Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვითარდება სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში


ალბათ, ბევრს პარადოქსულად მოეჩვენება ის ფაქტი, რომ ისეთი მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, დღემდე არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ გაკოტრებულა.

თუმცა პარადოქსული ეს ფაქტი ნაკლებად არის, რადგან ასეთი სინამდვილის ახსნა შესაძლებელია. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სადაზღვევო კომპანიების მდგრადობას ერთ-ერთი ქართველი სპეციალისტი ინდუსტრიის განვითარების პოზიტიურ მაჩვენებლად წარმოაჩენს.

სადაზღვევო ბიზნესის ისტორია საქართველოში სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის არჩილ ცერცვაძის ინფორმაციით, 1997 წელს სადაზღვევო ინდუსტრიაში შემოსავალი ერთნახევარი-ორი მილიონი ლარი იყო, 98-ში უკვე 9 მილიონი შეადგინა, რის შემდეგაც ყოველწლიურად, საშუალოდ, 4-5 მილიონი ლარით იზრდებოდა და 2001 წელს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში საერთო შემოსავალმა 22-23 მილიონ ლარს მიაღწია. ისევ არჩილ ცერცვაძის თანახმად, სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდის ტემპი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს 9-ჯერ აღემატება.

[არჩილ ცერცვაძის ხმა]
“ასეთი ეკონომიკური სურათი გვაქვს, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ პროცესი აუცილებლად მიიღებს უარყოფით ზემოქმედებას, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპები არ იქნა ასევე მაღალი. იმიტომ, რომ ეს ახალი სფეროა, სიახლე იყო, ერთგვარი ბუმი იყო. წამოვიდა ინვესტიციები ამ სფეროში, შემოვიდნენ სადაზღვევო კომპანიები. იმდენად მობილური გახდა ეს ბიზნესი, რომ თვითონ შესთავაზა საზოგადოებას თავისი პროდუქტი იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება ინდიფერენტული იყო, ხელი შეუწყო სავალდებულო დაზღვევის სახეების შემოღებამ, მივიღეთ პროგრესი, მაგრამ ამას თანამდევი, სხვა ეკონომიკური პროცესების განვითარებაც სჭირდება”.[სტილი დაცულია]

საუბარი დღეს საქართველოში იდეალური სადაზღვევო სისტემის შექმნაზე აზრს მოკლებულია, რადგან ასეთი სისტემა ბუნებაში არ არსებობს. ლაპარაკი შეიძლებასისტემის გაუმჯობესებაზე, თუმცა ესეც ძალიან რთულია, რადგან იგი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ეკონომიკურ განვითარებას კანონის უზენაესობის, ანუ საყოველთაო პასუხისმგებლობის გაზრდის ფონზე.

სპეციალისტთა უმეტესობა ფიქრობს, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო ძალიან პატარა ბაზარია 22 სადაზღვევო კომპანიის ფუნქციონირებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ ისინი არსებობენ და, როგორც ჩანს, გარკვეულ მოგებასაც იღებენ. რა ეკონომიკური საფუძველი აქვს მათ არსებობას? საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი ჩემს შეკითხვაზე პასუხის გაცემისას თავად სვამს შეკითხვებს:

[დევი ხეჩინაშვილის ხმა]
“სადაზღვევო ბაზრის, სადაზღვევო საპრემიო შემოსავლის 80 % მოდის პირველ ექვსეულზე-შვიდეულზე, ანუ ასე თუ არ არის გადანაწილებული, ბოლო ათეულს თითქმის შემოსავალი არა აქვს, ძაან დაბალი შემოსავალი აქვს, მაგრამ მაინც არსებობენ. მიუხედავად იმისა არსებობენ, რომ 500 ათასი ლარი არის მინიმალური საგარანტიო ფონდი, რომელიც მათ უნდა დადონ, ე.ი. საკმაოდ დიდი ინვესტიცია კეთდება. რატომ არსებობენ... იცით რა, ჩვენც ხანდახან ვუსვამთ (შეკითხვას), მაგრამ კანონს იცავენ, ნორმატივებს ასრულებენ, სხვა მექანიზმი არა გვაქვს” [38]
[სტილი დაცულია]
არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი შოთა გვენეტაძე უფრო არსებითად უდგება საქართველოში სადაზღვევო კომპანიათა არსებობის გასაღებს:

[შოთა გვენეტაძის ხმა]
“როდესაც ეკონომიკა არ ვითარდება, ეს ბაზარი არის დამოკიდებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადაწყვეტილებაზე, ანუ რა გახდება სავალდებულო შენატანი. აი, როგორიც არის ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და ავტომობილების დაზღვევა. ანუ ეს ბაზარი, რამდენადაც რაღაცა არსებობს, ეს ინდუსტრია მაინც არსებობს, უკვე ცდილობს პოლიტიკური მექანიზმებით, პოლიტიკაში ლობირებით მიაღწიოს ამას. უფრო ესა გვაქვს სახეზე და ამისგან გამოთავისუფლება არის მთავარი პრობლემა”. [25] [სტილი დაცულია]

რაც შეეხება საზოგადოებას, რა არის სადაზღვევო ინდუსტრიაში მისი მონაწილეობის მოტივაცია? დევი ხეჩინაშვილი ამას ასე განმარტავს:

[დევი ხეჩინაშვილის ხმა]

“შენ ფიქრობ მომავალზე, გეგმავ მომავალს, ცდილობ სამომავლო პროცესების მართვას.” [5,5]

სამომავლო პროცესების მართვაზე ზრუნვა, ალბათ, მაინც სადღეისო პრობლემების გადაჭრის, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის შემდეგ იწყება. ამიტომაც არის, რომ სწორედ მაღალი რისკის არეალში ყოფნა განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის ინდიფერენტულობას სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG