Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანას მთელი კატეგორიულობით ითხოვს


20 ივნისს იწურება ვადა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანის საკითხი უნდა განეხილა და გადაეწყვიტა კიდეც, მაგრამ,

არსებული ინფორმაციით, 20 ივნისამდე პარლამენტი აფხაზეთის საკითხზე მსჯელობას არც აპირებს. ასეა თუ ისე, აფხაზეთის დევნილმა ხელისუფლებამ და აფხაზეთის დეპუტაციამ, რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციასთან ერთად, თადარიგი წინასწარ დაიჭირა და პარლამენტის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანის მოთხოვნის იგნორირებას მასიური საპროტესტო აქციები მოჰყვება.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძრა და ამიტომ დღემდე ვერც ქვეყნის კონსტიტუციაში აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის ავტონომიებთან დაკავშირებით დარჩენილი სიცარიელე შეივსო. ხელისუფლება უწინდებურად დინჯად ელის აფახაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რეალურად უნდა აღდგეს და კონსტიტუციაშიც რეალობა უნდა აისახოს. როდემდე გასტანს ეს მოლოდინი, არავინ იცის, ამიტომ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება ითხოვს, აფხაზეთი საქართველოს კონსტიტუციას მაინც დაუბრუნონ.

მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ეს არ უნდა გაიგივდეს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასთან. სტატუსი - თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის წესი - მომავალში კონსტიტუციური კანონით უნდა განისაზღვროს.

რა ბედი ელის კონსტიტუციაში საგანგებოდ დარჩენილი სიცარიელის შევსების მოთხოვნას, ვერ გეტყვით. ერთია, რომ საქართველოს პარლამენტს, საკუთარი დადგენილების თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი 20 ივნისამდე უნდა განეხილა, ამ ვადის ამოწურვამდე კი საკამოდ ცოტა დრო რჩება. არსებობს ინფორმაცია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა 3 თვის წინ მიღებული დადგენილების შესრულებას არ აპირებს. მეორეა ის, რომ 20 ივნისს დევნილთა საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. თუ კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანის საკითხი არ გადაწყდება, დევნილები მასიურ საპროტესტო აქციებს მიმართავენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ გვერდით იქნება “ეროვნულ ძალთა გაერთიანება” და “ნაციონალური მოძრაობა”. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, საჭიროების შემთხვევაში, სამოცი ათასამდე აფხაზეთიდან დევნილის ქუჩაში გამოყვანას ვარაუდობს.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] “უნდა დამთავრდეს საუბარი აფხაზეთის სახელზე. მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ეს ასახული უნდა იყოს კონსტიტუციაში. მოვითხოვთ 20 ივნისს პარლამენტმა განიხილოს ეს საკითხი და მივმართავ აფხაზეთიდან დევნილებს, ამ დღეს შეიკრიბონ პარლამენტის შენობასთან. ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია და, თუ პარლამენტი აფხაზეთის სტატუსის განხილვაზე უარს იტყვის, შესაძლოა, დევნილთა სამოცათასიანი მიტინგით მოვითხოვოთ საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენი სახელისა და გვარის შეტანა.“

ეს განცხადება ნადარეიშვილმა ჟურნალისტთა სახლში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. იქ წარმოდგენილმა აფხაზეთის დეპუტაციამ, ფრაქცია “რეფორმატორებისა” და “მრეწველების” წარმომადგენლებმა, აგრეთვე, “ეროვნულ ძალთა გაერთიანების” წევრებმა მიმართეს პარლამენტს თხოვნით, დროულად გადაწყდეს კონსტიტუციაში აფხაზეთის შესახებ ჩანაწერის შეტანა და განხილულ იქნეს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული უმწვავესი საკითხებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გარანტირებული იქნება. ჟურნალისტთა სახლში შეკრებილებს დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ერთი გამაფრთხილებელი აქციის 20 ივნისამდე ჩატარების იდეაც შესთავაზა.

მსგავსი მოვლენები, 20 ივნისის გარდა, შესაძლოა, 31 ივლისსა და 1 აგვისტოს დაუკავშირდეს. 31 ივლისი არის თარიღი, რომელიც, ტრადიციულად, რუსეთის სამშვიდობო მისიისთვის მანდატის ამოწურვისა და გაგრძელების საკითხს უკავშირდება. 1 აგვისტოს კი ქართველი პარტიზანების მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ვადა იწურება. რას იზამენ ისინი და რა გზას დაადგება აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება, ამის შესახებ ნადარეიშვილი 1 აგვისტოს იტყვის.
მანამდე ის იტოვებს მცირე იმედს, რომ ხელისუფლება რაღაცის შეცვლას შეეცდება.
XS
SM
MD
LG