Accessibility links

თურქეთის რელიგიურ ცხოვრებაში ქალთა უფლებამოსილებები ფართოვდება


გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” დღეს თურქეთს მივაშურებთ,

და ამ ქვეყნის რელიგიურ ცხოვრებაში ერთი მეტად საყურადღებო სიახლის შესახებ გიამბობთ: საქმე ეხება ქალებისათვის რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილეობის ისეთივე უფლების მინიჭებას, როგორითაც მამაკაცები სარგებლობენ.

მამაკაცებსა და ქალებს შორის არ არსებობს ”სამართლებრივი, მორალური ან სოციალური სხვაობა” – ასე დასაბუთდა გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ქალის როლს თურქეთის რელიგიურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართულ 4-დღიან სემინარზე მიიღეს მუსლიმანმა სასულიერო პირებმა და სწავლულებმა. როგორც მაისის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, ახალი რელიგიური კოდექსი, მაგალითად, ითვალისწინებს ქალებისათვის უფლების მიცემას, მამაკაცებთან ერთად დაესწრონ ლოცვას მეჩეთში, თუმცა მათ ცალკე დარბაზს მიუჩენენ; ქალებს შეუძლიათ აგრეთვე, დაესწრონ დაკრძალვის ცერემონიას, მაგრამ ისინი უკანა რიგებს უნდა დასჯერდნენ, ვინაიდან წინ დგომა მამაკაცების პრივილეგიაა.

ასე რომ, როგორც ჩანს, არც რელიგიური რეფორმის შემდეგ გახდება თვალსაჩინო, რომ ”სამართლებრივი, მორალური და სოციალური ცხვაობა” მამაკაცებსა და ქალებს შორის მართლაც არ არსებობს.

აქამდე რელიგიურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობას თურქეთში, რომ იტყვიან, დაუწერელი კანონები განსაზღვრავდა: მორწმუნე ქალებს არ მართებდათ მეჩეთებში სიარული და საჯარო ლოცვაში მონაწილეობა, რაც მათ რელიგიური რიტუალის ჩატარების ერთადერთ ადგილად, ფაქტობრივად, საკუთარ ბინას უტოვებდა. სტამბულის სემინარზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა ზოგიერთი სხვა საუკუნოვანი ტრადიციაც - მაგალითად, ქალებისთვის, მენსტრუაციის დღეებში ლოცვის, ან ყურანის კითხვის აკრძალვა.

როგორც თურქეთის ყოველდღიური გაზეთი ”ჰურიეთი” იუწყება, ქვეყანაში მუსლიმანთა სათვისტომოების საქმიანობის გამოკონტროლებელი უწყების, ”რელიგიის საკითხების დირექტორატის” ხელმძღვანელმა, მეჰმეტ ნური ილმაზმა გამოაცხადა, რომ რიგითი მორწუნეების შემთხვევაში თითოეული მათგანის ნებაა, გაითვალისწინებს თუ არა ახალ წესებს. აი, სასულიერო პირები კი არა მარტო უნდა დაემორჩილონ გადაწყვეტილებას, არამედ მზად უნდა იყვნენ სიახლესთან დაკავშირებით საზოგადოებაში წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ასევე ”ჰურიეთში” გამოქვეყნებული ცნობით, სტამბულის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა, იაშარ ნური იოზთურქმა რელიგიური რეფორმით გათვალისწინებულ ზოგიერთ სიახლეს ”რევოლუციური” უწოდა.

ჩვენმა თანამშრომელმა, ჟან-კრისტოფ პეკმა კი შეიტყო, რომ არაერთი ექსპერტი რეფორმის წინაპირობებს საზოგადოების განწყობაში ხედავს. ამ ექსპერტებს შორის არის პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო კვლევის ცენტრის თურქი თანამშრომელი, სემიჰ ვანერი, რომლის შეფასებით, რელიგიის საკითხების დირექტორატმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტა, ფეხი აეწყო სოციალური ცვლილებისათვის, რომელიც ყველაზე თვალშისაცემია მსხვილ ქალაქებში: [სემიჰ ვანერის ხმა] ”ვფიქრობ, ამ სფეროში რეფორმა უკვე სახეზე იყო, თუმცა ის, გარკვეულწილ სტამბოლით, ანკარითა და სხვა მსხვილი ქალაქებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ ამ სიახლეს რელიგიური საკითხების დირექტორატი არ აღუშფოთებია. ჩემი შეფასებით, მან უბრალოდ გადაწყვიტა, აჰყოლოდა მოძრაობას, ის პროცესის ინიციატორი არ ყოფილა. პროცესი უკვე გამოკვეთილი იყო და დირექტორატმა ამჯობინა, მისთვის ხელი არ შეეშალა.”

როგორც ცნობილია, თურქეთი სეკულარული ქვეყანაა- ანუ რელიგია პოლიტიკური ცხოვრებიდან, სახელმწიფოს მართვიდან გამიჯნული სფეროა. ასეა მას შემდეგ, რაც 1923 წელს თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა და მომდევნო წელს ხალიფატი გაუქმდა. ამასთან, რესპუბლიკის ფუძემდებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ გადაწყვეტილებით, რომელიც ისლამური კანონების მომხრეთა უკურეაქციის შიშს ეფუძნებოდა, რელიგია საზოგადოებრივ ცხოვრებიდანაც გაიმიჯნა. 40-იანი წლების მეორე ნახევარში კი, თურქეთში პოლიტიკური დემოკრატიზაციის პერიოდში, მკაცრი სეკულარული პრინციპები შერბილდა, რისი ნიშანიც იყო, მაგალითად, რელიგიური განათლების აკრძალვის გაუქმება.

მას შემდეგ თურქეთის საზოგადოებაში მრავალი საყურადღებო ცვლილება მოხდა, რომელთაგან ბოლო, გადაწყვეტილება რელიგიურ ცხოვრებაში ქალების როლის გაზრდის შესახებ, თურქი ქალების უმეტესობის ერთსულოვან რეაქციას იწვევს. აი, რას ამბობს პარიზის სოციოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ნილუფერ გოული: [ნილუფერ გოულის ხმა] ”ჩემი აზრით, ეს რეფორმა მოასწავებს მოულოდნელ დაახლოებას ქალების სხვადასხვა ჯგუფს შორის – ესენი არიან, ერთი მხრივ, სეკულარიზმის მომხრე ქალები, რომელთაც ყოველთვის სურდათ მეჩეთში ყოფნისა და ზოგჯერ მამაკაცებთან ერთად ლოცვის უფლების მოპოვება; მეორე მხრივ, არიან ისლამისტი განათლებული ქალები, რომელთაც ასეთივე მოთხოვნები ჰქონდათ, და მესამე ჯგუფს შეადგენენ ტრადიციების ერთგული მორწმუნე ქალები. ამ სამ სხვადასხვა ჯგუფს შორის აქამდე არ არსებული დაახლოება გამოიკვეთა”.

გოული ფიქრობს, რომ ახალი რელიგიური ლიბერალიზაციის მიმართ მუსლიმანი სასულიერო პირების დამოკიდებულება გვაჩვენებს, როგორ იმოქმედებს რეფორმა საზოგადოებაზე: უნდა მოველოდეთ თუ არა კონსოლიდაციას, რომელიც ქალთა ჯგუფებს შორის შეინიშნება. [გოულის ხმა] ”დღეს სეკულარიზმის მომხრე ქალებს შორის სახეზეა შემდეგი ტენდენცია: ისინი, პოლიტიკური ისლამის გაძლიერების საპასუხოდ, ცდილობენ აჩვენონ, რომ შეუძლიათ მეჩეთში სიარული და სეკულარიზმის პრინციპებით ცხოვრება. მეორე მხრივ, ისლამისტმა ქალებმა დაიწყეს ადგილის დამკვიდრება სეკულარულ სივრცეში, პარლამენტსა თუ უნივერსიტეტებში, რასაც არაერთხელ მოჰყოლია საზოგადოების უკმაყოფილება. ასე რომ ვნახავთ, რა მოჰყვება რელიგიურ რეფორმას: ამ ორი სივრცის დაახლოება თუ პირიქით, მათ შორის ახალი სხვაობა და ახალი სოციალური კონფლიქტი.”

დაბოლოს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალის, თავსაფრის შესახებ: სტამბოლის სემინარის მონაწილეები არ შეხებიან მისდამი დამოკიდებულებას, რომელიც ქვეყანაში აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას იწვევს. ამ საკითხის განხილვა შემდგომისათვის გადაიდო. მანამდე კი თავსაფარი (უცხოეთის თვალში მორწმუნე მუსლიმანი თურქი ქალის განუყოფელი ატრიბუტი) კვლავინდებურად აკრძალული რჩება პარლამენტში, უნივერსიტეტებსა და სხვა ოფიციალურ დაწესებულებებში. თურქეთი თავგამოდებით იცავს სეკულარულ პრინციპებს.
XS
SM
MD
LG