Accessibility links

logo-print

როგორ მართავენ სახელმწიფო ქონებას


საქართველოში სახელმწიფო ქონების მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდების მცდელობა არაერთი სამთავრობო გადაადგილების მიზეზი გამხდარა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ კავშირგაბმულობის მომგებიანი საწარმოების გამო მთავრობას ჩამოაშორეს ფრიდონ ინჯია. ვანო ჩხარტიშვილის ინტერესების დასაკმაყოფილებლად კი თავის დროზე 3 სამინისტროც კი გაერთინდა, იყო სხვა შემთხვევებიც. ახლა ამ პროცესების მონაწილე ძალებმა სამთავრობო ინტრიგების შესაძლებლობა დაკარგეს და სახელმწიფო ქონების მართვა სტიქიურად, წვრილმანი კერძო ინტერესების შესაბამისად, ხორციელდება.

ვანო ჩხარტიშვილი და მისი ბიზნესდაჯგუფება მთავრობაში მოსვლამდეც პრეზიდენტ შევარდნაძის სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობდა. ჩხარტიშვილის მინისტრად დანიშვნის წინ კი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი რგოლები - ეკონომიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები - გააერთიანეს და, ჩხარტიშვილისავე სურვილის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების მართვის ფუნქცია ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტროს ჩამოართვეს და დარგობრივ სამინისტროებს გადაუნაწილეს.

ამ გადაწყვეტილებით, ყველაზე მსხვილი და მომგებიანი საწარმოები მრეწველობის, ეკონომიკისა და ვაჭრობის სამინისტროს ერგო წილად. თუმცა ჩხარტიშვილის ეს იმპერია სამთავრობო და პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ უცებ დაინგრა და ქონების მართვისა და პრივატიზაციის ახალი მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი დაკარგულის დაბრუნებას შეეცადა. ეს მან პრეზიდენტის ერთი გადაწყვეტილებით შეძლო, მაგრამ ჯერჯერობით ქონების მართვა ნაკლებად გამოსდის.

სახელმწიფო ქონება, მაგალითად: აეროპორტი, სპილენძისა და ოქროს საწარმო მადნეული, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ან ჭიათურმანგანუმი - მნიშვნელოვანი კაპიტალბრუნვის საწარმოებია. მათი მოგება, კანონის მიხედვით, ან ბიუჯეტის საკუთრება ხდება, ანდა მხოლოდ საწარმოს განვითარებისათვის უნდა დაიხარჯოს. შესაბამისად, საწარმოების ხელმძღვანელები სარგებლობდნენ რა სკამითა და მმართველი სამინისტროების ხშირი ცვლით, პირადი ინტერესების შესაბამისად ზრდიდნენ კომპანიათა ხარჯებს. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით:

[პავლიაშვილის ხმა] „ზოგიერთი ხელმძღვანელის სატელეფონო მობილურ მომსახურებაზე წლის განმავლობაში გადახდილია 2000 ლარზე მეტი და უფრო მეტიც. იქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებია გამოყენებული ძალიან ბევრ პიროვნებაზე. არის საქველმოქმედო ხარჯები, როცა ესა თუ ის საწარმო ამთავრებს ზარალით. უამრავი საქველმოქმედო ხარჯია გაწეული. არის მივლინების ხარჯები საკმაოდ გაბერილი. ვის ხარჯზე ხდება ეს? ყველაფერი ხდებოდა სახელმწიფო საწარმოების ხარჯზე, დღესაც ხდება.“ [სტილი დაცულია]

სოლომონ პავლიაშვილი ამ ხარჯების გაკონტროლებას ცდილობს და კვარტალურად თავის მმართველობაში მყოფი კომპანიების მონიტორინგს ახორციელებს. თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის, რადგან საწარმოს ხელმძღვანელის გამოცვლის შემთხვევაშიც კი იგივე მეორდება. ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიების პრივატიზებაა, მაგრამ ხანდახან ეს ნაბიჯიც არ ამართლებს ხოლმე.

1995 წლიდან დღემდე ყოფილი სახელმწიფო ქონების მფლობელებთან და მმართველებთან სულ გაფორმებულია 1072 ხელშეკრულება. მათ შორის, უმეტესობა 990 საწარმოთა პრივატიზების პირობებს, 82 კი სახელმწიფო ქონების იჯარით და უსასყიდლო უზურფრუტის ფორმით გაცემას განსაზღვრავს. თუმცა ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამინისტრო ვერ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობის შემდგომ საწარმოებში მიმდინარე პროცესებისა და შედეგების ეფექტიანობის შესახებ.

სოლომონ პავლიაშვილის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტმა ქონების მართვის სამინისტროში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტის შექმნის ბრძანებულება გამოსცა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა და დეპარტამენტმა 25 სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შეისწავლა. შედეგად, 10 მესაკუთრეს ქონებრივი უფლებები დაუდასტურა, 7 პრივატიზებული ობიექტის მიმართ განხორციელდა საჯარიმო სანქციები ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების არასრულყოფილად შესრულების გამო, 8 მესაკუთრის მიმართ კი დაისვა საკითხი მათთან გაფორმებული ხელშეკრულების სასამართლო წესით გაუქმების შესახებ, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იგნორირებამ გამოიწვია.

რა შედეგი მოჰყვება მსხვილი ხელშეკრულებების რევიზიას, მაგალითად, ისეთისას, როგორიცაა თელასის პრივატიზება, მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ქონების მართვის სამინისტროს კიდევ ერთი ენერგო კომპანიის განსახელმწიფოებრიობა მოუწევს. ლაპარაკია „თბილგაზზე“, რომლის პოტენციური ინვესტორი კომპანია „ტაჰალი“ გაზის ტარიფის მომატებასა და თბილგაზის ვალების გასტუმრებას მოითხოვს. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ქუთაისის ავტოქარხნის პრივატიზაცია.

[პავლიაშვილის ხმა] “რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს იმ საწარმოების პრივატიზება, რომლებიც საზარალოა, რომლის მართვის თავიც სახელმწიფოს არ გააჩნია, რომელიც მივიყვანეთ იმ მდგომარეობამდე, რომ არანაირი რეაბილიტაცია აღარ მოხერხდება, ამიტომ პრივატიზებაა საჭირო”.

შესაბამისად, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეების მცდელობა ჯერჯერობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან მაქსიმალური მოგების ამოღებისკენაა მიმართული. ამის მაგალითად ისევ თბილგაზს მოვიყვან. გავლენიანი მოხელეები, პრივატიზაციის პროცესიდან სარგებლის მისაღებად, სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობენ გაკოტრების გზით, რაც პრივატიზაციის შედეგს აკნინებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალებას აღარ იძლევა.
XS
SM
MD
LG