Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კეთდება მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად


თბილისში მომხდარი მიწისძვრიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

ამის მიზეზი, როგორც ყოველთვის, ფინანსების უკმარისობაა. ხელისუფლებამ დღემდე მიწისძვრით დაზარალებულთა, უსახლკაროდ დარჩენილთა მხოლოდ ნაწილის დასახმარებლად საჭირო თანხა შეაგროვა. 11 ივნისს თბილისის მერიაში გამოქვეყნდა წესი, რომლის საფუძველზეც განაწილდება დახმარება.

25 აპრილს თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ სხვადასხვა ხარისხის ზიანი მიაყენა დედაქალაქის მოსახლეობას. ამ ზიანის ანაზღაურება მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სპეციალური ფონდის მეშვეობით უნდა მოხდეს, მაგრამ რაკი ხელისუფლებას საჭირო ფინანსები არ გააჩნია, ამიტომ ფონდში აკუმულირებული თანხების ყველაზე მეტად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყენებას აპირებენ. სანამ ფონდში თანხები გროვდებოდა, მისი ხელმძღვანელობა ამუშავებდა თანხების გამოყენების წესს, რომელიც ამიერიდან ფონდის ფინანსური სახსრების ხარჯვას მოაწესრიგებს. დღემდე სულ 1,6 მილიონი ლარის შეგროვება მოხერხდა და ფონდის წარმომადგენელი გიგა ბათიაშვილი იმედოვნებს, რომ ამ თანხით 200-მდე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის დახმარებას შეძლებენ.

[გიგა ბათიაშვილის ხმა] „წესი გულისხმობს შემდეგს, რომ ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს ქალაქი, ფონდი, შესაბამისად, დაზარალებულებისთვის ისეთი პირობების შექმნა, დახმარების სახით, რა თქმა უნდა, რისი საშუალებაც გაგვაჩნია, რომ რისკის ფაქტორი შევამციროთ, თუ ღმერთმა დაიფაროს და კვლავ რაღაც ბუნებრივ კატაკლიზმებს ექნება ადგილი, ვთქვათ,იგივე მიისძვრა რომ განმეორდეს. ამიტომ ვარჩიეთ ფულის მიცემას შევუძინოთ ბინები კაპიტალურ სახლებში.“[სტილი დაცულია]

ეს დაზარალებული ოჯახების ზარალის კომპენსაციას არ ნიშნავს და ბინების შეძენა მხოლოდ დახმარებას წარმოადგენს. ანუ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები მიიღებენ არა ადრინდელი ფართის შესაბამის საცხოვრებელს, არამედ მხოლოდ სანიტარულ მინიმუმს - ერთ სულ მოსახლეზე 9 კვადრატული მეტრი მოცულობის საცხოვრებელ ფართს.

ზარალის კომპენსაცია მეორე ეტაპის სამუშაოა და ის როდის დაიწყება, ჯერ არავინ იცის, თუმცა ცხადია მექანიზმი, რომლის მიხედვითაც კომპენსაცია განხორციელდება. სახლების მშენებლობისათვის ვარგისიან ფართობზე შესაბამისი საინვესტიციო პროექტები შემუშავდება, რომელთა განხორციელების შემდეგაც დაზარალებულებს ადრინდელი საცხოვრებელი ფართი დაუბრუნდებათ. დაზარალებულთა ნაწილისთვის - იმათთვის, ვინც მცირე ფართის ბინაში ცხოვრობდა - ახლანდელი დახმარების წყალობით მიღებული საცხოვრებელი მომგებიანია, მეორე ნაწილი კი, რომელსაც სანიტარულ მინიმუმზე გაცილებით მეტი ფართი ჰქონდა, ალბათ, კომპენსაციას დაელოდება.

ჯერჯერობით კი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების რაოდენობაც კი არაა დაზუსტებული და მხოლოდ მათი სავარაუდო რაოდენობა სახელდება. გიგა ბათიაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახთა რიცხვი ხუთასს უახლოვდება, მათგან 130-მდე კარვებში ცხოვრობს, ნაწილი კი უფუნქციოდ დარჩენილი ინსტიტუტების შენობებშია განთავსებული.

დაახლოებით 200 ოჯახის დახმარება „ბანკი ქართუმ“, ბადრი პატარკაციშვილმა და ახალმა მემარჯვენეებმა მოახერხეს. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდში დაგროვებული თანხით, 1,6 მილიონი ლარით, 200-მდე ბინის შეძენა იგეგმება, თანაც იმ რაიონებში, სადაც დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობდა. 100 ოჯახი კი ჯერჯერობით დახმარების პერსპექტივის გარეშეა დარჩენილი. მათი ბინით უზრუნველყოფა მხლოდ მას შემდეგ მოხერხდება, რაც ფონდში ახალი დამატებითი ფინანსები შევა.

მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი დაზიანებული სახლების სარემონტო სამუშაოების დაწყება და რომ მიწისძვრის სალიკვიდაციო ფონდის სახსრები თავიდანვე ამ მიმართულებით არ წარიმართოს, ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია, 11 ივნისს გამოქვეყნებული წესის მიხედვით, მხოლოდ ფონდთან შექმნილ საზოგადოებრივ კომისიასთან შეთანხმების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, სახელმწიფო კანცელარიის წინ მიწისძვრიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყო დაზიანებული სახლების შეკეთება, თუმცა არა ფონდის თანხებით. როგორც ჩანს, სახელმწიფომ რაღაც სპეციალური სახსრების მობილიზება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდში მთავრობას ჯერჯერობით 100-მდე უბინაოდ დარჩენილი ოჯახის ბინებით უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა არ გადაურიცხავს.
XS
SM
MD
LG