Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული 6-13 ივნისის გაზეთ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საინტერესო მოსაზრებებია გამოთქმული 6-13 ივნისის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსში”.

წერილის მიხედვით, “2 ივნისის არჩევნებით ქართულ პოლიტიკაში ახალი ციკლი დაიწყო. სწორედ ამით აიხსნება პოლიტიკურ სპექტრში ატეხილი გნიასი, უმწვავესი ბრძოლა პარტიებსა და ცალკეულ ლიდერებს შორის.”
გაზეთის აზრით:

“ქართული პოლიტიკა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ანუ, ფაქტობრივად, ერთსუბიექტიანი – როცა ქვეყანაში არსებობს ერთადერთი სახელისუფლებო ცენტრი და მას სრული მონოპოლია აქვს დაწესებული ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაზე (დაწყებული ზოოპარკის ბინადართა სურსათით მომარაგების პრობლემით და დამთავრებული საზოგადოებრივ ადგილთა დასუფთავების საკითხით). რაც შეეხება აღსრულებას, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია – ისე, როგორც იმაზე, ვის ვგულისხმობთ ზემოთ ხსენებულ სუბიექტში. თუ გავითვალისწინებთ იმ თეზისს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი პროპორციულია ხელისუფლების დაყოფის პოლიცენტრულობისა, ნათელი ხდება, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების ათი წლის თავზე რა შორსა ვართ დემოკრატიისაგან და რა ახლოს საბჭოთა საქართველოსთან. იმის თქმის უფლებას კი, რომ ეს მდგომარეობა თვისებრივად იცვლება, შემდეგი ტენდენცია იძლევა: აშკარაა პარტიული სისტემის ფორმირების ნიშნები, ანუ არენაზე გამოდის ხუთი-ექვსი, ასე თუ ისე, თანასწორი პოლიტიკური ძალა, რომელიც იმთავითვე აცხადებს რეალურ პრეტენზიას მომავალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.”

“რამ გამოიწვია დღემდე არსებული სიტუაციის მნიშვნელოვანი სახეცვლილება?” გაზეთის თქმით:

“შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლის ზეგავლენასაც მიეწერება ძვრები ქართულ პოლიტიკაში. ესაა: მოქალაქეთა კავშირის რღვევა, უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი, პოსტშევარდნაძისეული პერიოდის მოახლოება და ა.შ. მაგრამ ძირითადი მიზეზი ორია: პირველია – ხელისუფლებისადმი მოსახლეობის სრული უნდობლობა. დღეს ძნელად მოიძიება პოლიტიკის მიღმა მდგომი (უფრო ზუსტად, სახელისუფლებო ურთიერთობებში, შესაბამისად, კორუფციაში ჩაუბმელი) ადამიანი, ამ ხელისუფლების მოღვაწეობას დადებითად რომ აფასებდეს. უნდობლობის სიმპტომები აქამდეც მრავლად იყო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება, ავად თუ კარგად, გადამწყვეტ ეტაპზე მაინც ახერხებდა საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ მობილიზაციას – უმთავრესად, დისკრედიტაციულ- მანიპულაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და ქართველ პოლიტიკოსთა უპრინციპობის წყალობით.”

“ჯორჯიან თაიმსის” აზრით, “ყველაზე საინტერესი კი მაინც ერთი გარემოებაა. როგორც ირკვევა, თვით დემოკრატობანას თამაში, ანუ სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაციის სიმულაციაც ძირეულ ცვლილებებს იწვევს საზოგადოების ცნობიერებაში და, ბუნებრივია, აისახება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა რეალობების ფორმასა და შინაარსში. კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკია იმ მდგომარეობაზე, როცა საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებში (მათ შორის, პრეზიდენტის მომხრეებში) ჩნდება მეტი დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. თავად პრეზიდენტი კი იმდენად სწრაფად კარგავს მოქნილობას და ავტორიტეტს, რომ, თუმცა მისი კეთილგანწყობა ჯერ კიდევ რჩება ფინასური კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორად, მაგრამ დღეს მის გვერდით დგომა პოლიტიკურად, აშკარად, წამგებიანია. სწორედ ამით აიხსნება, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობა (პრეზიდენტის ნებისა და მიზნების აღმასრულებელიც კი) ცდილობს, ქვეყნის პირველი პირისგან ფორმალურად მაინც თავი შორს დაიჭიროს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მიმდინარეობს ქართული საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური დიფერენცირების პროცესი, როცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფები იწყებენ საკუთარი ინტერესების მეტ-ნაკლებად გაცნობიერებას და ამ ინტერესების რეალიზაციისთვის, მათი აზრით, ყველაზე შესაფერისი პოლიტიკური ძალის მოძიებას. ეს კი აუცილებელი პირობაა სრულყოფილი პარტიული სისტემის შექმნისა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის. ასე რომ, ლექი, რომელიც დღეს ზედაპირზე ტივტივებს, მალე ფსკერზე დაიწყებს დაშვებას. ამის იმედს იძლევა ავანსცენაზე რამდენიმე თანასწორი პარტიის გამოჩენა, რაც, უდავოდ, მისასალმებელი ფაქტია. ყოველ შემთხვევაში, ერთი კაცის მმართველობამ რა შედეგებიც მოგვიტანა, ნათელია.”

6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა პარლამენტს წარუდგინა მოხსენება “2001 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”. 7 ივნისის “დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ დარბაზში მყოფ პარლამენტართა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მათ ნაკლებად აინტერესებთ ადამიანის უფლებები და მათი დაცვა.
რაც შეეხება სხდომაში მონაწილე პარლამენტართა მოსაზრებებს:

“დეპუტატი ელდარ ნადირაძე მიიჩნევს, რომ ქართველების ტოლერანტობა საუკუნეებს ითვლის, მაგრამ დღეს ჩვენი ტოლერანტობა ვეღარაფერს გვიშველის რელიგიური აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ცხარობდა გურამ შარაძე იეღოველთა ხსენებისას და კონტრაბანდული ლიტერატურის გავრცელების წინააღმდეგ გამოდიოდა. არც ზურაბ ქაფიანიძემ “გადაუსვა თავზე ხელი” სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. იგი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ დადგა დრო, როცა დასავლეთზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარც აღმაშენებელი აინტერესებთ, აღარც თამარი, აღარც ცხრა ძმა ხეხრხეულიძე და, საერთოდ, აღარაფერი ქართული და მართლმადიდებლური.”[სტილი დაცულია]

“ელიზბარ ჯაველიძემ ნანა დევდარიანი და რუსუდან ბერიძე პირდაპირ დაადანაშაულა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე დაბეზღებაში – თითქოს ისინი ამბობდნენ, საქართველოში რასისტული ჩაგვრააო.
მიუხედავად აქა-იქ ცხარე და კრიტიკული გამოსვლებისა, იეღოველთა ქმედებების დაგმობისა, პარლამენტი ერთსულოვანი იყო ბასილ მკალავიშვილის შეფასებაში – მისი ბრძოლის სტილი მიუღებელია, - ამბობდა ყველა.”[სტილი დაცულია]
“ნანა დევდარიანმა არ დაადასტურა ინფორმცია ეროვნული დისკრიმინაციის შესახებ. იგი წინააღმდეგია ლიტერატურის დაწვისა, მით უმეტეს მაშინ, როცა არ იციან, რას წვავენ.”

“როცა საუბარია კონტრაბანდული ლიტერატურის შემოტანაზე, მაშინ პასუხი რატომ არ მოეთხოვება იმას, ვინც კონტრაბანდას უნდა ებრძოლოს?” – კითხულობდა დევდარიანი.”

“დილის გაზეთის” თქმით, “სახალხო დამცველი, ალბათ, უფრო ვრცლად ისაუბრებდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, დარბაზს რომ მეტი ინტერესი გამოეჩინა, მაგრამ შარიანი შარაძე თავისას არ იშლიდა და ნანა დევდარიანს, ბოლოს და ბოლოს, თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა, თუმცა, დევდარიანმა მშვიდად მიუგო ოპონენტს, ვიღაცის არალოგიკური აზროვნების გამო, თანამდებობიდან არ გადავდგები, პირიქით, მეორედაც ვიყრი კენჭსო.”

“მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატმა, შესაძლოა, საქართველო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გარეშე დატოვოს”, - წერს 7 ივნისის გაზეთი “ახალი თაობა”. ამ კვირის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე გადაიდო დილის სხდომა იმის გამო, რომ პარლამენტში კვორუმი ვერ გროვდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 6 ივნისს ურჩ დეპუტატებს მუქარაც კი შეუთვალა. “ თუ კიდევ ასე გაგრძელდა, მე ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მაგრამ ვერც ამ მუქარამ მოიყვანა პარლამენტში დეპუტატები, რომლებიც, სავარაუდოდ, ფეხბურთის ყურებით იყვნენ გართული, ანდა ტოტალიზატორებში იყვნენ წასული ფსონების დასადებად.
დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ დეპუტატები, როგორც იქნა, მოგროვდნენ სხდომათა დარბაზში. მართალია, კვორუმი არც მაშინ იყო, მაგრამ ტაბლომ “ივაჟკაცა” და სხდომათა დარბაზში 130 დეპუტატის ყოფნა დააფიქსირა, თუმცა, სინამდვილეში, იმ მომენტისათვის ნაკლები დეპუტატი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მუშაობის ასეთი რეჟიმიც კი შესთავაზა: “ ბატონებო, ასე მოვიქცეთ, კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვიმუშაოთ 12-დან 2-საათამდე.”

სხვათა შორის, ჩვენს დეპუტატებს ეს წინადადება ძალიან მოეწონათ, ბევრი მათგანი ხომ კვირაში ერთხელაც არ დადის სხდომაზე.

საკითხავია, რატომ იკლავს თავს ეს ხალხი პარლამენტში მოხვედრისათვის, თუკი შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში აღარ ივლის?”

თუმცა, როგორც “ახალი თაობა” მიიჩნევს, “ამის მიზეზი არსებობს და ეს მიზეზი ფრიად საპატიოა: ქართველ პოლიტიკოსებში პირადი ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას”.
XS
SM
MD
LG