Accessibility links

logo-print

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის გათვალისწინებით, სოხუმის ხელისუფლება აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის საფრთხეს არ გამორიცხავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საინტერესო რეაქცია გამოიწვია სოხუმის სახელისუფლებო წრეებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მოქალაქეთა კავშირის წარუმატებლობამ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ასტამურ ტანიამ, გამორიცხული არ არის, მოქალაქეთა კავშირი აფხაზეთში ვითარების გამწვავების პროვოცირებაზე წავიდეს და ამ მიზნით კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის საკითხი გაააქტიუროს.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ძალები 1994 წლიდან იმყოფებიან. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთში 94 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი – სერჟანტი ალეკსანდრ ვლასოვი 8 ივნისს კოდორის ხეობაში, სოფელ ზემო ლათასთან, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქართული მხარე აცხადებს, რომ იგი არ აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიას და გაეროს დამკვირვებლებს ნაღმის აფეთქების ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობის მიღებას სთხოვს. აფხაზეთში საქართველოს სამშვიდობო ძალების სარდალმა კლიმენტი თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ მხარეს მომხდართან კავშირი არა აქვს და კონფლიქტის ზონაში ვითარების დესტაბილიზაციით დაინტერესებული არ არის.
პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი უკვე ხმამაღლა გამოთქვამს ეჭვს, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის როლის ობიქტურობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის სკეფსისის მიზეზად იქცა რუსეთის მოქალაქეების შესახებ რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონი, რომელიც საბჭოთა პასპორტების მფლობელებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ წესს ამკვიდრებს. პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოთა ერთ ნაწილში ძლიერდება ფარული დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს რუსეთ-საქართველოს დაახლოებისა და თანასწორუფლებიანობის პროცესი. ამგვარი გადაწყვეტილება აკნინებს რუსეთის, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის პროცესში ობიექტური და მიუკერძოებელი შუამავლის, როლს.”
მისივე განმარტებით, ეს კანონი შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ფარული ანექსიის მცდელობადაც შეფასდეს.
შეფასება საკმაოდ ზუსტია. ამ დღეებში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ამბოხებული რესპუბლიკების მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი სიამოვნებით იყენებს რუსეთის მხრიდან ნებადართულ პრივილეგიას და რუსეთის მოქალაქეობას იღებს. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსს განუცხადა ცხინვალის მთავრობის საგანგებო დავალებათა მინისტრმა, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 70 ათასი მაცხოვრებლის, დაახლოებით, 50 პროცენტი უკვე რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის მოქალაქეობა მიიღო გალში დაბრუნებული ქართული მოსახლეობის 10-მა პროცენტმაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის შესაბამის უწყებას აღნიშნული კანონის გამო საპროტესტო ნოტით მიმართავს. გამორიცხული არ არის, პროტესტი საქართველოს მხარემ 10 ივნისს რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის მოსამზადებელ შეხვედრებზე თბილისში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, დუმის დეპუტატ ბორის პასტუხოვის მიმართაც გამოთქვას. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ოფიციალურ პირთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთი მოხსნიდა საქართველოს მიმართ დისკრიმინაციულ სავიზო რეჟიმს, რომელიც ისევ და ისევ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის მიმოსვლის განსხვავებულ, უვიზო, რეჟიმს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG