუელი” მასობრივად არ გამოუყენებიათ”.

სხვათა შორის, ამ საკითხზე სხვა მოსაზრებაც არსებობს: საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორმა, გოჩმა ცქიტიშვილმა ჩვენს რადიოსთან არჩევნების დღეს, ანუ 2 ივნისს ინტერვიუში ასეთი სიტყვები წარმოთქვა კენჭისყრაში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის მოულოდნელად დიდ წარმატებასთან დაკავშირებით: [გოჩა ცქიტიშვილის ხმა] ”ამ საკითხს ვუკავშირებ ვირტუალური კარუსელების ხმებს. მთელმა ქალაქმა იცის, როგორ დადიოდა პოლიციასთან ერთად ბევრი მანქანა ქალაქში და ბუნებრივია, ისინი თავის სიტყვას ამბობდნენ”.

მაგრამ მოდით, ისევ ამერიკელი ექსპერტის შეფასებებს დავუბრუნდეთ... მარკ მალენთან საუბარმა ცხადჰყო, რომ ის არჩევნებში მომხდარი დარღვევების თუ მთავარ არა, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად არჩევნების უკიდურესად ცუდ ორგანიზაციას მიიჩნევს: [მალენის ხმა] ”არჩევნები იმდენად უხეიროდ იყო ორგანიზებული, რომ ამ მხრივ, ალბათ საქართველოში ჩატარებულ ყველა კენჭისყრაზე უარესად უნდა ჩაითვალოს. ხოლო არჩევნების ცუდი ორგანიზაცია მათზე ზეგავლენის შესაძლებლობას აძლევს ძალაუფლების მქონეთ. შესაბამისად, რაც უნდა იყოს უხეირო ორგანიზაციის მიზეზი, ყოველთვის არსებობს ეჭვი, რომ ეს განზრახ მოხდა, რომ ეს ვიღაცას გამოადგა შედეგების მანიპულაციაში. თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სურათი გამოიკვეთა. თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა, შეიძლება ითქვას, კატასტროფული პრობლემა იყო ამომრჩევლეთა სარეგისტრაციო სია: რეგისტრირებული არ იყო ათასობით ადამიანი; ბევრი პარტია აცხადებდა, რომ რეგისტრირებული არ იყვნენ მათი მომხრეები; იყო არ-არსებულ პირთა რეგისტრირების შემთხვევები. მოკლედ, სარეგისტრაციო სიები უკიდურესად დაბალი ხარისხისა იყო. და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს საპარლამენტო არჩევნებამდე. ვინაიდან ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო უფრო როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა – არჩეულებს ხომ დიდი ძალაუფლება არა აქვთ. აი, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები სულ სხვა საქმეა.”

მარკ მალენმა გაიხსენა აღმოსავლეთი ევროპის არაერთი ქვეყნის, მათ შორის ჩერნოგორიის მაგალითი – იქ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიები გამოქვეყნებულია ინტერნეტში. ასე რომ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას თუ ცალკეულ პირს შეუძლია შემოწმება, ვინ არის ან ვინ არ არის რეგისტრირებული. [მარკ მალენის ხმა] ”თუ საქართველო ამას ძალიან მალე არ გააკეთებს, მომავალ წელს ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება”, თქვა ამერიკელმა ექსპერტმა და ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ივნისის არჩევნებამდეც დაჟინებით სთხოვდნენ სარეგისტრაციო სიების მომზადებას.

[მარკ მალენის ხმა]”მათ ძალიან დიდი ხანია სთხოვდნენ ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიებს, მაგრამ კომისიას სიები არ შეუდგენია. არ ვიცი რატომ – იქნება რაიმე გრანტს მოელოდნენ? არ ვიცი. ჩემთვის გაურკვეველია აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება სარეგისტრაციო სიებისადმი. ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სია არის ზუსტი ინფორმაციის შემცველი სია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 18 წელს გადაცილებული ნაწილის შესახებ. იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობენ ეს ადამიანები, რა არის მათი ასაკი. და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც დიდ ფულს აკეთებს პენსიების, თუ ლტოლვილთა დახმარების განაწილებით. მათთვის ფულის კეთების წყაროა ის გარემოება, რომ საჯაროდ ცნობილი არ არის, ვინ სად იმყოფება. ასე რომ, ზუსტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი სარეგისტრაციო სიის არსებობა შესაძლოა, შემაშფოთებელი იყოს ზოგი კორუმპირებული პირისთვის მთავრობაში.”

ასე რომ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოში საჭირბოროტო საკითხების განხილვამ კორუფციის პრობლემამდე მიგვიყვანა. კორუფციის პრობლემისა არ იყოს, არჩევნების შედეგების გაყალბების პრობლემაც, ცხადია, მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს. თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია. და თუ ორგანიზაცია ”ტრანსპარენსი ინტერნეშენალი” ყოველ წელს აქვეყნებს ერთგვარ ”მსოფლიო რეიტინგს” კორუფციის მაჩვენებლების მიხედვით, არჩევნების გაყალბების მხრივ ქვეყნების რეიტინგი არ არსებობს. მაგრამ, როგორც, მარკ მალენისაგან შევიტყვეთ, ასეთი რეიტინგის შედგენის შესაძლებლობაზე შიგადაშიგ ლაპარაკობენ. და თუ სიტყვა საქმედ იქცა, შესაძლოა (გაყალბების მასშტაბისა და მეთოდების მხრივ) საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარება შევძლოთ: ეს მომავალში. ახლა კი დროა, არჩევნების თემას გამოვეთხოვოთ.

[მუსიკა]

დარჩება თუ არა საქართველო რუსული გავლენის სივრცეში?

წამყვანი:
ათიოდე დღის წინ იტალიაში, პრატიკა-დი-მარეში დასრულებულ ნატო-რუსეთის სამიტს ქართული მასმედია მოკრძალებულად გამოეხმაურა. სამიტის პრობლემატიკას დამოუკიდებელმა პრესამ, ფაქტობრივად, გვერდი აუარა. ერთადერთ გაზეთში ფსევდონიმით გამოქვეყნდა პრეზიდენტ შევარდნაძესთან დაახლოებული პირის სტატია, რომელშიც ის ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნის ერთ-ერთ შედეგად აცხადებს საქართველოს საბოლოო დარჩენას რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო გავლენის სივრცეში, რასაც, თითქოს, საფუძვლად დაედო რუსეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების შეთანხმება. რამდენად სარწმუნო და გასაზიარებელია ეს მტკიცება? ჩვენმა თანამშრომელმა, დავით პაიჭაძემ ამ შეკითხვით მიმართა პოლიტიკის ექსპერტს, ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის” პრეზიდენტს, ალექსანდრე რონდელს.

დავით პაიჭაძე:
დანამდვილებით ძალიან ძნელი სათქმელია, ილაპარაკეს თუ არა იტალიაში რუსეთისა და ნატოს სახელმწიფოთა მეთაურებმა იმაზე, ვისი გავლენის სფეროში დარჩებოდა საქართველო, ან რამდენად გამომდინარეობდა ამ შეხვედრიდან მაინცდამაინც ასეთი შედეგი. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო პრესა უფრო ნატოს მომავალზე, შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი პარტნიორების ასევე სამომავლო ურთიერთობებზე ლაპარაკობდა. რაც შეეხება შეთანხმებას, რომლის ძალითაც დასავლეთი შავიზღვისპირეთის ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები, ხოლო აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოები საბოლოოდ დარჩებიან უწინარესად რუსეთის პოლიტიკის ობიექტებად, ამას "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევები ფონდის" პრეზიდენტმა, პოლიტიკის ექსპერტმა, ალექსანდრე რონდელმა ასეთი კომენტარი გაუკეთა [რონდელის ხმა]: “ჩვენში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ კონსპირაციის თეორიათა ტყვეობაშია და, ალბათ, ჟურნალისტების ნაწილიც. მე ამ ინტერპრეტაციას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, ის მცდარია. ეს არის მოვლენათა სასურველად წარმოდგენა და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. საქმე ისაა, რომ რუსეთს ელოლიავებიან, პატივს სცემენ და ნატოს რაღაც ურთიერთობა აქვს მასთან იმიტომ, რომ ეს კომპენსაციის გარკვეული ფორმაა. ამავე დროს, რუსეთის გარიყვა არავის არ უნდა საერთაშორისო პოლიტიკიდან. რუსეთი მნიშვნელოვანი მონაწილე, მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკაში თავისი ბირთვული იარაღით. ყველამ ვიცით რა ხდება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ტერორიზმთან ბრძოლის განხრით. ამ კონტექსტში მიმდინარეობს რუსეთის ამბიციათა დაკმაყოფილება, მისი ინტეგრირება, მისი ჩათრევა საერთაშორისო პროცესებში, ნატოსტან დაახლოება მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე... ეს არის კომპენსაციის სტრატეგიის ნაწილი და არა გაყოფისა თუ რაღაც ხაზების გავლების. მე ვფიქრობ, ამას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს”.

საქართველოს ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსის აღსაწერად ხშირად მიმართავენ “პროდასავლურის” ცნებას, რომელიც, ტრადიციულად, უპირისპირდება ცნება “პრორუსულს”. ამავე დროს, პოლიტიკით დაინტერესებული კაცისთვის თვალსაჩინოა, რომ რუსეთს უფრო ინტენსიური და პროდუქტიული ურთიერთობები აქვს ამერიკასა და ევროპასთან, ვიდრე საქართველოს. შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს “პრორუსული” პოლიტიკა მალე დაემთხვეს “პროდასავლურს” ან “პროევროპულს”? ე.წ. “რუსული ორიენტაცია” თავისთავად ნიშნავდეს ორიენტაციას ევროპისაკენ? ალექსანდრე რონდელის აზრით [რონდელის ხმა]: “თეორიულადაც და პრაქტიკულადაც ამგვარი ვითარების წარმოდგენა შესაძლებელია, ოღონდ დღეს და ხვალ – არა. დღესდღეობით საკუთრივ რუსეთში არის დიდი ბრძოლა. იქ ისეთ ინტენსივობას მიაღწია ბრძოლამ ე.წ. პროდასავლელებსა და ე.წ. ორიგინალური რუსული გზის მაძიებლებს შორის, რომ, მე მგონი, შეიძლება ცუდი რაღაცეები მოხდეს. ეს სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს ესტაბლიშმენბტის იმ ნაწილს შორის, რომელსაც “დერჟავნიკებს” უწოდებენ (ესენი ძირითადად არიან სამხედროები და სახელმწიფო მანქანის ნაწილი) და, მეორე მხრივ ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობს. იქ პირდაპირ აბრალებენ პუტინს, რომ ის პროდასავლელი კაპიტულანტია. ამ ძალებს გავლენა და ბაზა შემოაკლდებათ, როგორც კი ეკონომიკური დინამიზმი უფრო შესამჩნევი გახდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას იგრძნობს. დრომოჭმულია პოსტიმპერიული თუ ნეოიმპერიული ინერცია, რომელიც რუსეთსა და მის მიმდებარე ქვეყნებს განიხილავს, როგორც საკუთარ ბოსტანს. ეს დრომოჭმული შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება: რუსეთში მოდის უფრო რაციონალურად მოაზროვნე ახალი თაობა, რომელსაც კარგად ესმის – დასავლეთი, დასავლური ფასეულობები – ეს არის უწინარესად კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ნორმები. ჩვენც ვცდილობთ, ამ გზით წავიდეთ. ამიტომაც მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ერთად ვიაროთ ამ უნივერსალური ფასეულობებისკენ და ვიყოთ ძალიან კარგი მოკავშირეები, მეგობრები... შეიძლება, მე ვერ მოვესწრო, მაგრამ, მგონია, ორივე ქვეყანა ევროპის ერების ოჯახის წევრი იქნება, ოღონდ – ცოტა შორეულ მომავალში”.

დავით კაკაბაძე, რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი

[მუსიკა]

წამყვანი:
ახლა პოლიტიკას გამოვეთხოვებით და სპორტის თემას შემოგთავაზებთ - ოღონდ საფეხბურთო ციებ-ცხელებას არ შევეხებით: ჭადრაკზე ვისაუბრებთ.

საქართველოს საჭადრაკო ცხოვრება

ამ რამდენიმე დღის წინ დამთავრდა საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 62-ე ჩემპიონატი, რომელშიც, ძირითადად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებამ გამოავლინა ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის ხუთი მონაწილე. ამ ტურნირისა და საქართველოს ბოლოდროინდელი საჭადრაკო ცხოვრების ზოგიერთი სხვა მომენტის შესახებ გიორგი კაკაბაძე მოგითხრობთ.

გიორგი კაკაბაძე:
საქართველოს ჩემპიონობის ყველაზე რეალურ პრეტენდენტებად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები იყვნენ მიჩნეულნი. მართალია, ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი, გამოცდილი დიდოსტატი ზურაბ სტურუა, მაგრამ იგი მთელი ასპარეზობის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს და სწორედ ამით უნდა აიხსნას მისი მოკრძალებული შედეგი – 9 ყაიმი და არც ერთი მოგება.

ჩემპიონატი კი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. თავიდან დაწინაურდა შარშანწინანდელი ჩემპიონი, რუსთაველი დიდოსტატი თამაზ გელაშვილი, რომელმაც სტარტზე 5 გამარჯვება მოიპოვა. იგი მერვე ტურის შემდეგაც ლიდერობდა ერთპიროვნულად, 6,5 ქულით, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა.

დასკვნითი მე-12 ტურის წინ კი შეჯიბრებას, 8,5-8,5 ქულით, ლიდერობდნენ შარშანდელი ჩემპიონი, საერთაშორისო ოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი და საერთაშორისო ოსტატი ზვიად იზორია, რომელიც არაერთ საერთაშორისო ტიტულს ფლობს სხვადასხვა ასაკის ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის. მაგრამ ბოლო ტურში იზორიამ ვერ გაუძლო 18 წლის დიდოსტატის ბაადურ ჯობავას შეტევას, 25 სვლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, მჭედლიშვილმა კი ყაიმით დაამთავრა შეხვედრა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვებულმა დიდოსტატის ნორმა შეასრულა.
ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა თამაზ გელაშვილმა, მე-4 – მე-5 ადგილები გაიყვეს ბაადურ ჯობავამ და თბილისელმა საერთაშორისო ოსტატმა დავით ლობჟანიძემ. პირველ ხუთ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ვაჟთა პირველობაში, რომელიც 12 ივნისს ბათუმში აიღებს სტარტს. გარდა ამისა, მიხეილ მჭედლიშვილი საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სლოვენიის საჭადრაკო ოლიმპიადაზეც იასპარეზებს.

საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც სწორედ შეჯიბრების დამთავრებისთვის შეუსრულდა 23 წელი, პროფესიით ინჟინერია. აი, რას ამბობს მის შესახებ ცნობილი საჭადრაკო მოღვაწე, სართაშორისო არბიტრი თენგიზ გიორგაძე:
[გიორგაძის ხმა] “ჩვენი საჭადრაკო საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს მასზე იმიტომ, რომ არის ძალიან დარბაისელი მოჭადრაკე, ძალიან შრომისმოყვარე და, რაც მთავარია, დიდი მებრძოლი. ერთადერთია მჭედლიშვილი, რომელსაც ჩემპიონატში პარტია არ წაუგია.”

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში სულ 144 პარტია გათამაშდა, საიდანაც მხოლოდ 29 დამთავრდა ყაიმით, რაც მოჭადრაკეთა უაღრესად მებრძოლ სულისკვეთებაზე მიუთითებს.

თენგიზ გიორგაძე სხვა საკითხებსაც შეეხო ჩემთან საუბარში, მათ შორის, საგამომცემლო და ჭადრაკის სწავლებასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით გურგენიძემ და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა გიორგი მაჭარაშვილმა უკვე მეორედ გამოუშვეს წელიწდეული, სადაც ასახულია ქართველ მოჭადრაკეთა შარშანდელი მონაწილეობა ყველა დონის შეჯიბრებაში. გარდა ამისა, დავით გურგენიძემ – საერთაშორისო დიდოსტატმა საჭადრაკო კომპოზიციაში - რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი, სადაც შეკრებილია საერთაშორისო დიდოსტატის, ეტიუდისტ გია ნადარეიშვილისადმი მიძღვნილი კონკურსების ამსახველი მასალები.
ქუთაისელმა მწვრთნელმა ალეკო არსენიძემ, რომელსაც სპორტის აკადემიის ჭადრაკის განყოფილების ასპირანტურა აქვს დამთავრებული, 35 მოკლე ლექციის კრებული დაბეჭდა დამწყები მოჭადრაკეებისათვის. 17.30[გიორგაძის ხმა]

“და აი, ამ პროგრამით და ამ პატარა ბროშურებით ქუთაისში უკვე ასწავლიან ჭადრაკს, მაგალითად, 30-ე და 22-ე სკოლაში. მეორე წიგნი, რომელიც, ასევე, უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის არის განკუთვნილი, ეკუთვნის აწ გარდაცვლილ მწვრთნელ ანზორ მაჩიტიძეს. ოთხ ტომად ჰქონდა ჩაფიქრებული და გამოვიდა პირველი ტომის პირველი ნაწილი”. 17.54

საინტერესოა, რომ თავად თენგიზ გიორგაძე რუსულ ენაზე გამოსაცემად ამზადებს წიგნს, სახელწოდებით “სარკმელი ჭადრაკის სამყაროში”. კრებული შეიცავს სტატიებს, რომლებიც ყოველ შაბათს იბეჭდება გაზეთ “სვობოდნაია გრუზიაში”.

გიორგი კაკაბაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”. თბილისი

წამყვანი:
საინტერესო ამბებს დღეს არა მარტო გიორგი კაკაბაძისაგან, არამედ ბიძინა რამიშვილისგანაც მოისმენთ. ბიძინამ ტრადიციული ”კალეიდოსკოპი” მოამზადა.

[მუსიკა]

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ამერიკულმა კონცერნმა მაკდონალდსმა 10 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ინდუისტებსა და ვეგეტარიანელებს. როგორც ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს ოთხშაბათს, ასეთ გადაწყვტილებამდე მივიდნენ მას მერე, რაც აღმოჩნდა, რომ მაკდონალდსი წლების მანძილზე საქონლის ცხიმს ურევდა კარტოფილის შესაწვავად გამიზნულ ზეთში. არადა, 1990 წლიდან მოყოლებული მაკდონალდსის სარეკლამო კამპანიებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ კარტოფილის ე.წ. ”ჩიპსებს” მხოლოდ მცენაურეულ ზეთში წვავენ. მოგეხსენებათ, ინდუისტები ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევენ და საქონლის პროდუქტებს არ ჭამენ. მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდის გარდა, მაკდონალდსი დათანხმდა შექმნას მრჩეველთა საბჭო, რომელიც კონცერნს მომავალში ინფორმაციას მიაწვდის მუშტრების კვების სხვადასხვა ჩვევების შესახებ.

[მუსიკა]

გერმანიის მთელი რიგი საავტომობილო ფირმები საწვავად წყალბადის გამოყენების პერსპექტივებს სწავლობენ. სამშაბათს შეთანხმებული ერთობლივი პროექტის თანახმად, უნდა შესწავლილ იქნეს, რამდენად არის შესაძლებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში წყალბადის ხმარება, რამდენად შეეგუება მუშტარი წყალბადის საწვავის მანქანის ძრავაში ჩატვირთვის ახალ წესებს. ხუთწლიან პროექტში მონაწილეობენ ”დაიმლერ-კრაისლერი”, ”ბე-ემ-ვე”, ”ფორდი”, ”მანი”, ”ოპელი”, აგრეთვე ბენზინის გასამართი სადგურების კონცერნი ”არალი”. მათ განზრახული აქვთ, 2003 წლიდან 30-მდე საცდელი მანქანის პარკი შექმნან.

[მუსიკა]

როგორც მილანის უნივერსიტეტიტის მკვლევრებმა დაადგინეს, თავის ტკივილს, შაკიკს, შეიძლება ე.წ. ”პრობიოტული ბაქტერიების” მეშვეობით მოევლოს. აღმოჩნდა, რომ პაციენტების ერთი მეხუთედი კუჭ-ნაწლავის ბაქტერია Heliobacter pylori-ით იყო დაავადებული. პაციენტების ნაწილს ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, ნაწილს კი ლაქტობაცილებით, რომელთაც მაწონი შეიცავს. შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა. მაწვნის ბაცილებით მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ანტიბიოტიკებზე. შესაბამისად, შაკიკის სიმპტომებმაც მკვეთრად იკლო.

[მუსიკა]

უკვე ერთი კვირაა, მსოფლიო ფეხბურთის ციებ-ცხელებით არის მოცული. ამ ხნის მანძილზე არაერთი საინტერესო თამაში და ლამაზი გოლი ვიხილეთ იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. კიდევ უფრო მეტი წინა გვაქვს. მაგრამ იშვიათად დავფიქრებულვართ იმაზე, რა საფრთხეს უქმნის ფეხბურთელს თავური დარტყმა. ამერიკელმა მეცნიერებმა ახლახან გამოაქვეყნეს გამოკვლევის შედეგები, რომლის დროსაც შეისწავლეს თავით დარტყმის მექანიკა და ტვინის ფუნქციონირებაზე მისი გავლენა. აღმოჩნდა, რომ სწორად შესრულებული თავური დარტყმით არა მარტო სასურველი სპორტული შედეგი მიიღწევა, არამედ ტვინში მცირე სისხლის ჩაქცევების თავიდან აცილებაც ხერხდება. მაინც რა ტექნიკაზეა ლაპარაკი? ამერიკელ მკვლევართა თანახმად, თავით დარტყმის მომენტში აუცილებელია კისრის კუნთების დაძაბვა და წელს ზემოთ ტანის მკვეთრი მოძრაობა თავთან ერთად. ვნახოთ, დაიცავს თუ არა ეს მეთოდი ამერიკელ ფეხბურთელებს წარუმატებლობისგან და ტრავმებისგან.

წამყვანი:
”მეათე სტუდია” და მასთან ერთად რადიო ”თავისუფლების” ქართული რედაქციის დღევანდელი პროგრამა დასასრულს მიუახლოვდა. ყოველკვირეული რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას უძღვებოდა მარიამ ჭიაურელი.
XS
SM
MD
LG