Accessibility links

უნიკალური მუზეუმი, რომელიც ყველას გადაავიწყდა


ამ დღეებში თბილისში მოეწყო გამოფენა, რომელმაც ხელოვნების მოყვარულებს უნიკალური მუზეუმის არსებობა გაახსენა – მუზეუმისა, რომელსაც არა აქვს საგამოფენო დარბაზი, მაგრამ აქვს უმდიდრესი კოლექცია:

ეროვნულ გალერეაში კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის ექსპონატები გამოიფინა.

“სად მდებარეობს თბილისის კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმი?” – პოპულარულ სატელევიზიო თამაშს თუ გავიხსენებთ, დანამდვილებით ვიტყვით; ოცი ათასს აუცილებლად მოიგებს ის, ვინც ამ კითხვაზე უპასუხებს. წლების მანძილზე მუზეუმმა იმდენი შენობა გამოიცვალა, რომ, შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი თვით ამ უნიკალური საცავის თანამშრომლებსაც გაუჭირდეთ – იმ თანამშრომლებს, რომლებიც, ფორმალურად, მუზეუმის შტატში ირიცხებიან, მაგრამ მუშაობის უფლება, ფაქტობრივად, წართმეული აქვთ – აბა, რა აზრი აქვს იმუშაო მუზეუმში, რომელსაც არა აქვს საექსპოზიციო დარბაზი, რომლის ექსპონატები თხუთმეტი- ოცი წელია საცავებში ინახება და, თუ ხელისუფლებას ამ საცავების არსებობაც გადაავიწყდა, დაუბინავებელი მასალა ცოტა ხანში შეიძლება საერთოდ განადგურდეს.

ამიტომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეებში “ცისფერ გალერეაში” მოწყობილი გამოფენა არ იყო ჩვეულებრივი ექსპოზიცია, რომელმაც ამ მუზეუმის მასალები გაგვაცნო – ეს გამოფენა უფრო აქციას ჰგავდა. საზოგადოებას გაახსენეს, რომ საქართველოში არსებობს მუზეუმი, რომლის მსგავსი კულტურული დაწესებულება მსოფლიოში ძალზე ცოტაა. თავის დროზე კინოს, დრამატული და მუსიკალური თეატრის მხატვართა ნამუშევრებს ასე ერთად მოუყარეს თავი სწორედ თბილისში, რადგანაც ქართულ კულტურაში დეკორატიული ხელოვნება, კერძოდ კი, თეატრისა და კინოს მხატვრობა განსაკუთრებით ფასობდა, რადგანაც მეოცე საუკუნეში, ფაქტობრივად, არ ყოფილა შემთხვევა ქართველ მხატვარს კინოსა თუ თეატრში არ მოესინჯა თავისი ძალა, რადგანაც ქართული თეატრი და კინო ყოველთვის გამოირჩეოდა სახვითი გადაწყვეტის მაღალი კულტურით. მიუხედავად ამისა, საქართველოში მთელი თაობები გაიზარდა ისე, რომ პირველად მხოლოდ ამ დღეებში, ეროვნულ გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე, მიეცა საშუალება ენახა სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის კოსტიუმებისა და თეატრალური დეკორაციების ესკიზები, სერგო ქობულაძის, თამარ აბაკელიას, აგრეთვე, ქართველ “60-იანელთა” ნამუშევრები, შესრულებული ეკრანისა და სცენისთვის. ამ ექსპონატების ერთად თავმოყრა ქმნის ქართული კინოსა და თეატრის ისტორიის სახეს. კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმის შენობის გარეშე დატოვება კი ამ ისტორიის მიმართ ჩვენი ხელისუფლების გულგრილობას წარმოაჩენს. მუზეუმი, რომელიც, ფორმალურად, კულტურის სამინისტროს ექვემდებარება, არაერთხელ “გააძევეს” შენობიდან იმ პირობით, რომ უკეთეს ფართს გამონახავდნენ. მაგრამ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება. შესაძლებელია, პრობლემა გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ მუზეუმის ექსპონატებს ქართველი თეატრალები, კინემატოგრაფისტები და მუსიკოსები “გაიყოფენ”... ისე, როგორც მთელ მსოფლიოში. მაგრამ ჯერ ერთი, ასეთი დაქუცმაცებით “დაზარალდება” მუზეუმის კონცეფცია, მეორეც – თუნდაც კინოს მუზეუმი რომ შეიქმნას, ამისათვის ქვეყანაში სინემატეკა მაინც უნდა ფუნქციონირებდეს, დედაქალაქის თეატრებში უნიკალური კოლექციის დაცვის გარანტია უნდა არსებობდეს. ყველაფერ ამას კი ისევ და ისევ თანხა სჭირდება. თუმცა თბილისელები ისე აღფრთოვანდნენ ეროვნულ გალერეაში მოწყობილი ექსპოზიციით, რომ მაინც გაჩნდა რაღაც იმედის მსგავსი – არ არის გამორიცხული, რომ ამ მუზეუმით ოდესმე მაინც დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები, რომლებმაც ბოლო დროს კარგი მხატვრობის დაფასება დაიწყეს. სხვა საქმეა, დაუთმობს თუ არა სახელმწიფო ვინმეს მუზეუმს, რომელსაც თავად ვერ პატრონობს.
XS
SM
MD
LG