Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბანკო სისტემაში შესაბამისობის დასავლურ კრიტერიუმებს ამკვიდრებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბანკო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებისა და ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების პროფესიული ზრდისათვის საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება,

საქართველოს ეროვნული ბანკი აპირებს ”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილებები შეიტანოს და ბანკების მსხვილ აქციონერებსა და უმაღლეს მენეჯმენტს თამაშის ახალი წესები დაუდგინოს.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში მომრავლებულმა ”ჯიბის ბანკებმა”, სხვადასხვა სატრესტო –საფინანსო კომპანიებმა და ფინანსურმა აფიორებმა საბანკო სექტორის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბანკებში სადეპოზიტო ბაზა იზრდება და მოგების მაჩვენებელიც მცირედი, მაგრამ სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება, ბანკების მიმართ ნდობის აღდგენა მაინც ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საბანკო სექტორი ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სეგმენტია, რომელმაც მოახერხა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომსახურების ფორმების დანერგვა, თუმცა ბოლო პერიოდში პრობლემური საფინანსო ინსტიტუტების გაუქმების მთავარ მიზეზად მენეჯმენტის სისუსტე და საკრედიტო პორტფელების არასწორი მართვა სახელდება.
ბანკებზე ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ, რომელთანაც საქართველოც არის მიერთებული, შემუშავებულია სპეციალური საზედამხედველო ნორმები, რომელიც ბანკების მსხვილი აქციონერების და მენეჯმენტის პასუხისმგებლობისა და შესაბამისობის წესებს ითვალისწინებს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციებისა და ბაზელის კომიტეტის სტანდარტების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა ცვლილებები ”კომერციული ბანკების შესახებ კანონში”.
ამ ცვლილებების არსი გულისხმობს იმას, რომ ბანკის მართვის სადავეები ეპყრათ ისეთ ადამიანებს, რომელთაც საქმისადმი კეთილსინდისიერი და პროფესიული მიდგომა აქვთ. რადგან კომერციული ბანკების მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები და ადმინისტრატორები პასუხისმგებლები არიან საზოგადოების მიმართ, დაცული იყოს დეპოზიტების საიმედოობა და უსაფრთხოება, რამდენადაც მათ, ასევე, ევალებათ საბანკო მომსახურების დროულად და სრულყოფილად წარმოება, ბანკის ეფექტურად და მომგებიანად მართვა, შესაბამისად, ისინი საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდნენ.
ამისათვის, ახალი ნორმების თანახმად, აუცილებელია, რომ ბანკის მართვის უფლება ისეთ პირებს მიეცეთ, რომელთაც საბანკო საქმის წარმოებისათვის საჭირო ცოდნა და პროფესიული გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ უზრუნველყონ დეპოზიტართა ფულადი სახსრების საიმედოობა და უსაფრთხოება. საამისოდ, ისინი უნდა უპასუხებდნენ საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ შესაფერისობის კრიტერიუმებს.
ბანკის მართვაში, დირექტორთა გარდა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მსხვილი წილის მფლობელ აქციონერებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ამიტომ აუცილებელია ამ რგოლშიც დაწესდეს შესაბამისი კრიტერიუმები, რათა განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობა ბანკში განთავსებული სახსრების კეთილსინდისიერად განკარგვაში.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ ფინანსურად ძლიერი კომპანიები, რადგან ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს ბანკის სიძლიერეს.
ამ მხრივ, კრიტერიუმები დიფერენცირებულია მენეჯმენტისა და მსხვილი აქციონერებისათვის.
აღნიშნული ცვლილებების პაკეტი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებისა და საბანკო ასოციაციის მონაწილეობით მომზადდა, ამჟამად აპრობირებას გადის კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც იგი საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება დასამტკიცებლად.
XS
SM
MD
LG