Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კინოინდუსტრია ბაზარზე თავისი ადგილისთვის იბრძვის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ევროპის კინოინდუსტრია ოდნავ გამოცოცხლებას განიცდის. 2000 წელს ევროპის ფილმების ბაზარზე მისი წილი ერთ მეოთხედს უდრიდა, 2001 წელს ერთ მესამედამდე გაიზარდა.

მაგრამ ჰოლივუდს კვლავაც რგებს ლომის წილი.

შარშან ევროპის კავშირში პირველი 10 ფილმი, მაყურებელთა დასწრების მიხედვით, ამერიკული წარმოების ან ამერიკელებთან კოპროდუქციული იყო. და ეს ევროპის კინოწარმოებისთვის კიდევ კარგ წელიწადად ითვლებოდა, ჰოლივუდს ევროპის კავშირის ბაზრის მხოლოდ ორი მესამედი ერგო. წინა 2000 წელთან ეს, შედარებით, წარმატებულად გამოიყურება.

ეს სტატისტიკა მიუთითებს, რა სიძნელეებს აწყდება ევროპის კინომრეწველობა, რომელსაც განუწყვეტლივ პერიფერიაზე აღმოჩენა ემუქრება, ამერიკის დომინირების გამო.

აღორძინება წლეულსაც გრძელდება, ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა საფრანგეთში, რომელსაც ევროპის კავშირის ყველაზე მძლავრი კინოინდუსტრია აქვს. თვით საფრანგეთის ფილმების ბაზარზე მისი წილი 50 პროცენტს უახლოვდება. აღმავლობას სხვა ქვეყნებშიც აქვს ადგილი.
სიუზან ნიუმენი, სტრასბურგის ევროპის აუდიო-ვიზუალური ობსერვატორიის მკვლევარი, ამბობს:
[ნიუმენის ხმა] "უფრო მეტი ფილმები იწარმოება, უფრო მეტი ხალხი მიდის კინოში და მათგან უფრო მეტი ხალხი ევროპაში წარმოებულ სურათზე წასვლას ამჯობინებს; გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, პოლონეთში და ჩეხეთის რესპუბლიკაში ფილმი, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ესწრება, თვით ამ ქვეყანაშია გადაღებული.".

აღორძინების მიზეზად ექსპერტები რამდენიმე წარმატებულ სურათს ასახელებენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფრანგულ-გერმანული ფილმი "ამელი მონმარტრიდან".

მაგრამ პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია არც თუ ისე იმედისმომცემია. ისინი მიუთითებენ, რომ შენდება სულ უფრო მეტი მრავალდარბაზიანი კინოთეატრი, რომელთაც ხშირად კავშირები ჰოლივუდის მთავარ სტუდიებთან აქვთ. მრავალდარბაზიან კინოთეატრებს შორის საშინელი კონკურენციაა, რაც კიდევ უფრო ამცირებს შანსს, რომ მათი მფლობელები გარისკავენ ევროპული ფილმების ჩვენებას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სრულიადევროპული ერთიანი დისტრიბუციის სისტემის უქონლობა. ამჟამად, დისტრიბუცია ხორციელდება უმთავრესად ფრაგმენტულად, ყოველი ქვეყანა ცდილობს ბაზარზე საკუთარი ფილმები გაიტანოს.

კიდევ ერთი სიძნელე ენობრივია, რასაც შეიძლება კულტურული ფრაგმენტაციის პრობლემა ეწოდოს მაყურებელთა უმრავლესობას არ უყვარს ტიტრებიანი უცხო ფილმის ყურება. და კიდევ, თუ ფილმი სათავგადასვლო არ არის ერთი ქვეყნის მაყურებელი არ უყურებს მეზობელ ქვეყნაში გადაღებულ სურათს იმ გამართლებით, რომ ის მათ რეალიებს არ ესადაგება. ეს მიზეზი ჰოლივუდის ფილმებსაც უნდა ეხებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მარკეტინგის უკეთესი ტექნიკისა და იმის გამო, რომ ჰოლივუდის პროდუქცია უფრო უნივერსალურ ხასიათს ატარებს, ის უფრო მეტ მოწონებას ჰპოვებს ევროპელი მაყურებლის თვალში.

ასეა თუ ისე, ევროპის კინომრეწველობა შინაგან ხასიათს ინარჩუნებს. ამის კარგი მაგალითია აღმოსავლეთი ევროპის კინოპროდუქცია, რომელსაც ძალიან უჭირს დასავლეთი ევროპის ეკრანებზე გასვლა. ქალბატონი ნიუმენი აღნიშნავს:
[ნიუმენის ხმა] "აღმოსავლეთი ან ცენტრალური ევროპის კინოპროდუქცია ძალიან ძნელად აღწევს ევროპის კავშირის ქვეყნების ეკრანებს. ამას წინათ ჩვენ გადავთვალეთ რამდენი ასეთი ფილმი იქნა ნაჩვენები ევროპის კავშირში 1996-2001 წლებში. აღმოჩნდა სულ 42 სურათი, რაც მთელი ბაზრის ხუთ მეასედ პროცენტს შეადგენდა".

მაგრამ აღმოსავლელებს ბოლო დროს პატარა იმედი გაუჩნდათ. ევროპის კავშირმა გადაწყვიტა მათ ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს და, აგრეთვე, ხელი შეუწყოს მათი ფილმების დისტრიბუციის საქმეში. იანვრის შემდეგ ევროპის კავშირში გაწევრიანების თითქმის ათივე კანდიდატი მიიღებს დახმარებას ევროპის კავშირის მედიის პროგრამის ჩარჩოებში.

ამ პროგრამაში ვერ მოხვდებიან რუმინეთი და უნგრეთი, რომლებმაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მედიის სექტორში თავისუფალი ვაჭრობის ვალდებულება იკისრეს, რაც უკრაძალავს მათ ევროპის კავშირის პროგრამებში მონაწილეობას. ეს ვალდებულებები ეწინააღმდეგება სისტემას, როცა მთავრობები მხარს უჭერენ საშინაო კინოინდუსტრიას, იცავენ რა მას ჰოლივუდთან კონკურენციისგან.

ამასთან, ევროპის კავშირი არ აპირებს სრულიად ევროპის დისტრიბუციის სააგენტოდ გადაქცევას, რაც სწორედ ესაჭიროება ევროპის კინოინდუსტრიას. ექსპერტების თქმით, ეს კერძო სექტორის კომპეტენციაში შედის.
XS
SM
MD
LG