Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური დაძაბულობის ცენტრი რეგიონებში გადადის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 ივნისს რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და ქალაქის მერის ხელახალი არჩევნები ტარდება. ზუსტად ერთი კვირის წინათ არჩევნების სკანდალურად ჩაშლის შემდეგ,

სავარაუდოა, რომ რუსთაველ ამომრჩეველს ამჯერად მაინც მიეცემა თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენების საშუალება.

ყოველ შემთხვევაში, ერთის თქმა ნამდვილად შეიძლება: ამჯერად პარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ ალი ბაბას 40 ყაჩაღად წოდებული დაუდგენელი პირები საარჩევნო ბიულეტენებს ვეღარ მოიტაცებენ, რადგან ბიულეტენები რუსთავის არჩევნებისთვის უკვე დაიბეჭდა და დარიგდა კიდეც რუსთავის საარჩევნო უბნებში. გარდა ამისა, ყოველგვარი არეულობის თავიდან ასაცილებლად, 9 ივნისს საარჩევნო უბნებსა და საოლქო კომისიას პოლიციელები დაიცავენ.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სკანდალურობის გამო – მართლაც, მთელი ქალაქისთვის განკუთვნილი ბიულეტენების გატაცების ფაქტი უნიკალურად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ისტორიაში – 9 ივნისს არჩევნებზე რუსთავში მეთვალყურეების ნაკლებობა არ იქნება, შეიძლება ითქვას, რომ აქ არჩევნების გაყალბების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. არადა, აქამდე, საქართველოში გამართული არჩევნებისას, ქვემო ქართლის საარჩევნო ხმებს ყოველთვის სოლიდური წვლილი შეჰქონდა გამარჯვებულის “გამოვლენაში.”
ჩვენი რუსთაველი კორესპონდენტის გიორგი გიორგობიანის ინფორმაციით, 8 ივნისს რუსეთავში მშვიდი და წყნარი ვითარება იყო. სიმშვიდეს არღვევდა მხოლოდ მეგაფონით აღჭურვილი ავტობუსი, რომელიც რუსთაველებს საღამოს კონცერტზე ეპატიჟებოდა. მისივე თქმით, სრულიად შეუმჩნეველია ქვემო ქართლში აქტიურობა პრეზიდენტის რწმუნებულ ლევან მამალაძისა, რომელიც ბოლო დღეებში საკმაოდ უგუნებოდ გამოიყურება და არცთუ უსაფუძვლოდ: თავად არჩევნების ჩაშლის გამო ატეხილ სკანდალს კიდევ ერთი ის უსიამოვნო ამბავი დაემატა, რომ მოქალაქეთა კავშირის რუსთავის ორგანიზაცია მისმა წევრებმა მასობრივად დატოვეს. რუსთავში გავრცელებული ხმებით, ლევან მამალაძის თითქმის 8 წლიანი გუბერნატორობის ეპოქა ქვემო ქართლში დასასრულს უახლოვდება.
სამაგიეროდ, სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა ზუგდიდში, სადაც ასევე ჩაიშალა 2 ივნისს არჩევნები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი არჩევნები 16 ივნისს დანიშნა. ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატ ნაზი არონიას სარჩელის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება და ზუგდიდში არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები, მინიმუმ, ორი თვის შემდეგ უნდა დაინიშნოს. გარდა ამისა, ხელახალ დანიშვნას ექვემდებარებიან საოლქო და საუბნო კომისიის წევრები, ხოლო კანდიდატებმა ახლიდან უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ნაზი არონიას კონკურენტები, რომლებმაც 8 ივნისს ზუგდიდი-თბილისის ცემტრალური საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს.
საინტერესო ვითარებაა ფოთშიც, სადაც, საოლქო კომისიის 7 წევრის მიერ თანამდებობის დატოვების გამო, შემაჯამებელ ოქმზე ხელმომწერთა რაოდენობა კვორუმზე ნაკლებია. კიდევ ერთი: ხაშურის საოლქო კომისიის გადამდგარი თავმჯდომარის ადგილზე ახალ კანდიდატურას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რაც 16 ივნისს ხაშურში არჩევნების ჩატარების გარანტია იქნება.
XS
SM
MD
LG