Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ადგილობრივი არჩევნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნას


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგები დააჯამა და გამოაქვეყნა კიდეც. ეს შედეგები საბოლოოა.

მისი გადახედვის მიღწევა, ერთადერთი, სასამართლოს გზით შეიძლება. ცალკეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა სასამართლოს უკვე მიმართეს. არჩევნების შედეგების გადახედვის მოთხოვნით სასამართლოს, შესაძლოა, იმ საგამოძიებო კომისიამაც მიმართოს, რომელსაც 1999 წლიდან ჩატარებული არჩევნების შესწავლა ევალება. პარლამენტის საგამოძიებო კომისია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უნდა დაკომპლექტდეს.

ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგები დადგენილია და საბოლოო შედეგებად არის ცნობილი. გამოქვეყნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება 2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ. ამავე განკარგულებით, ბათილად არის ცნობილი თბილისის ორი საარჩევნო უბნის შედეგები. დადგენილია, რომ კენჭისყრაში თბილისის 279018 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 572888 – ით არის განსაზღვრული.
ასეთია თბილისში შემდგარი არჩევნების ოფიციალური შედეგები. არაოფიციალური მონაცემებით კი, ბათილად ცნობას დედაქალაქის მრავალი საარჩევნო უბნის შედეგები ექვემდებარება. სერიოზული დარღვევები მრავალ უბანზეა გამოვლენილი და არსებობს სერიოზული ეჭვიც, რომ, სამართლიანობის პირობებში, ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნას წინ არაფერი დაუდგებოდა.

ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა და თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების ხელახალ შემოწმებაზე უარი თქვა, არჩევნების შედეგების შემოწმების მოთხოვნის კანონიერებაზე სასამართლოს მოუწევს მსჯელობა.
უზენაეს სასამართლოში უკვე შეტანილია ბლოკის “ ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის” სარჩელი. მოსარჩლე მხარე ითხოვს, სასამართლომ აღადგინოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაუქმებული გადაწყვეტილება და არჩევნების გამყალბებლების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოკვეთოს. უზენაესი სასამართლოსგან უარის მიღების შემთხვევაში ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი” სტრასბურგში იჩივლებს. თბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაჩივრების საშუალება პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც ექნება, რამდენადაც, 2 ივნისის არჩევნების - და არა მარტო ამ არჩევნების - შესწავლამ, რაც ამ კომისიას პარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული დადგენილებით დაევალა, წესით და რიგით, მრავალი სერიოზული დარღვევა უნდა გამოავლინოს.
საქართველოში ჩატარებული არჩევნების ბნელი მხარეების შემსწავლელი კომისიის დაკომპლექტება მომავალ კვირაში უნდა მოხდეს. უკვე მიდის საუბარი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურებზეც. ერთ -ერთ ასეთ კანდიდატურად სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილიც სახელდება.
მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოუწევს მუშაობა, ეს ერთი, და მეორე - არჩევნების შესწავლის ურთულესი პროცესი ტექნიკურად და ფინანსურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა იყოს დაცული. საგამოძიებო კომისიის წევრებს - არც მეტი, არც ნაკლები - ცენტრალური საარჩევნო კომისიის არქივთან ექნებათ საქმე, ანუ მასალასთან, რომლის შესწავლაც ბევრის ინტერესს ეწინააღმდეგება. ცნობისათვის: საგამოძიებო კომისიას ექნება 1999 წლის საპარლამენტო და 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების დეტალური შესწავლის საშუალება, განსხვავებით 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, რომელზე გამოყენებული ბიულეტენებიც 2 წლის წინ განადგურდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ბიულეტენებს 2 ოთახი ეკავა და მათი დაწვა ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნამ განაპირობა.
XS
SM
MD
LG