Accessibility links

logo-print

საქართველოს საპატრიარქო საზოგადოების ზნეობაზე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი როგორ დავიცვათ თანამედროვე საზოგადოების ზნეობა მავნე ზეგავლენებისგან – ასეთი იყო კონფერენციის თემა, რომელიც 12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

საპატრიარქოს მიერ სპეციალურად ამ თემატიკისადმი მიძღვნილ ბროშურაში ნათქვამია, რომ მავნე ზეგავლენების წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან მათ სასარგებლოდ, მასმედიის სახით, მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს. “მასმედიის საქმიანობა ტრადიციული ღირებულებების ნგრევისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული, არამედ, პირიქით, პროპაგანდას უნდა უწევდეს მაღალ ზნეობრიობას,” – მოუწოდებს პრესრელიზი, რომელიც კონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს დაურიგდათ.

პრესრელიზის თანახმად, ბოლო წლებში ხდება საზოგადოების მკვეთრი პოლარიზაცია, როცა, ერთი მხრივ, იზრდება მორწმუნეთა რიცხვი, რომელთა ცხოვრების წესზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს რელიგიური მორალის ნორმები, მეორე მხრივ კი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ქრისტიანული ზნეობისთვის მიუღებელი ღირებულებები. [ირინა ბიბილეიშვილის ხმა] “ზნეობისა და უზნეობის ღირებულებათა თანამედროვე გადაფასებამ მრავალი სატკივარი გააჩინა და ბუმერანგივით მოტრიალდა კაცთა მოდგმის თავზე. ნარკომანია, პროსტიტუცია, სადიზმი, მაზოხიზმი, ნეკროფილია, პედოფილია… ეს გადახრებია და არა ქცევის ნორმა”.

საპატრიარქოს საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლის ირინა ბიბილეიშვილის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილ თუ სხვა უზნეობებს ადგილი სამედიცინო ლექსიკონებში უნდა მივუჩინოთ და არა ქცევის ნორმებში. “როგორ ვებრძოლოთ ამ საშიშ სენს, როგორ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი ამ შემზარავ ცოდვათაგან?” – ეს იყო კითხვა, რომელზე პასუხის მოძებნაც წარმოადგენდა კონფერენციის მთავარ მიზანს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს მცდელობა მაინცდამაინც წარმატებული იყო.

მაგალითად, ერთი მხრივ, კონფერენციის მასალებში ნათქვამია, რომ “ზოგჯერ ჩვენს ეკრანებზე აჩვენებენ ფილმებს, რომელთა ჩვენება უცხოეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია”. მეორე მხრივ, ზოგიერთი გამომსვლელი ანტიქრისტიანული ზნეობის დამკვიდრებაში ბრალს სწორედ იმ ქვეყნებს სდებდა, სადაც საზოგადოებრივი ზნეობის დაცვას გაცილებით მაღალი კრიტერიუმებითუდგებიან. მაგალითად, პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი მიიჩნევს, რომ თუკი ადრე მამაკაცის გაუპატიურება მხოლოდ ჯარსა ან ციხეში შეიძლება მომხდარიყო, დღეს ეს უკვე სკოლებში ხდება, რაც მან დასავლეთის მავნე ზეგავლენას მიაწერა: [პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის ხმა] “აი, სადამდე მიგვიყვანა ჩვენ დასავლეთის ცივილიზაციისადმი არაკრიტიკულმა დამოკიდებულებამ…”

ზოგიერთი გამომსვლელი კიდევ უფრო შორს წავიდა. მაგალითად, კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ბადრი ჩლაიძის აზრით, ზნეობრივ ღირებულებათა მოშლის მიზნით, მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება არსებობს: [ბადრი ჩლაიძის ხმა] “მართლმადიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. ექსპერიმენტულ ბაზად შეირჩა: საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია და სხვა ერთმორწმუნე ხალხთა ტერიტორიები. ბრძოლა დაიწყო ფარული, ფსიქოტრონული, ყველაზე დამანგრეველი და ულმობელი, მათი მიზანი კი მადლის და სიწმინდეების მიტაცებაა.”

ამგვარი განცხადებების პარალელურად, კონფერენციაზე წაკითხულ ზოგიერთ მოხსენებაში სწორედ იმ პოზიტიური გამოცდილების გაზიარებაზე იყო საუბარი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში არსებობს, მოზარდი თაობის მავნე ზეგავლენებისგან დაცვის თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG