Accessibility links

ამერიკაში ”ალ-ყაიდის” წევრი დააპატიმრეს


ანდრო ეული, პრაღა რვა მაისს, ქალაქ ჩიკაგოს აეროპორტში დააკავეს პაკისტანიდან ჩასული ამერიკელი მოქალაქე აბდულა ალ-მუჰაჯირი, რომელსაც, წაყენებული ბრალდების თანახმად,

ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” ერთად ეგრედ წოდებული რადიოაქტიური ”ბინძური ყუმბარის” შექმნა და შეერთებულ შტატებში აფეთქება ჰქონდა განზრახული.


31 წლის ხოსე პადილია ნიუ-იორკში დაიბადა კათოლიკე მშობლების ოჯახში. 4 წლისა იყო ხოსე, როცა ოჯახი ჩიკაგოში გადასახლდა, სადაც მოზარდი, ქუჩის ერთ-ერთი ბანდის წევრი გახდა და 15 წლისამ უკვე ციხეში ამოყო თავი. მას შემდეგ ხოსე პადილია კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, და უკანასკნელი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა, 1993წლის 4 აგვისტოს – ისლამი მიიღო, და კათოლიკე ხოსე პადილია – აბდულა ალ-მუჰაჯირი გახდა.

სულ მალე, მუჰაჯირი აზიაში ჩავიდა, სადაც ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ქსელს, ”ალ-ყაიდას” დაუკავშირდა. ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 11 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი და არ გამორიცხავენ ამასთანავე ტერორისტთა მხრიდან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.

მოსკოვში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა, ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მუჰაჯირის დაპატიმრებამ ახალი თავდასხმის გეგმა ჩაუეშალა ტერორისტებს: [ჯონ ეშკროფტის ხმა] ”დავაკავეთ რა ალ-მუჰაჯირი სწორედ იმ დროს, როცა შეერთებულ შტატებში შესვლის ნებართვა უნდა მიეღო, ამით ჩვენ, ჩავუშალეთ ტერორისტებს გეგმა – რადიოაქტიური ყუმბარ აეფეთქებინათ შეერთებულ შტატებში”.

ლაპარაკია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც პლუტონიუმის, ან ურანის შემცველ პატარა კონტეინერზეა დამაგრებული. როცა ეს ხელნაკეთი ყუმბარა ფეთქდება, რადიაცია შედარებით ნაკლებ ფართობზე ვრცელდება, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში კი შესაძლოა, ასეული ათასობით ადამიანმა მიიღოს საბედისწერო დასხივება.

პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა რობერტ მიულერმა განაცხადა, რომ მუჰაჯირი და ”ალ-ყაიდა” დაგეგმვის პროცესში არიან და არ შეუქმნიათ ჯერჯერობით რადიოაქტიური ყუმბარა. აბდულა ალ-მუჰაჯირისთვის ჯერჯერობით არ წაუყენებიათ ოფიციალური ბრალდება, და ორშაბათს ციხიდან, სამხედრო ტყვეებისათვის განკუთვნილ ცენტრში გადაიყვანეს ჩარლსტონის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სამხრეთ კაროლინის შტატში. ამდენად, არაა გამორიცხული, რომ მუჰაჯირი, საგანგებოდ შექმნილმა სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს. ამგვარი ტრიბუნალების შექმნა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ბრძანა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

ამასობაში, მოჰაჯირის დამცველმა ვექილმა დონა ნიუმენმა, გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსისათვის” მიცემულ ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მისი კლიენტი, სრულიად მოულოდნელად, სამხედრო ციხეში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG