Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პრეზიდენტი შეიძლება კანონის დარღვევაში დაადანაშაულოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საკანონმდებლო ხელისუფლება, შესაძლოა, მორიგი სამთავრობო კრიზისის მაპროვოცირებლად მოგვევლინოს.

პარლამენტში პრეზიდენტისადმი არცთუ ლოიალურად განწყობილი ძალები შეეცდებიან ხელიდან არ გაუშვან შანსი და შევარდნაძე და მისი მთავრობა საბიუჯეტო კანონმდებლობის და, შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევაშიც დაადანაშაულონ.
საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ”საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების შემდეგ”.
ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების კანონით გათვალისწინებული ვადა 1 ივნისია. ამ ნიადაგზე, საკანონმდებლო ხელისუფლების წიაღში, შესაძლოა, სერიოზული სკანდალი მომწიფდეს, რადგან მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ დოკუმენტს ძნელად თუ ვინმე დაარქმევს საბიუჯეტო მაჩვენებლების პროექტს ან, საერთოდ, ბიუჯეტთან ახლოს მყოფ დოკუმენტს.
წესით, ფინანსთა სამინისტროში მომზადებული მასალა უნდა მოიცავდეს მონაცემებს მომავალ წელს ნავარაუდევი შემოსავლებისა და ხარჯების და, ასევე, დეფიციტისა და მისი დაფარვის წყაროების თაობაზე. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, მთავრობის მიერ შემოტანილ დოკუმენტში მსგავსი არაფერია, უფრო მეტიც, რომან გოცირიძის განცხადებით, მასში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და საუბარია მხოლოდ ნაერთ ბიუჯეტზე, რომელსაც კანონმდებლობა არ იცნობს და მარტოოდენ ანალიტიკური დანიშნულების მატარებელია.
სხვათა შორის, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა და, შესაბამისად, პრეზიდენტი პირველად არღვევენ საკონსტიტუციო ვადას. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში წარდგენილი პროექტები ასევე შორს იყო რეალური ბიუჯეტისაგან და, როგორც წესი, მათი პერმანენტული კორექტირება ხდებოდა, ხელისუფლება, ფორმალურად, კანონის წინაშე პირნათელი იყო.
ფინანსთა სამინისტროს თავის გასამართლებლად მის წიაღში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები და ცოტა ხნის წინ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შერწყმის პროცესიღა დარჩენია, მაგრამ ის სტრუქტურა, რომელიც ბიუჯეტის პარამეტრების ფორმირებით არის დაკავებული, დიდი ხანია ფინანსთა სამინისტროს ქვესტრუქტურაა, ასე რომ, ახლად დანიშნული მირიან გოგიაშვილისათვის საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილს უსიამოვნება უკვე გამზადებული აქვს.
როგორც ჩანს, ხელისუფლებას, ბიუჯეტის შესახებ კანონის დაცვასთან ერთად, აღარც მისი პარამეტრების დროული დაგეგმვა და პარლამენტში წარდგენა ძალუძს.
ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს საშუალო და წვრილი ბიზნესი წარმოადგენს. საქართველოში ჯერ ეს სეგმენტი უმნიშვნელოდაა განვითარებული და ბიუჯეტისათვის მცირედი შემოსავლის მომტანია, თუმცა ხელისუფლება, დეკლარაციულად, ცდილობს ამ სექტორის განვითარებაზეც იფიქროს.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ გასულ კვირას საზოგადოებას 2002-2004 წლებში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა წარუდგინა.
მინისტრ გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ბოლო დროს მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოთა ზრდა შეინიშნება. 2002 წლის დასაწყისისთვის 60411 მცირე საწარმო იყო დარეგისტრირებული, როდესაც 2000 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 50039, ხოლო 2001 წელს 57231-ს შეადგენდა.
მიმდინარე წელს მიღებული კრიტერიუმებით, მცირე საწარმოთა კატეგორიას მიეკუთვნება ის, სადაც 20-მდე ადამიანი მუშაობს და საერთო ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს. საშუალო საწარმოში კი 100-მდე დასაქმებული ადამიანი უნდა იყოს, ხოლო წლიური ბრუნვა 1,5 მლნ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
სამინისტროს პროგრამის თანახმად, სახელმწიფოს მხარდაჭერა ორი მიმართულებით განხორციელდება. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო ფინანსური გარანტიების წარმოდგენა მცირე საწარმოთა კრედიტირებისთვის.
კრედიტები გაიცემა 1-დან 30 ათას ლარამდე არაუმეტეს 3 წლის ვადით, მთლიანად, არა ტრანშებით - პირველი სამი თვის მანძილზე.
ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დამფუძნებლები საქართველოს მოქალაქეები არიან ან საწესდებო კაპიტალის 75% საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ეკუთვნით.
მეორე მიმართულება იქნება დამწყებ ბიზნესმენთა ბიზნესის ორგანიზაციაში საინფორმაციო დახმარებითა და საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა.
მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სახბიუჯეტიდან 160 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება. ამას გარდა, სალიზინგო მომსახურებისთვის, იტალიასთან ერთობლივად, 1 მლნ ლარი გამოიყოფა. საინფორმაციო დახმარებისთვის 8 ათასი ლარია გათვალისწინებული. ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილთათვის გათვალისწინებულია 170 ათასი ლარის გამოყოფა.
პროგრამაში, ასევე, ნახსენებია საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ განხორციელებადი რიგი პროქტები.
მართალია, ამგვარი პროგრამის გაჩენის პრეცედენტი, თავისთავად, მისასალმებელია, მაგრამ თავად თანხები, რომელიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, ფაქტობრივად, მიზერულია. ამასთან, თუ გადანაწილების ქართულ მეთოდს მივიღებთ მხედველობაში, ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ ის მცირედი ნაწილიც კი, რომელსაც სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაიღებს, არამიზნობრივად წარიმართოს.
XS
SM
MD
LG