Accessibility links

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგებს აქვეყნებს


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. 394 უბნის მონაცემების მიხედვით, 4 პროცენტიანი ბარიერი 7 პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს გადალახული.

მათ შორის, 25 პროცენტით ლიდერობს საქართველოს ლეიბორისტული (შრომის ) პარტია, ბოლო ადგილზე კი ბლოკი “ერთობაა”. ამ მონაცემების საფუძველზე, გამარჯვებული პარტიები უკვე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურებს განიხილავენ. მთელ ამ პროცესს კი პრეზიდენტმა შევარდნაძემ “პოლიტიზირებული შოუ” უწოდა. ედუარდ შევარდნაძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს აკრიტიკებს.

2 ივნისის ადგილობრივი არჩევნები კარგა ხანს დარჩება განსჯის საგნად. მას არაერთხელ გაიხსენებენ, ერთი მხრივ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე არაორგანიზებულ და არასამართლიან არჩევნებს, მეორე მხრივ, როგორც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა რეპეტიციას. ამ არჩევნებზე იმსჯელებენ სასამართლოშიც. უზენაეს სასამრთლოში უკვე შეტანილია 4 პროცენტიან ბარიერს ქვემოთ დარჩენილი სოციალისტური პარტიის სარჩელი. 2 ივნისის არჩევნების შედეგების გაბათილებას სასამართლოს გზით შეეცდებიან “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენლებიც. ეს უკანასკნელნი მხოლოდ თბილისის საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგების დაჯამებას და გამოქვეყნებას ელოდებოდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ეს მოლოდინი გაამართლა და, მიუხედავად პარლამენტის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ მიღებული დადგენილებისა, რომლითაც მას არჩევნების შედეგების შემოწმება და ხმების ხელახალი დათვლა დაევალა, თბილისის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება არ გადადო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 ივნისის სხდომაზე თბილისის საკრებულოს წევრების გვარები დასახელდა. მანდატებს 7 პოლიტიკური ძალა იყოფს: ლეიბორისტები, “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი”, “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”, ჟვანიას გუნდი, “აღორძინება 21-ე საუკუნე” და “ერთობა”. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას “ახლები” და “მრეწველები” აცხადებენ. საუბარია ლევან გაჩეჩილაძისა და თბილისის ყოფილი მერის ბადრი შოშიტაიშვილის კანდიდატურებზე. მათ, შესაძლოა, ლეიბორისტების კანდიდატურაც დაემატოს. საკრებულოში წარმოდგენილი ამ ძალებისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი”. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მოძრაობას თბილისის საკრებულოს 14 მანდატი ერგო, მიაჩნიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი ” საკრებულოში უმცირესობაში იქნება, უმცირესობამ კი თავმჯდომარის პოსტისთვის არ უნდა იბრძოლოს.

აი, ასეთია, 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების ერთი ნაწილის - თბილისის საკრებულოს - არჩევნების საბოლოო შედეგი და, მართალია, ადგილობრივ არჩევნებს, მიმდინარეობისა და შედეგების თვალსაზრისით, მომავალი არჩევნების ანარეკლად განიხილავენ, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ, 2 ივნისის არჩევნების ნეგატიური მხარეების გათვალისწინებით, ყველაფერი გაკეთდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ცივილიზებულ დონეზე ჩასატარებლად.

10 ივნისს შევარდნაძემ ვრცლად ისაუბრა ამასწინანდელი არჩევნების ნაკლოვანებებზე. სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ეს არჩევნები პოლიტიკურ შოუდ და გნიასად იქცა, საბოლოო ჯამში, ადგილობრივი არჩევნების მთავარ ნაკლად მისი პოლიტიზირება მიიჩნია, არადა, ამ არჩევნებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ნაკლიც ჰქონდა. ვნახოთ, მოიტანს თუ არა რამეს არჩევნების გაყალბების სასამართლოში გასაჩივრება.
XS
SM
MD
LG