Accessibility links

logo-print

ტრადიციონალისტები თელავის რაიონის ექსგამგებლის მედეა მეზვრიშვილის წინააღმდეგ


ტრადიციონალისტთა კავშირის თელავის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მზადდება თელაველთა პეტიცია მოთხოვნით,

აღარ დაინიშნოს რაიონის გამგებლად საყოველთაოდ ცნობილი ქალბატონი, პრეზიდენტ შევარდნაძისა და მისი ოჯახის ერთგული მეგობარი მედეა მეზვრიშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავის რაიონის სოფელ კონდოლში იყრიდა კენჭს. დღეისათვის ქალბატონი მეზვრიშვილი კონდოლის ხუთკაციანი საკრებულოს წევრი და სოფლის გამგებლობის უალტერნატივო კანდიდატია.


ის, ვინც მედეა მეზვრიშვილის მრავალათწლიანი პოლიტიკურ-ბიუროკრატიული კარიერის ეტაპებით დაინტერესებულა და მისი ბოლოდროინდელი მოღვაწეობისთვისაც უდევნებია თვალყური, კონდოლის გამგებლობას მისთვის მცირე ასპარეზად მიიჩნევს და ეს ასეც არის: კონდოლის არჩევნებში მედეა მეზვრიშვილი სოფლის თავკაცობის სურვილით არ ჩაბმულა და ეს ადვილად იშიფრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონითაც, რომლის მიხედვით, სოფლის საკრებულოს ხუთკაციანი შემადგენლობიდან არჩეული თავმჯდომარე, იგივე გამგებელი, ავტომატურად ხდება რაიონის საკრებულოს ასოცირებული წევრი. სწორედ ამ ასოცირებულ წევრთაგან ერთ-ერთს და სასურველს ნიშნავს პრეზიდენტი რაიონის გამგებლად. თელავის რაიონში შემავალ თემთა და საკრებულოთა რაოდენობა სულ 19 შეადგენს, რაც სხვა სიტყვებით იმას ნიშნავს, რომ რაიონის გამგებლის კანდიდატურა პრეზიდენტმა 19 კაციდან უნდა შეარჩიოს. თელაველ ტრადიციონალისტთა აზრით, იქ, სადაც მედეა მეზვრიშვილისნაირი გამოცდილი კადრია, პრეზიდენტ შევარდნაძისთვის სხვა არჩევანი აღარ არსებობს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ მედეა მეზვრიშვილის წინასაარჩევნო მცდელობები: იმისათვის რომ კონდოლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა, ქალბატონი მეზვრიშვილი საქართველოს პარლამენტის კონდოლელ დეპუტატ დალი აბაშიძის ბინაში ჩაეწერა და ასე მექანიკურად იქცა კონდოლელად, რათა, როგორც ვვარაუდობთ, რაიონის გამგებლის პოსტს ხელახლა დაეპატრონოს.

[ნანა ქარჩაიძე-თუშიშვილის ხმა]“ასე მგონია, რომ სხვა შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან , ვთქვათ, როგორი რეპუტაცია, ვთქვათ, რკინის ქალი და ასე შემდეგ, სადღაცა პროვინციის კიდევ უფრო პორვინციულ სოფელში კენჭს ნამდვილად არ იყრიდა, ეს მიზანი რომ არ ყოფილიყო. ეს ასე იყო განზრახული. კიდევ ვიძახი, თუ ვიმნეს შეუძლია ასეთი სალდაფონის, უერთგულესი სალდაფონის შემართებით შეასრულოს დირექტივები პრეზიდენტის, ეს შეუძლია მხოლოდ ქალბატონ მედეას.”[სტილი დაცულია]
თელავის 1998 წლის მოწვევის საკრებულოს წევრ ქალბატონ ნანა ქარჩაიძე-თუშიშვილის ინტონაციით რომ განვაგრძოთ, ქალბატონმა მედეამ საქართველოს პრეზიდენტს ამ ათიოდე დღის წინაც დაუმტკიცა თავისი ენით აუწერელი ერთგულება, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თელავის რაიონში მოქალაქეთა კავშირის კონსერვატორულმა ფრთამ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა და ამით ლამის სენსაცია მოახდინა. შესაბამისად, გაჩნდა ტრადიციონალისტთა ავი წინათგრძნობით განპირობებული პროტესტი-თხოვნა, რომელიც ასე ჟღერს:
[გოჩა მამაცაშვილის ხმა]“ჩვენ ვთვლით, რომ კახეთში ქალბატონი მედეა მეზვრიშვილი არის ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის უკანასკნელი მოჰიკანი და ამიტომ პრეზიდენტს ვთხოვთ, ქალბატონი მედეა მეზვრიშვილი არ იქნას დანიშნული რაიონის გამგებლად.”
XS
SM
MD
LG