Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქართველი პოლიტოლოგები, სოციოლოგები


ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქართველი პოლიტოლოგები, სოციოლოგები,

ფსიქოლოგები ქვეყნის არა რეგიონებად, არამედ “სამთავროებად” დაყოფაზე ალაპარაკდნენ. საჯარო გამოსვლებში, საგაზეთო პუბლიკაციებში მათ მოუხშირეს ისეთი სიტყვების ხმარებას, როგორიცაა “ფეოდალიზმი”, “პატრონყმობა”, “ხელმწიფობა”, “წოდება” და სხვა. ფილოსოფოსი გიგი თევზაძე წერილში, რომელიც არჩევნების შემდეგ გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნდა, პირდაპირ აღნიშნავს: “გუშინ ახალ ორდენს საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა. ეს კი, ასევე ირიბად, მიუთითებს ჩვენი ქვეყნის განუხრელ სვლას შუა საუკუნეებისკენ, როცა ქალაქში არსებობდა (ერთგვარი) სამოქალაქო კულტურა და ადამიანის უფლებების (რაღაცნაირი მაინც) დაცვა, ხოლო სოფელი (ჩვენს შემთხვევაში - რეგიონი, პერიფერია) სრულიად მოწყვეტილი იყო “ქალაქური ცხოვრების” სიკეთეებს”.

“ქალაქურ სამოქალაქო კულტურას” კი დღევანდელ საქართველოში ნამდვილად შეიძლება მხოლოდ “ერთგვარი” ვუწოდოთ. პოლიტიკურ პარტიებს შორის დამოკიდებულება ქალაქურ სივრცეშიც “პატრონ-ყმობის” ტოლფასია. და თუ შუა საუკუნეები “გვეხამუშება”, გარკვეულ მსგავსებას შედარებით უფრო ახალ, უფრო “ახლობელ” – სტალინურ სოციალიზმთან მივაგნებთ. მითუმეტეს, რომ წინასაარჩევნო პლაკატიც მოგვეპოვება უკვე – ქართველი თინეიჯერი გოგონა თოიძის დედასამშობლოს როლში. დღეს, ისევე როგორც 30-იან წლებში, ოპონენტების მხილების მიზნით, სიტყვას “ფაშიზმი” სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები ახსენებენ, რომლებიც მხარს უჭერენ თუნდაც რელიგიური უმცირესობების დევნას, ოპონენტების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ გაჰყვირიან და “ქართული საქმის” კეთებისკენ მოგვიწოდებენ. კვლავაც პოპულარული ხდება დევიზი “ვინც ჩვენთან არაა, იგი ჩვენი მტერია”. ქსენოფობია ისევ ამაყად მოაბიჯებს ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში... მაგრამ, საბედნიეროდ, არა ქართულ კულტურაში, მთლიანად.

ამ თვალსაზრისით, სიმბოლურიცაა, რომ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრმა სწორედ 2 ივნისს, არჩევნების დღეს, წარმოადგინა რეჟისორ გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი “ჯულიეტა და რომეო”, რომელიც კინომსახიობის თეატრის მთავარმა რეჟისორმა ჯერ თეატრალურ ინსტიტუტში დადგა, დაახლოებით ერთი თვის წინ კი თუმანიშვილელთა სცენაზე აღადგინა. [ჩართვა. ნაწყვეტი სპექტაკლიდან “ჯულიეტა და რომეო”]

პარტიულ-ფეოდალური ქსენოფობიის ფონზე, რომელმაც, განსაკუთრებით, სწორედ არჩევნების დღეს იმძლავრა, მარგველაშვილის თითქმის ოთხსაათიანი “მოდერნისტული ფანტაზია” შექსპირის თემაზე სრულიად ახლებურად აჟღერდა. მოდერნისტული ინტერპრეტაცია თავისთავადაა ახალი თანამედროვე ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში, რომლის მესვეურნი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ჭკუას კარგავენ ზოგჯერ კარგად გააზრებულ, ზოგჯერ მხოლოდ ყურმოკრულ კულტურულ ციტატებზე და, როგორც თავად აღიარებენ, “ღადაობენ” ხოლმე. ბოლო დროს ასეთი “ღადაობით” გადაიტვირთა დამოუკიდებელი თეატრების რეპერტუარი. “კულტურულობა”, პროფესიონალიზმი აქ დიდი ხანია მოძველებულად, პროვინციულად მიაჩნიათ. და თუ მაინცდამაინც “რომეო და ჯულიეტაზეა” ლაპარაკი, ქართველი პოსტმოდერნისტებისთვის გაცილებით უფრო ახლობელი უნდა იყოს თუნდაც ბაზ ლურმანის ავსტრალიურ-ჰოლივუდური როკ-მიუზიკლი, “მტვ”-ის სტილში, ვიდრე, მაგალითად, უაიზისა და ბერნსტაინის “ვესტსაიდის ისტორია”.

გიორგი მარგველაშვილის ფილმში შემთხვევით არ ჟღერს ალან პრაისის მუსიკა ლინდსეი ანდერსონის ფილმიდან “იღბლიანი”. თავის დროზე, 70-იან წლებში, ეს სურათი აღიქვეს როგორც პოლემიკა სტენლი კუბრიკის “მექანიკურ ფორთოხალთან”, როგორც მოდერნიზმი – პოსტმოდერნიზმის წინააღმდეგ. თუმანიშვილელთა “რომეო და ჯულიეტას” მხატვრები თეა თომაძე და ნათია ბეროშვილი შემთხვევით არ მიმართავენ 20-იანი წლების კონსტრუქტივისტებს, დგამენ მოდერნის სტილის ლითონის კონსტრუქციებს და ზომიერებას მაქსიმალურად იცავენ აღორძინების ეპოქის “გათანამედროვებაში”. ჯულიეტა, რომელიც მალულად ეწევა სიგარეტს აივანზე, მონტეგები, სათამაშო თოფებით ხელში, ქალბატონი კაპულეტი, წარმოდგენილი თანამედროვე “ბურჟუას” როლში – ყველაფერი ეს არ აღიქმება პოსტმოდერნისტულ “ხულიგნობად”, ყველაფერი ეს მხოლოდ “ჩადგმული კადრია” სპექტაკლში, რომლის მთავარი გმირი კულტურაა... კულტურა, რომელიც ამ შემთხვევაშიც უძლურია გადაარჩინოს სამყარო სიძულვილისა და ქსენოფობიისგან. ამავე დროს, ეს ძალიან გრძელი (ზოგჯერ გაწელილი) და გამომწვევად პედანტური წარმოდგენა თავისებური “კულტურული ტრენინგია” ახალგაზრდა მსახიობებისთვის, პირველ რიგში კი, ჯულიეტასა და რომეოს როლების შემსრულებლებისთვის, იამზე სუხიტაშვილისა და დათო როსტომაშვილისთვის. არა “ღადაობა”, არამედ თამაში, არა დისტანცია გმირთან, რომელსაც ვერაფრით ელევა ქართულ-ბრეხტული ტრადიციების ერთგული ქართული თეატრი, არამედ - “გმირში შესვლა” და გმირის ცხოვრებით ცხოვრება სცენაზე. ახალგაზრდა მსახიობები, განსაკუთრებით, იამზე სუხიტაშვილი და მერკუციო – გიორგი ყიფშიძე, ამ “დავალებას” მშვენივრად ასრულებენ. [ჩართვა: ფრაგმენტი სპქტაკლიდან “ჯულიტა და რომეო”]

მოკლედ, თუ მოგბეზრდათ თეატრში ცეკვა-თამაშის ყურება, თუ გაღიზიანებთ ოინბაზობა, რომლითაც, როგორც წესი, თანამედროვე ქართულ სცენაზე არაპროფესიონალები ინიღბებებიან ხოლმე, აუცილებლად ნახეთ კინომსახიობის თეატრის “რომეო და ჯულიეტა”. მითუმეტეს, რომ მონტეგებისა და კაპულეტების მტრობა უჩვეულოდ აქტუალური ხდება შუა საუკუნეებისკენ მიმავალ საზოგადოებაში. ამ მხრივ, გასულ კვირაში კიდევ ერთი დამთხვევა მოხდა: თბილისელებმა იხილეს “რომეო და ჯულიეტას” თავისებური კინოვერსია ისრაელიდან; ჯერ კინოს სახლში, შემდეგ კი კინოთეატრ “რუსთაველში” მოეწყო პრემიერა თბილისში დაბადებული და ისრაელში მცხოვრები რეჟისორის, დოვერ ქოსაშვილის, ფილმისა “დაგვიანებული ქორწინება”, რომლის შესახებ “რადიო თავისუფლებაში” ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს გიამბეთ. მას შემდეგ სურათი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში უჩვენეს და დიდი წარმატებით. “ბრწყინვალე სოციალური კომედია” უწოდა ქოსაშვილის ფილმს “ჩიკაგო სან-თაიმსმა”, “პატარა მარგალიტი” – “გარდიანმა”, “წლის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, მხიარული კომედია, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიო კინოში უნიკალური მხატვარი მოვიდა” – “ლოსანჟელეს თაიმსმა”. ქართულ მედიას, ეტყობა, ქოსაშვილის ფილმის წარმატების შესახებ ბევრი არაფერი ჰქონდა გაგონილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გააშუქებდა ახალგაზრდა რეჟისორის თბილისში ჩამოსვლას. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ “დაგვიანებულმა ქორწინებამ” ბევრი გააღიზიანა თბილისში – დღევანდელი ჩვენი სინამდვილის ფონზე ისრაელელი რეჟისორის სურათი ხომ “ცხრიანში ურტყამს”... და არა მარტო იმიტომ, რომ ფილმში თამამადაა ჩართული გულახდილი ეროტიკული სცენები, რომელსაც ქართველი პურიტანები ვერა და ვერ შეეჩვივნენ... ჩვენს კულტურულ სივრცეში ვერა და ვერ შეეჩვივნენ აზრს, რომ 31 წლის ყმაწვილი - ბავშვი აღარ არის, მისი დაოჯახება-არდაოჯახება მშობლების საზრუნავი რომ გახდეს. თუმცა პატრიარქალური ტრადიციები, რომელიც ასახიჩრებს თაობებს და საზოგადოების ინფანტილიზმს განამტკიცებს, “დაგვიანებული ქორწინების” მხოლოდ ერთი თემაა. სურათის მთავარი გმირის - 31 წლის ზაზას მშობლები მაშინ აბობოქრდებიან ყველაზე მეტად, როცა შეიტყობენ, რომ მათ ვაჟს ოთხი შვილის დედასთან, თანაც ტუნისელ ქალთან, აქვს რომანი... ასე რომ, “დაგვიანებული ქორწინებაც” – “რომეო და ჯულიეტაა”, რომელიც დროულად უჩვენეს საქართველოში... იქ, სადაც ისევ დაიწყო ლაპარაკი პოლიტიკოსთა ეთნიკურ წარმომავლობაზე, იქ, სადაც ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და ჩამოყალიბდა “ორდენი”, თავისი პლაკატით: სტალინის დედასამშობლოდ ქცეული გოგონათი, რომელიც აქამდე არჩევნებზე გვიხმობდა... რას მოგვიწოდებს ხვალ, მხოლოდ “ორდენის გენერალმა” თუ იცის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG