Accessibility links

logo-print

ქართული არჩევნების ექო ევროპის საბჭოში


დავით პაიჭაძე, თბილისი ევროპის საბჭოს დამკვირვებლებმა საქართველოში 2 ივნისს ჩატარებული არჩევნების შესახებ თავიანთი აზრი და შეფასება მეორე დღესვე გამოთქვეს. ბუნებრივია, ინფორმაცია ჩავიდა სტრასბურგში,

სადაც ევროპის საბჭოა განთავსებული და იქიდან დაუბრუნდა საქართველოს. გასულ კვირას ჩვენი ქვეყნის მუდმივი დელეგაცია იმყოფებოდა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესში, რომლის ხელმძღვანელებმაც, ევროსაბჭოს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს და შეშფოთება გამოთქვეს. ეს დამოკიდებულება მათში გამოუწვევია არა მხოლოდ უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც. ინფორმაცია ევროპის საბჭოდან ჩამოიტანა სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო ხუხუნაიშვილმა - ის ქართული დელეგაციის წევრია და ორშაბათს, 10 ივნისს, ჟურნალისტებს უამბო, რაც სტრასბურგში ევროპელმა კოლეგებმა გაუზიარეს.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა და დამკვირვებელთა შეფასება ჩვენი მოქალაქეებისათვის, სულ ცოტა, ერთი კვირაა ცნობილია: ისინი ძალიან მკაცრად მოეკიდნენ დარღვევებსა და უკანონობას როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში და განაცხადეს, რომ ქართველი ხალხი უკეთეს არჩევნებს იმსახურებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს შეფასება? ევროპის საბჭოს განცხადებებს, ევროპის საბჭოში ჩივილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლებს, მუქარას ევროპის საბჭოდან გარიცხვის შესახებ ჩვენში სულ უფრო არასერიოზულად ეკიდებიან, რადგან ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების ეფექტი მოსახლეობისთვის გაუგებარი დარჩა და ლამის დავიდა ზურაბ ჟვანიას ფრთიან ფრაზად ქცეულ განცხადებამდე “მაშასადამე ევროპელობის” შესახებ. ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის დიდი ევროპული კლუბია, რომელიც ხანდახან ტუქსავს თავის წევრებს ამ სფეროში დარღვევების გამო. მეტიც, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ ჩვენთან უფრო თვალსაჩინო და ინტენსიური ხასიათი მიიღო ადამიანის პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების შელახვამ. ჯერჯერობით ევროპის საბჭოს წევრობა არაფერში გამოსდგომია საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ხმები გააყალბეს 1999 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებში, რომელთაც აწამებენ პოლიციაში ან სცემენ, არბევენ და საკუთრებას უნადგურებენ რელიგიური რწმენის გამო. ამდენად, თითქოს შეიძლება, რომ ევროპის საბჭოს შეშფოთება და მკაცრი შეფასება ისევ არაფრად ჩააგდოს საქართველოს ხელისუფლებამ და ევროჩინოვნიკთა მკაცრი განცხადებები არანაირად არ აისახოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა ასე არ ფიქრობს სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ვანო ხუხუნაიშვილი, რომელიც საქართველოს დელეგაციის წევრია ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესში. ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზე ევროსაბჭოს ბევრი მაღალჩინოსანი მოხელე, მათ შორის, გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი, ერთსულოვნად უარყოფითად აფასებდა 2 ივნისის არჩევნებს და, საერთოდ, ეს იყო მთავარი თემა ევროსაბჭოში გასულ კვირას. ვანო ხუხუნაიშვილის აზრით, [ხუხუნაიშვილის ხმა] “ეს არის გამოხატულება არა მარტო ევროპის საბჭოს შიგნით შექმნილი დამოკიდებულებისა ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის განწყობის გამოხატულებაც გახლავთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ორგანიზაციის დამოკიდებულება. იქ იყო ევროკომისიის წარმომადგენელიც – ის არჩევნების დღეს არც დასწრებია, მაგრამ მანამდე ძალიან მკაცრად შეაფასა წინასაარჩევნო პროცესები, განაცხადა, რომ ისინი მიმდინარეობდა, არაჯანსაღად, არაკორექტულად და კანონების დარღვევით. ეს ხალხი ამბობს, რომ ამ პროცესებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. მე მგონი, ჩვენს სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ძალიან არ უნდა აწყობდეს, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანების ოთხი წლის თავზე დაიწყოს რეალური ლაპარაკი იმაზე, შეუწყდეს თუ არა საქართველოს ევროპის საბჭოს წევრის უფლებამოსილება”.

ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად ვანო ხუხუნაიშვილს საჭიროდ მიაჩნია, გაუქმდეს 2 ივნისის არჩევნების შედეგები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები საქართველოში თავიდან ჩატარდეს. ეს კი, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
XS
SM
MD
LG