Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი შევარდნაძე ამერიკელ სენატორებს რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრას ჰპირდება


სოზარ სუბელიანი, თბილისი 8 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ უპატაკა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოში შეწყდება რელიგიური ექსტრემიზმი და აღარ დაირღვევა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები.

ამავე პატაკით პრეზიდენტი ცდილობს, რელიგიური ექსტრემიზმის წარმოშობისა და გაღვივების გამო პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მოსახლეობას დააკისროს, არადა, ამ პროცესისთვის თვალის გადევნება აშკარად ცხადყოფს, რომ რელიგიური შეუწყნარებლობა და ექსტრემიზმი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელშეწყობითა და წაქეზებით განვითარდა. ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად ამოუშვა ბოთლიდან რელიგიური ექსტრემიზმის ჯინი, რომლის უკან ჩაბრუნება დღეს უკვე სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს, როცა ხელისუფლებას არც სურს ამ ჯინის უკან ჩაბრუნება და მთელი მცდელობა საამისოდ პრეზიდენტის მიერ დასავლეთისთვის გაგზავნილი პატაკებითა თუ დასავლეთისავე თვალის ასახვევად გაკეთებული ბრძანებულებებით ამოიწურება.

წერილი, რომელიც პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეერთებული შტატების 15 სენატორსა და კონგრესმენს გაუგზავნა, 9 ივნისის გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნდა. “მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომელიც გამოხატულია თქვენს წერილში რელიგიური უმცირესობებისადმი მოპყრობის გამო, – წერს პრეზიდენტი, – სამწუხაროდ, თქვენ გქონდათ მიზეზი აღგეძრათ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ხდება რელიგიურად მოტივირებული შეუწყნარებლობის გამოვლენა და რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტები. მე ბევრჯერ შევხებივარ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მკაცრად ვგმობ რელიგიურ ექსტრემიზმსა და რელიგიით მოტივირებულ ნებისმიერ ძალადობას. ასეთი გამოვლინებანი აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოებისათვის და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საქართველო მუდამ ამაყობდა თავისი ტოლერანტობით და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.”

პრეზიდენტის წერილს ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფის ლიდერის ბასილ მკალავიშვილის აქციები მოჰყვა. 10 ივნისს მკალავიშვილმა, ერთი მხრივ, საჯაროდ დაწვა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი “სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ”, მეორე მხრივ კი, ანათემას გადასცა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი:[ბასილ მკალავიშვილის ხმა] “წყეული იყოს, სამუდამოდ მოკვეთილი, შიშითა და ოხვრით დადიოდეს ქვეყანაზე და მისი წყევლა შვიდ თაობაზე გადადიოდეს…”

უფრო ადრე, 20 მაისს, 15 ამერიკელი კანონმდებლის წერილის მიღების შემდეგ, მკალავიშვილმა და მისმა მომხრეებმა კიდევ უფრო კატეგორიული მოთხოვნები წამოაყენეს და პრეზიდენტს ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობითა და დესტაბილიზაციით დაემუქრნენ: [ნიკოლოზიშვილის (ბასილ მკალავიშვილის მომხრე) ხმა] “ამერიკის ხელისუფლების მხრიდან თუ არ შეწყდება რელიგიური ნიშნით ძალადობა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დავიწყებთ საპროტესტო გამოსვლებს”.

თავად ამერიკელი სენატორ-კონგრესმენების 15 მაისის წერილი, რასაც შევარდნაძის პასუხი და მკალავიშვილის მორიგი აბობოქრება მოჰყვა, უჩვეულო კატეგორიულობით გამოირჩევა და თითქმის სრულიად დაცლილია დიპლომატიური თავაზიანობისგან. წერილში ნათქვამია: “ჩვენ შეწუხებული ვართ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ორგანიზებული ძალადობრივი აქტებით და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება თქვენი მთავრობის აშკარა უუნარობის გამო, ბოლო მოუღოს თავდასხმებს და გაატაროს ადეკვატური ზომები. ასეთი უხეში დარღვევების დაშვება აზრს უკარგავს საქართველოს, როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ გთხოვთ, გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები ყველა ქართველის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რელიგიური მრწამსის მიუხედავად.”

წერილის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, პირდაპირ სდებენ ბრალს ექსტრემიზმის ხელშეწყობაში. წერილში ნათქვამია: “ცხადია, საქართველოს მთავრობას შეუძლია უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება ასეთი შეკრების დროს, მაგრამ თქვენი მთავრობა არ იღებს ეფექტურ ზომებს, რათა შეაჩეროს პიროვნებები და ჯგუფები რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის გამოყენებისგან. ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ბოლო მოუღოთ ამ თავდასხმებს და, საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელი შეუწყოთ და დაიცვათ რელიგიის თავისუფლება. ჩვენ გთხოვთ, უზრუნველყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მოქმედებებში მხილებული პირების დასასჯელად, ჩაატაროთ სერიოზული გამოძიება, რითაც ცხადი გახდება, რომ ასეთი ძალადობა შეწყნარებული არ იქნება.”

პრეზიდენტი შევარდნაძე ცდილობს, რელიგიური ექსტრემიზმის გამო ბრალდების ტვირთი მოსახლეობას აჰკიდოს და ამით იმართლოს თავი ამერიკელი კანონმდებლების წინაშე. მისი თქმით, “საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების შემოსვლა შედარებით ახალი მოვლენაა, ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ, რადგან, მათი აზრით, ეს ჯგუფები მოწოდებული არიან, შეარყიონ სახელმწიფოს საძირკველი.” პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამგვარი მენტალიტეტის შეცვლას დრო სჭირდება და ამით ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა ექსტრემიზმის გაძლიერების გამო.

სინამდვილეში, რელიგიური ექსტრემიზმის გაღვივებაში სწორედ ხელისუფლებაა დამნაშავე და არა მოსახლეობა, რასაც გასული წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვაც მოწმობს. სულ მცირე დროის განმავლობაში თითქმის 134 ათასმა მოქალაქემ, რომელთა შორის უმრავლესობა მართლმადიდებელი იყო, ხელი მოაწერა პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომელშიც ისინი სთხოვდნენ ქვეყნის პირველ პირს, რომ აღეკვეთა რელიგიური ექსტრემიზმი, მაგრამ ამ მოთხოვნებს არავითარი შედეგი არ მოჰყვა.

მეტიც, როგორც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, გასული წლის ივლისში პრეზიდენტი შეხვდა რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს და მათაც იგივე დაპირებები მისცა, რასაც ამერიკელი სენატორ-კონგრესმენებისადმი მიმართულ წერილში წერს, მაგრამ დაპირებები, ჩვეულებისამებრ, დაპირებებად დარჩა: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] “ჩვენ, ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფმა, უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება საქართველოში მიმდინარე რელიგიური ტერორიზმის თაობაზე. ამავე საკითხზე ჩვენ საუბარი გვქონდა ქვეყნის პრეზიდენტთან, ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან, გასული წლის 10 ივლისს. შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაგმო რელიგიური ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება და აღგვითქვა, რომ ყველა ღონეს იხმარდა მის აღსაკვეთად. სამწუხაროდ, მას შემდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობა არ შეჩერებულა, კულმინაციას კი მიმდინარე წლის 3 თებერვალს მიაღწია, როდესაც თბილისში დაწვეს ათასობით ბიბლია, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის საერთო სიწმინდეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ გვინდა ძალოვანი სამინისტროებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვკითხოთ: რატომ არ მოეღება ბოლო რელიგიურ ტერორიზმს, - იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოუაროთ ამ საქმეს, თუ არ გინდათ, რომ მოუაროთ?”

ხელისუფლების ნება – წააქეზოს ექსტრემიზმი – ჩანს არა მხოლოდ ექსტრემისტების დაუსჯელობაში, არამედ იმ პოზიციაშიც, რომლის გამოხატვასაც ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აბსოლუტურად არ ერიდება. მაგალითად, 2000 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში შემდგარ შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღიად დააფიქსირა, რომ სახელმწიფო არა მარტო ხელს უწყობს რელიგიურ უმცირესობათა დარბევებს, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვაში. შეხვედრაზე მოწვეულმა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილემ ლევან ხოზრევანიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ სანამ არ იქნება მიღებული კანონი რელიგიის შესახებ, მანამ პოლიცია არ დაიცავს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს. “როცა კანონი იქნება მიღებული, – განუცხადა ხოზრევანიძემ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს, – მაშინ ჩვენც აბსოლუტურად ყველა რელიგიისადმი ერთნაირი დამოკიდებულება გვექნება და თქვენი ღონისძიების აღმკვეთ ღონისძიებას კი არ გავატარებთ, არამედ, პირიქით, დაგიცავთ, რომ კანონის შესაბამისად ჩაატაროთ თქვენი ღონისძიება და ვერც ერთმა მომხდურმა ვერ შეგიშალოთ ამაში ხელი.”

სენატორებისადმი გაგზავნილ პასუხში პრეზიდენტი წერს, რომ მან დაავალა საქართველოს გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, ყველა ზომა მიიღონ აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. არადა, ეს სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ყველაზე მეტად არღვევენ აღმსარებლობის თავისუფლებას და დევნიან რელიგიურ უმცირესობებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო რელიგიურ უმცირესობათა დევნაში უშუალოდ მონაწილეობს, იუსტიციის სამინისტრო ამას მის მიერ შემუშავებული კანონპროექტებით აკეთებს, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ 2001 წლის სექტემბერში გაავრცელა განცხადება, რომელშიც თვითმკვლელობათა რიცხვის ზრდა საქართველოში სექტების მომრავლებით ახსნა.
XS
SM
MD
LG