Accessibility links

logo-print

შანხაის ჯგუფი ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა პარასკევს, 7 ივნისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ექვსი-წევრი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს სანკტ პეტერბურგში და ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას,

რომელიც ითვალისწინებს ტერორიზმთან ბრძოლას, რეგიონული კონფლიქტების პრევენტირებას, შუა აზიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და აგრეთვე ეკონომიკურ თანამშრომლობას, როგორც ჯგუფის ყველაზე პრიორიტეტულ გრძელვადიან ამოცანას.

ორგანიზაცია დაარსდა 1996 წელს ჩინეთის ქალაქ შანხაიში და მისი ამოცანა ჩინეთსა და შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საზღვარზე დაძაბულობის განელება იყო. ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, თავდაპირველად შანხაის ხუთეული ეწოდებოდა. როცა შარშან მას უზბეკეთი მიუერთდა, ჯგუფმა სახელი შეიცვალა და გახდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლიც ყურადღების ცენტრში ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან და სეპარატიზმთან ბრძოლა მოექცა.

სანკტ პეტერბურგში ხელმოწერილ პოლიტიკურ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია აპირებს აწარმოოს მოლაპარაკებები ისეთი პირობების შექმნის თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტიციებს და აგრეთვე მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გრძელვადიანი პროგრამის დამუშავებას.

დოკუმენტის თანახმად, უპირატესობა მიენიჭება შემდეგი ტიპის პროექტებს: სატრანსპორტო ქსელის, ელექტროსადგურებისა და წყალგამოყენების დანადგარების შექმნას და აგრეთვე საწვავის გამომუშავებასა და ექსპორტს.

სამიტის მონაწილეების აზრით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.

სერგეი ბლაგოვი, მოსკოველი ექსპერტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეებში, სკეპტიკურად უყურებს სანკტ პეტერბურგში გაკეთებულ დაპირებებს. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან თქვა, რომ წარსულში შუა აზიის ქვეყნები სწრაფად ივიწყებდნენ თავიანთ დაპირებებს როცა საქმე მათ ეროვნულ ეკონომიკას ეხებოდა.

ამასთან, ბლაგოვი აღნიშნავს, რომ შეხვედრას პოზიტიური მხარეც ჰქონდა. რუსეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ყაზახეთის ნედლი ნავთობის რუსეთის მილსადენების სისტემით ტრანსპორტირების შესახებ.
ლაპარაკია წელიწადში 20 მილიონ ტონა ნავთობზე.

[ბლაგოვის ხმა] “ეს ძალიან მნიშვნელოვანია მილსადენთა სისტემების კონკურენციის თვალსაზრისით, სახელდობრ ყაზახეთ-ნოვოროსიისკის და ბაქო-ჯეიჰანის მილსადენებს შორის. სულ ცოტა ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმება იქნა ხელმოწერილი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის კულუარებში. და შესაძლებელია, შანხაის ორგანიზაციას მნიშვნელობა ჰქონდეს აქტუალურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში”.

ბლაგოვი აღნიშნავს, რომ მთავარი განსხვავება შანხაის თანამშროლობის ორგანიზაციასა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სხვა დაჯგუფებებს შორის მასში ჩინეთის მონაწილეობაა.

ჩინეთი ამას წინათ მიიღეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელში შესასვლელად რუსეთიც ემზადება, რაც წააქეზებს ამ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ამავე დროს, მოსკოვსა და ვაშიგტონს შორის ურთიერთობათა გამაგრების ფონზე, განსაკუთრებით 11 სექტემბრის შემდეგ, პეკინი თითქოს განზე რჩება. სანამ პუტინი დასავლეთისკენ შებრუნდებოდა, რუსეთსა და ჩინეთს შორის ე.წ. “სტრატეგიულ პარტნიორობას” ჰქონდა ადგილი, რომლის მიზანი იყო შეერთებული შტატების გლობალურ დომინირებასთან დაპირისპირება.

თუმცა სამიტის დაწყებამდე პუტინი შეეცადა დაერწმუნებინა ჩინეთის პრეზიდენტი ძიან ზემინი, რომ მოსკოვი პეკინის ერთგული რჩება, ორივე მხარე ცალ-ცალკე განაგრძობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობათა გაუმჯობესებას.

ისე, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი არა იმდენად ერთმანეთთან ურთიერთობების გამტკიცება,არამედ შეერთებულ შტატებთან დაახლოება არის.
XS
SM
MD
LG