Accessibility links

logo-print

ალენ რენე – 80


3 ივნისს კინოს მოყვარულებმა მთელ მსოფლიოში აღნიშნეს ცოცხალი კლასიკოსის,

ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის - “ჰიროსიმა ჩემი სიყვარულის” ავტორის, ალენ რენეს დაბადების 80 წლისთავი. დასავლური კულტურის მრავალ სხვა წარმომადგენელთან ერთად, ალენ რენეს შემოქმედებას ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ საბჭოთა იდეოლოგები – ფრანგი კინორეჟისორის შედევრებს ეკრანებზე არ უჩვენებდნენ. თუმცა ალენ რენეს მიმართ კომუნისტი იდეოლოგების მწყრალი დამოკიდებულება განაპირობა არა იმდენად რეჟისორის პოლიტიკურმა ორიენტაციამ, რამდენადაც მისი ფილმების ესთეტიკამ: კომუნისტურ ცენზურას სძულდა კულტურა, რომელიც ადამიანის სულს იკვლევდა.

ამ სიძულვილს საბჭოთა “ჰუმანისტი-იდეოლოგები”, ცხადია, ღიად ვერ გამოხატავდნენ. მითუმეტეს, ალენ რენეს მიმართ, რომელმაც 1959 წელს მსოფლიო გააოცა თავისი პაციფისტური შედევრით “ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული”, 1966 წელს კი, სურათში “ომი დამთავრდა”, ესპანეთის სამოქალაქო ომის თემას შეეხო და კომუნისტების მიმართ სიმპათიაც კი გამოხატა. და თუ “ჰიროსიმა, ჩემი სიყვარულისა” და ალენ რენეს მეორე შედევრის, ფილმის “შარშან ზაფხულს მარიენბადში,” საბჭოთა კინოგაქირავებისთვის შესყიდვა არავის მოსვლია აზრად, “ომი დამთავრდა” აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ საბჭოთა კინოთეატრებში, როგორც “პროგრესული დასავლური კინოხელოვნების” ნიმუში. ხუმრობა ხომ არ იყო – ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო რეჟისორების ათეულში მოხვედრილმა კინემატოგრაფისტმა კომუნისტური მოძრაობა აქ “ყველაზე ჰუმანურად” შეაფასა. “ომი დამთავრდა” შეისყიდეს, რუსულ ენაზე გაახმოვანეს კიდეც, მაგრამ დადგა 1968 წელი. საბჭოთა ტანკები პრაღაში შევიდნენ. ივ მონტანმა, რომელიც ალენ რენეს ფილმში მთავარ როლს ასრულებდა, საქვეყნოდ დაგმო ბრეჟნევის ხელისუფლება, საბჭოთა კავშირს “იმპერიალისტი აგრესორი” უწოდა. მაშინვე აიკრძალა ყველა ფილმი ივ მონტანისა და მისი მეუღლის სიმონა სინიორეს მონაწილეობით, ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ივ მონტანის რუსულ ენაზე თარგმნილი წიგნები. არც ალენ რენე დაინდეს. მოსახლეობას გაახსენეს, რომ, მიუხედავად აქტუალური პრობლემებისა, “მარგარეტ დიურასის სცენარის მიხედვით გადაღებულ “ჰიროსიმაში” იაპონელი ხალხის ტრაგედია იდეალისტური პოზიციებიდან გაშუქდა”, ხოლო ფილმში “შარშან ზაფხულს მარიენბადში” ალენ რენე მოგვევლინა დეკადენტური ხელოვნების მსხვერპლად”. მხოლოდ მოგვიანებით, 1983 წელს, როცა საბჭოთა იმპერია დასაშლელად ემზადებოდა, ეკრანებზე გამოვიდა ალენ რენეს სურათი “ჩემი ამერიკელი ძია”, ოღონდ სპეციალური განმარტებით, “წინათქმით”: “ეს ფილმი კაპიტალისტური საზოგადოების მძაფრი კრიტიკაა, საზოგადოებისა, სადაც ადამიანები – ვირთხებს დაამსგავსეს.”

მაგრამ ჩვენი მაყურებელი არც იმდენად იდიოტი იყო, რომ რენეს ფილმში ჩართული ცნობილი საბჭოთა კინოფუნქციონერის რასტისლავ იურენევის ეს შესავალი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიეღო. სურათში “ჩემი ამერიკელი ძია” გალიაში ჩამწყვდეული ვირთხები, მართლაც, ჩნდებიან – ბიოლოგი ანრი ლაბორი მათზე ექსპერიმენტებს ატარებს, აინტერესებს, როგორ იქცევიან ვირთხები სტრესულ სიტუაციებში. დროდადრო კი მათ კადრში ადამიანები ცვლიან. ისინი ეჭვიანობენ, შურს იძიებენ, ამპარტავნობენ და ცრუობენ. მაგრამ ეს მანკიერებები აღიქმება როგორც “ადამიანური მანკიერებები”... ანუ ის, რაც არ შეუძლიათ ვირთხებს, შეუძლიათ ადამიანებს. ადამიანებს, საერთოდ... და არა მხოლოდ “კაპიტალისტურ საზოგადოებას”. ზოგადად, ადამიანის კვლევა, ადამიანისა, კონკრეტული სოციალური სისტემისგან გამიჯნულად, არასდროს აწყობდათ ჩვენში. სწორედ ამიტომ მიიღეს საბჭოთა “პარტესთეტებმა” მტკივნეულად ალენ რენეს ფილმი “შარშან ზაფხულს მარიენბადში”, რომელშიც რეჟისორი, ფრანგული ავანგარდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელთან, მწერალ ალენ რობ-გრიესთან ერთად, ფაქტობრივად, ასამარებს ეგრეთ წოდებულ “სოციოლოგიურ კინოს”, მისთვის დამახასიათებელი პრეტენზიით რეალიზმზე, პრობლემების კვლევაზე. მაგრამ “მარიენბადში” არა მარტო ტრადიციული კინოს “გარდაცვალებაა” გამოხატული; სწორედ იმიტომ, რომ კინო აქ აღარ ასახავს რეალობას – ადამიანისთვის ნაცნობ სინამდვილეს, სწორედ იმიტომ, რომ კინო თავისუფლდება აღბეჭდვითი ფუნქციისგან და, ასე ვთქვათ, “გვერდიდან” გვიჩვენებს რეალობას და ე. ი. საკუთარ თავსაც, სწორედ ამიტომ კლავს ის ტრადიციულ მაყურებელს. “მარიენბადმა” დაასწრო ფედერიკო ფელინის “რვანახევარს” – ალენ რენემ გადაიღო ფილმი გრძნობებზე და სულზე, ჩაგვრთო მშვენიერ, ლოგიკას მოკლებულ მოგზაურობაში ფანტასტიკური დერეფნების, დარბაზების, თეთრი ლექსების სამყაროში. თავად რეჟისორი აღნიშნავდა, რომ თუ თანამედროვე ცხოვრება მოკლებულია ხაზობრივ განვითარებას, თუ ყოველი ჩვენგანი “ზიგზაგისებურად” ცხოვრობს და თუ ლიტერატურასა და მხატვრობას შეუძლია ეს “ზიგზაგისებურობა” წარმოაჩინოს, რატომ არ შეიძლება იმასვე მიაღწიოს კინორეჟისორმა? მთელი ფილმის განმავლობაში, შევყავართ რა მარიენბადის სასახლის ჰერმეტულ სამყაროში, ავტორები ცდილობენ გვიამბონ ხედვის წერტილთა ფარდობითობის შესახებ. სურათის ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუ სად არის აწმყო და სად - წარსული. იქმნება არარეალური დრო და მაყურებელმა თავად უნდა განსაზღვროს, სად არის რეალობა და სად -არა. განსაზღვროს საკუთარი შინაგანი კანონის მიხედვით, თუკი, რა თქმა უნდა, მას აქვს ეს კანონი... ან, თუკი მას არავინ უშლის ხელს, იცხოვროს შინაგანი კანონის მიხედვით, იცხოვროს თავისი ცხოვრებით...

ასეთ სიამოვნებას ტოტალიტარულ ქვეყნებში მაყურებელს არავინ აღირსებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში რეჟისორი პოლიტიკას საერთოდ არ ეხება, “მარიენბადს” ერთნაირად გამოუცხადეს ომი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებმა. 60-იანი წლების დასაწყისში, როცა ალენ რენეს ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალის “ოქროს ლომით” აღინიშნა, სურათი მხოლოდ დახურულ სეანსებზე უჩვენეს მოსკოვში. ახალგაზრდა კინორეჟისორებმა, რომლებიც იმხანად მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სწავლობდნენ, “შარშან ზაფხულს მარიენბადში” აღიქვეს როგორც კინოს “ახალი ანბანი”, როგორც ფილმი კინოს შესახებ და 60-იანი წლების მიწურულს შეეცადნენ, ალენ რენეს ექსპერიმენტი საბჭოთა კინოში დაემკვიდრებინათ.

მაგრამ ცენზურა ფხიზლობდა. ყველა ფილმი, რომელშიც უარყოფილი იყო სწორხაზოვანი თხრობა, რომელშიც ჩნდებოდა ფსიქოანალიტიკური სიმბოლოები, ფილმი, რომელიც მუსიკასავით მოქმედებდა, შესაძლოა, ანდრეი ტარკოვსკის სურათების გარდა, ან იკრძალებოდა, ან მახინჯდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი კინორეჟისორი რეზო ესაძე და მისი ფილმი “ერთი ნახვით შეყვარება” აღმოჩნდა. თავად რეზო ესაძის თქმით [რეზო ესაძის ხმა]: “ერთი ნახვით შეყვარების” პირველ ვარიანტში, რომ ვიკლავ თავს და ვვარდები, მე ვუახლოვდებოდი აპარატს, შევდიოდი შიგნით და მერე იწყებოდა ფილმი. საბჭოთა ცენზურამ პირველი ეს ამოჭრა. რაც ხდება იქ, ყველაფერი ჩემში ხდება. ჩემშია ის განზომილებები, ის მერიდიანები, ის პარალელები, სიშორეები თუ სიახლოვეები, ის დრო – ჩემი დროა.”

“ეს ჩემი დროა”, – ამბობენ ალენ რენეს ფილმის “ჰიროსიმა ჩემი სიყვარულის” გმირები – ორი ადამიანი, იაპონელი ვაჟი და ფრანგი ქალი, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. სიყვარულმა, თუნდაც განუხორციელებელმა სიყვარულმა, ერთ ღამეში დაბადებულმა გრძნობამ, ეს ქალი და ეს კაცი ადამიანებად აქცია. მათ წარმოდგენაში გაქრა “უცხოს” ფენომენი. მათ შეიცნეს ერთმანეთი და ამიტომ საკუთარ თავშიც გაერკვნენ. "ხსოვნა", "ისტორია" ალენ რენესთვის “აწმყოს” წარმმართველი გახდა. “წარსულზე მიჯაჭვულობას უარი უნდა ვუთხრათ, – წერდა ალენ რენე, – მაგრამ სანამ უარს ვეტყვით, ჯერ უნდა შევიცნოთ წარსული.”

“ჰიროსიმა, ჩემი სიყვარული”, და, საერთოდ, ალენ რენეს შემოქმედება ამ მხრივაც არის დროული დღევანდელი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლის ერთი ნაწილი კვლავ მიჯაჭვულია წარსულზე და მხოლოდ წარსულის ხატებით ცხოვრობს, მეორე ნაწილი კი, ასევე ძალზე რადიკალურად ცდილობს წარსულის ამ ხატების ნგრევას, თუმცა, როგორც წესი, ძალზე ზედაპირული წარმოდგენა აქვს ისტორიაზე. “ჰიროსიმა” სვამს ზომიერების, ნორმის პრობლემას და, ამავე დროს, გვახსენებს, რომ “ნორმა ფარდობითია”, მთავარია, ადამიანმა მიაგნოს ამ ნორმას. მთავარია, მას არავინ შეუშალოს ხელი იცხოვროს თავისი ნორმით, თავისი ცხოვრებით. იცხოვროს “თავის დროში.”
XS
SM
MD
LG