Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დერიუგინის ბენეფისი და ქართველები NBA-ში


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ადრე ჩვენში ერთი კარგი ტრადიცია არსებობდა: ცნობილ სპორტსმენებს,

როცა აქტიური სპორტიდან წასვლის დრო მოუწევდათ, გაცილების ცერემონიალს უწყობდნენ და ათასობით მაყურებლის თანდასწრებით ღირსეულ პატივს მიაგებდნენ. სპორტის სტაჟიანი გულშემატკივარი ბევრ ასეთ შეხვედრას გაიხსენებს – სპორტის სასახლეში თუ სტადიონზე გამართულს, ემოციურს და სევდანარევს. დამოუკიდებელ საქართველოში, სამწუხაროდ, ამგვარი რამ იშვიათობად იქცა, არადა, ამ წლებში დიდი სპორტი არაერთმა დიდმა სპოტსმენმა დატოვა. ერთ-ერთი მათგანია ნიკოლოზ დერიუგინი – 80-იანი წლების თბილისის “დინამოს” ლიდერი და სნაიპერი. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ დერიუგინს და მის მრავალრიცხოვან ქომაგს ლამაზი დღესასწაული მოუწყო. “ნიკოლოზ დერიუგინის ბენეფისი” – ოფიციალურად ასე ერქვა შაბათს, 8 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში შემდგარ საკალათბურთო შოუს, რომელიც 10 ათასი მაყურებლის თანდასწრებით და ქართული ცეკვა-სიმღერის თანხლებით წარიმართა. მთავარი, რასაკვირველია, კალათბურთი იყო – მართალია, ვეტერანულ-მეგობრული, მაგრამ მაინც ოსტატური. დერიუგინს და მისი თაობის დინამოელებს 80-იანი წლების საბჭოთა კალათბურთის ვარსკვლავები ეთამაშნენ: რიმას კურტინაიტისი, სერგეი ტარაკანოვი, ალექსანდრ ვოლკოვი, სერგეიუს იოვაიშა და სხვები. საპატიო სტუმართა შორის იყო უკრაინელი გიგანტი ვლადიმერ ტკაჩენკო, რომელმაც თამაში იუარა: ცამეტი წელია ბურთი ხელში არ ამიღია და ქართველ მაყურებელთან ვერ შევრცხვებიო. სამაგიეროდ, ტკაჩენკომ და სხვებმა ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაიხსენეს, მათ შორის, დრამატული თბილისური მატჩები, რომელთა ბედი, სწორედ დერიუგინის თავგამოდების წყალობით, ხშირად ქართველთა სასარგებლოდ გადაწყვეტილა. აი, რას ამბობს მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი სერგეი ტარაკანოვი:


(სერგეი ტარაკანოვის ხმა) “საბჭოთა კალათბურთის ისტორიში კოლია იყო ერთ-ერთი ყველაზე ეშმაკი და ჭკვიანი მოთამაშე იმათ შორის, ვინც მინახავს და მახსოვს. სწორედ საკალათბურთო ეშმაკობით უგებდა უფრო მაღალ და ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებს, მაგალითად: ბელოსტენის, ტკაჩენკოს, საბონისს და სხვებს. დერიუგინს არ ჰქონდა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები და მაღალი ნახტომი, მაგრამ გიგანტებთან ჭიდილში, მეტწილად, გამარჯვებული გამოდიოდა. მისი მთავარი კოზირი იყო სწრაფი აზროვნება და ტექნიკური მრავალფეროვნება. ის ქართველი ერის დიდი შვილია, ოღონდ – რუსული გვარით.”


26 წლის ასაკში მიღებულმა უმძიმესმა ტრავმამ დერიუგინი დიდ კალათბურთს ჩამოაშორა, მაგრამ კალათბურთიდან არასოდეს წასულა, სპორტი დღემდე მისი ცხოვრების მთავარ საქმედ რჩება – ამჟამად საკალათბურთო აკადემიაში მწვრთნელად მუშაობს და პატარებს ავარჯიშებს. “სპორტში ბოლომდე ვერ დავიხარჯე და რაც ღმერთმა მომცა, ვცდილობ არ დავკარგო და ბავშვებს ვუწილადო”, – ამბობს ნიკოლოზ დერიუგინი, რომელიც ქართული კალათბურთის მომავალს იმედიანად უყურებს და ამ იმედის საფუძველს კალათბურთის ფედერაციის დღევანდელ თავკაცთა მონდომებაში ხედავს. ეს ხალხი საქმეს, მართლაც, სერიოზულად მოეკიდა და ამის დასტურად, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სპორტის სასახლეში გამართული გუშინდელი საღამოც გამოდგება. ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმ საღამოს მთავარი გმირი ნიკოლოზ დერიუგინი.


(ნიკოლოზ დერიუგინის ხმა) “ჩემთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. საერთოდ არ მოველოდი, მეგონა არ იქნებოდა ეგეთი რაღაცა, ამ დროს ბესო ლიპარტელიანმა გამიკეთა ეგეთი, შეიძლება ასე ვთქვათ, სიურპრიზი ჩემთვის. მე ძალიან მიხარია, რომ პატარა წვლილი შეტანილი მაქვს ქართულ სპორტში.”


ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წელს ქუთაისში დაიბადა, იმ ქალაქში, სადაც დიდი მწვრთნელი სულიკო თორთლაძე მოღვაწეობდა. ვარჯიში თორთლაძესთან დაიწყო, 16 წლისა თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, 19 წლისა - საბჭოთა კავშირის ნაკრებში. იყო ევროპის ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ზუსტად 20 წლის წინ, 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სპორტის სასახლეში შეკრებილებმა სხვა მნიშვნელოვანი და საიუბილეო თარიღებიც გაიხსენეს: 50 წლის წინ ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდნენ ქართველი სპორტსმენები, კალათბურთელთაგან კი პირველი ოლიმპიური მედლები მოიპოვეს ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ; 40 წლის წინ, 1962 წლის 29 ივნისს, ევროპის ჩემპიონთა თასს დაეუფლა თბილისის “დინამო”; 30 წლის წინ , მიუნხენის ოლიმპიური თამაშებიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. ქართულ კალათბურთს ბევრი სხვა გამარჯვებაც ახსოვს, მაგრამ წარსულზე საუბარს ამით დავასრულებ და ერთ საინტერესო ცნობას მოგაწვდით: ამ დღეებში ამერიკაში მიემგზავრებიან საქართველოს ნაკრების ლიდერები – ნიკა ცქიტიშვილი და ზაზა ფაჩულია. ისინი ჯერ იქაურ გუნდებში ივარჯიშებენ, მერე კი ამერიკული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიურ გამოცდაზე, ეგრეთ წოდებულ, დრაფტზე წარდგებიან. როგორც მოგეხსენებათ, ცქიტიშვილი იტალიურ “ბენეტონში” თამაშობს, ფაჩულია – თურქულ “ულქერში”. “ბენეტონი” იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ფაჩულიამ კი, “ულკერთან” ერთად, უკვე მიიღო თურქეთის წლევანდელი ჩემპიონატის ვერცხლის მედალი. ფაჩულია ახლა თბილისშია და აქედანვე მიემგზავრება ამერიკაში, სადაც მენეჯერი და 6 გუნდი ელოდება, თანაც რა გუნდები: ინდიანა, დენვერი, ჰიუსტონი, საკრამენტო, იუტა და ბოლოს თვით ლოს-ანჯელესის “ლეიკერსი”.


(ზაზა ფაჩულიას ხმა) “ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ყველანაირად, ფიზიკურადაც, ყველანაირად. ნავარჯიშევი ვარ კიდევაც. ვიცი დაახლოებით, რა სჭირდებათ მათ, რას უყურებენ. იმიტომ, რომ ისეთ გუნდში ვთამაშობ. მყავს გუნდელები, რომლებიც NBA-ში თამაშობდნენ მანამდე. იმათგანაც ვიცი, ასე თუ ისე, იქ რა ხდება და მზად ვარ”.

ამერიკული პროფესიული კალათბურთის გამოცდას აქამდე ერთადერთმა ქართველმა კალათბურთელმა ვლადიმერ სტეფანიამ გაუძლო. ვინ იქნება შემდეგი: ფაჩულია, ცქიტიშვილი თუ ორივე ერთად? ეს ამბავი სულ მალე, ივნისის ბოლომდე, გაირკვევა.
XS
SM
MD
LG