Accessibility links

logo-print

შეასრულებს თუ არა რუსეთი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შუამავლის როლს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი კვლავ ჩიხშია შესული.

გაეროს გენერალური მდივნის და მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის პროექტის განხილვას სოხუმის ხელისუფლება ისევ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო ელჩის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომამდე დოკუმენტის განხილვასთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ იქნა, უშიშროების საბჭოს შესაბამისი დასკვნის გაკეთება მოუწევს.

მეორე დღეა, სოხუმში იმყოფება რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი, რომელიც სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების გარდა, მოინახულებს გუდაუთის სამხედრო ბაზას და კოდორის ხეობას.
მართალია, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მან პირნათლად შეასრულა ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილება გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ოფიციალური თბილისი კვლავინდებურად მოითხოვს მისი წარმომადგენლების მონაწილეობას ბაზის მონიტორინგში. რუსეთის მხარე ამ მოთხოვნას ობიექტურს უწოდებს, მაგრამ ქართველი ექსპერტების მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდის სოხუმის ხელისუფლება, რომელიც, ამავე დროს, თანხმდება გუდაუთის ბაზის საერთაშორისო მონიტორინგს.
პრობლემის სათავე გუდაუთის სამხედრო ბაზაზე არსებულ ქონებაა. მართალია, რუსეთის სამხედროებმა, გუდაუთის მაცხოვრებელთა მიერ მოწყობილი პიკეტის მიუხედავად, სამხედრო ტექნიკის ნაწილი თითქოს გაიტანეს აფხაზეთიდან, მაგრამ სოხუმის ხელისუფლება არ მალავდა, რომ შეიარაღების ნაწილი თავის საკუთრებად მიაჩნდა და საბრძოლო იარაღის გატანას შეეწინააღმდეგებოდა. ანუ რეალურად რა გაიტანეს რუსეთის სამხედროებმა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან და რა დაუტოვეს “მადლიერ” მასპინძლებს – უცნობია. ისევ აფხაზური მხარის განცხადებებს თუ გავიხსენებთ, – მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ სოხუმის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კოდორის ხეობა მფრინავი საშუალებებით სწორედ მან დაბომბა, - ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რამდენად გაძლიერდა აფხაზური მხარის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი.
გარდა ამისა, საქართველოს მხარე აპროტესტებს სოხუმის ხელისუფლებისთვის საბრძოლო შეიარაღების გადაცემის ახალ ფაქტებსაც. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბაშიძემ ბოლო პრესკონფერენციაზე შეშფოთება და აღშფოთება გამოხატა უკანასკნელ ხანებში აფხაზეთში იარაღის მსხვილი პარტიების შეტანის გამო.
აფხაზეთში საომარ მოქმედებათა განახლების შემთხვევაში მასში რუსეთის იძულებით ჩართვასთან დაკავშირებით გარკვეულ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მედიაც. ინტერნეტული გამოცემა “ვესტი” ასეთ პერსპექტივას უკავშირებს რუს პარლამენტარებს, რომლებმაც ცვლილება შეიტანეს რუსეთის კანონში მოქალაქეობის შესახებ, რითიც უმალ ისარგებლეს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გამოცემის ცნობით, სოხუმის სახელისუფლებო წრეები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას დიდ აგიტაციას უწევენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელები არც მალავენ, რომ მათ დიადი რუსეთის სიყვარული კი არა, მერკანტილური მიზანი ამოძრავებთ. ანრი ჯერგენიას განცხადებით, თუ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირთა რაოდენობა 50 ათასს გადააჭარბებს, “არაორდინარული” სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იქნება, ჩაერიოს თავისი მოქალაქეების ბედში. სხვათა შორის, სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია არც მალავს, რომ თავადაც, დიდი ხანია, რუსეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG