Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელ მიმოხილვაში კვლავაც ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტს შევეხებით, ვისაუბრებთ ახალ ურთიერთობაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის,




და ბოლოს გაგაცნობთ გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას ტიანანმინის მოედანზე, პეკინში, 13 წლის წინათ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაზეთ ”დეილი ტელეგრაფის” აზრით, ამაო აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის მცდელობა, რასაც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ძიან ცზემინმაც აუბა მხარი, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დაეყოლიებინა ალმა-ატაში გამართულ სამიტზე, ომის ზღვარზე მისული ინდოეთი და პაკისტანი. როგორც გაზეთი აღნიშნავს, დასავლელი ლიდერების შეცდომა იმაშია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს ისინი თანასწორ მეტოქეებად მიიჩნევენ, მაშინ როცა ეს ორი ქვეყანა, როგორც ძალებით, ასევე პოლიტიკური სტრუქტურით, მკვეთრად განსხვავებულია ერთი მეორისაგან. გაზეთი წერს:

”მართალია ინდოეთის ამჟამინდელმა მთავრობამ არაერთი შეცდომა დაუშვა და საკუთარი ავტორიტეტი შელახა, როცა არაფერი იღონა მაჰმადიანთა დასაცავად გუჯარათის შტატში, და დღემდე ვერ შესძლო ქაშმირის პრობლემის მოგვარება, და მაინც, ინდოეთი – დემოკრატიული ქვეყანაა მილიარდიანი მოსახლეობით, ხოლო პაკისტანს – სამხედრო რეჟიმი მართავს. და პაკისტანი, ვერასოდეს დაამარცხებს ინდოეთს, იქნება ეს ჩვეულებრივი თუ ბირთვული ომი. და უნდა ვივარაუდოთ, რომ გენერალ მუშარაფს კარგად მოეხსენება ეს”.

გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტის” აზრით, დროა შეერთებულმა შტატებმა შუამავლის როლი იკისროს ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტში, რომელიც ომის ზღვარზეა მისული. გაზეთს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას ომი სამხრეთ აზიაში, რისთვისაც დაჟინებით უნდა მოუწოდოს კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს – შეწყვიტონ ომის რიტორიკა და დაუყოვნებლივ გაიყვანონ თავიანთი ჯარები ეგრედ წოდებული ”კონტროლის ხაზიდან”.

”შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამის შემდეგ დღის წესრიგში უნდა დააყენოს კონფლიქტის გამომწვევი მთავარი მიზეზის, ქაშმირის პრობლემის მოგვარება, ქაშმირისა, რომელიც ჰინდუისტებით, მაჰმადიანებით, ბუდისტებით და სიქხებითაა დასახლებული, და მათი სურვილია, რომ თავადვე იყონ საკუთარი ბედის პატონ-პატრონნი”. იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ორი მეზობელი ქვეყანა ომის ზღვარზეა მისული, პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თეთრი სახლის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში.”

გაზეთი ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნი” კომენტარს უკეთებს პაკისტანის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის საჯარო განცხადებას იმის შესახებ, რომ პაკისტანში მყოფი ისლამისტი ექსტრემისტების რეიდებს ქაშმირში, ბოლო მოეღო, რაც, გაზეთის აზრით პირდაპირი მინიშნებაა ყველასათვის კარგად ცნობილ ფაქტზე, რომელიც დღემდე არ უღიარებია ისლამაბადს, რომ ექსტრემისტთა რეიდები ქაშმირში, პაკისტანის ჯარისა და სადაზვერვო უწყებათა ხელშეწყობით ხდებოდა. გაზეთი დასძენს:

”მისასალმებელია მუშარაფის დაპირება შეუწყვიტოს ისლამისტ სეპარატისტებს მხარდაჭერა, რაც საქმით უნდა დაადასტუროს პაკისტანის პრეზიდენტმა. პოლიტიკური ზეწოლის მიზნით ექსტრემისტების გამოყენებას არა აქვს არანაირი გამართლება. მუშარაფის დაპირება დაპირებადვე დარჩება, ვიდრე იგი არ დახურავს ქვეყნის ტერიტორიაზე ისლამისტ სეპარატისტთა საწვრთნელ ბანაკებს”.

”პუტინისა და დასავლეთის თაფლობის თვე”- ასეა დასათაურებული ნატალი ნუგაირედის სტატია გაზეთ ”მონდში”. ანტიტერორისტულ ომში სტრატეგიული პარტნიორის რანგში აყვანილსა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ნდობით აღჭურვილს, რომელმაც ზოგიერთ საკითხებში ხმის უფლება მიიღო ნატოში და ვისაც ხელგაშლილი ეგებება ევროკავშირი – ვლადიმირ პუტინს, დღეს ყველა ეფერება. მისმა შემობრუნებამ დასავლეთისკენ 11 სექტემბრის შემდეგ – განაგრძობს ფრანგი ჟურნალისტი – ნაყოფი გამოიღო. ხოლო თავად არსი პუტინის რეჟიმისა, მისი მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ, სამარცხვინოდ მიავიწყდა ყველას. იშვიათად თუ ახსენდება ვინმეს ადამიანის უფლებები. როგორც ელენა ბონერი აცხადებს, 80-90-იანი წლების რეფორმები სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა თავისუფალი პრესით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებითა და მრავალპარტიული დემოკრატიით...

”ნაცვლად ამისა რუსეთში, მიზანმიმართულად იქმნება ცენტრალიზებული პოლიციური რეჟიმი, რომელიც ყოველნაირად ზღუდავს თავისუფლებას. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქვეყანაში სულ უფრო იზრდება უშიშროების ფედერალური სამსახურის გავლენა, საჯაროობის დაცვის ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტებზე თავდასხმების გამო. ჩეჩნეთში გრძელდება ბარბაროსობა; ადამიანები უგზო-უკვლოდ გაუჩინარდნენ იმ დროს, როცა პუტინი კრემლში, ჯორჯ ბუშს მასპინძლობდა, ხოლო რუსეთის ავიაცია სოფლებს ბომბავდა ნოჟაი-იურტის რაიონში. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სურთ, ხელი შეუწყონ ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას. იმ მიზნით, რათა დაავიწყოს დანარჩენ მსოფლიოს ჩეჩნეთის ომი და განფანტოს ეჭვები 1999 წლის ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა მკაცრ კონტროლქვეშ მოაქცია რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩეჩნეთში, თითქმის სამწლიანი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, პუტინი - ჩიხში მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები და ამერიკელები ესოდენ გულთბილად ხვდებიან რუსეთის პრეზიდენტს.”

”კაგებეს ყოფილი ოფიცერი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას გაუწევს ზედამხედველობას” –წერს გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” და სარედაქციო სტატიაში აღნიშნავს, რომ ახალ თანამდებობაზე ტელეარხ ”ერტეერზე” ზედამხედველობის მიზნით, მათ შორის სატელევიზიო ქსელის მუშაობაზე რუსეთის რეგიონებში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი პრეს-მდივანი, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ზდანოვიჩი დაინიშნა. ეს დანიშვნა უნებლიედ შეგვახსენებს იმ ფაქტს, რამდენი ხელმძღვანელი პოსტი დაიკავეს უკვე პუტინის მართველობის პერიოდში კაგებეს ყოფილმა თანამშრომლებმა.

”ერტეერს” არ გაუკეთებია კომენტარი ზდანოვიჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და არაფერი უთქვამს ახალ თანმდებობაზე მის უფლებამოსილებათა შესახებ. თუმცა, თავად ზდანოვიჩმა გაზეთ ”იზვესტიისათვის” მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ შეინარჩუნებს კონტაქტებს უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. ამ უწყებაში მუშაობისას ზდანოვიჩს კონფლიქტები ჰქონდა დამოუკიდებელ პრესასთან. იგი, ფედერალური ჯარის ბარბაროსობას ამართლებდა ჩეჩნეთში. გასულ წელს, განრისხებულმა იმით, რომ რადიო ”თავისუფლება” ჩეჩნურ ენაზე აპირებდა მაუწყებლობის დაწყებას, ზდანოვიჩმა განაცხადა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური ბრძოლას გამოუცხადებს ყოველივეს, რაც რუსეთის ინტერესებს უქმნის საფრთხეს, მათ შორის ინფორმაციის სფეროშიო. თანაც დაიმუქრა, რომ გამოაქვეყნებს იმ ჟურნალისტების სიას, რომლებიც, მისი აზრით, საინფორმაციო ომში მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი ჟურნალისტები, როგორც ზდანოვიჩმა განუცხადა გასულ წელს სააგენტო ”ინტერფაქსს”, იგივე საერთაშორისო ტერორისტები არიან, განსხვავება იმაშია მხოლოდ, რომ კალმისტრითა და კომპიუტერით მუშაობენო”.

პრესის მიმომხილვას დავასრულებთ გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიით, რომელიც ტიანანმინის მოედანზე, პეკინში, 13 წლის წინათ მომხდარ ბარბაროსობას ეხება. 1989 წლის 4 ივნისს, ჩინეთის კომუნისტი ლიდერები ტანკებითა და ჯარით გაუმკლავდნენ დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტებს, როცა ტიანანმინის მოედანზე მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. როგორც გაზეთი შენიშნავს, ის ფაქტი, რომ ხსენებული მოძრაობის მრავალი აქტივისტი დღემდე შრომა-გასწორების ბანაკებსა და ციხეებში იტანჯება, მორიგი დასტურია იმისა, რაოდენ უხეშად ირღვევა ქვეყანაში მოქალაქეობრივი უფლებები. მსოფლიოს ლიდერებს ნაკლებად აინტერესებთ დღეს დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტთა ბედი ჩინეთში. ტიანანმინის ტრაგედია ყველას მიავიწყდა.

”პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აღარ აკრიტიკებს პეკინს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, ვინაიდან ჩინეთის სახით, დღეს, პოტენციური პარტნიორი მოევლინა მიმდინარე ანტიტერორისტულ ომში. 1989 წლის შემდეგ არც თუ უმნიშვნელო ძვრები მოხდა ჩინეთში. სწრაფად გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, მილიონობით ადამიანმა თავი დააღწია სიღატაკეს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ სრულუფლებიან წევრად მიიღო ჩინეთი. თუმცა, კომპარტიის ძალისხმევამ საბაზრო ეკონომიკა დაამკვიდროს ერთპარტიულ, რეპრესიულ სახელმწიფოში ლოგიკური შედეგიც გამოიღო: ჩინეთში, განსაკუთრებით პროვინციებში, სრული განუკითხაობაა, კორუფციამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო, არნახულად გაიზარდა უმუშევრობა, გახშირდა მშრომელთა საპროტესტო გამოსვლები. დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად ჩინეთში - პოლიტიკური რეფორმების გატარებაა აუცილებელი. სწორედ ეს აქტივისტები, და არა მათი მჩაგვრელები უნდა მიიჩნიოს შეერთებულმა შტატებმა თავის ჭეშმარიტ პარტნიორებად".
XS
SM
MD
LG